დოღი

დოღი

დოღი, ცხენოსნობის ერთ-ერთი სახე, ჯიშიანი ცხენების გამოცდა მათი უნარის (სისწრაფე, გამ- ძლეობა, ხტომა) გამოვლენისა და განვითარების მიზნით. შეჯიბრება იპოდრომზე ან სწორ ადგილზე დისტანციის სწრაფად გავლაში.

დ-ის სახეობებია: ს ა დ ა დ. – ტარდება 1000–4200 მ დისტანციაზე ცხენის ასაკის მიხედვით (2- იდან 4 წლამდე და მეტი), ეროვნული ს ა დ ა დ. – 8000–10000 მ-მდე დისტანციაზე (იხ. მარულა), დ ა ბ რ კ ო ლ ე ბ ე ბ ი ა ნ ა დ. – 2000–4000 მ დისტანციის საჭენებელ ბილიკებზე 5–12 მსუბუქი დაბრკოლებით, ს ტ ი პ ლ - ჩ ე ი ზ ი – მასიური, უძრავი დაბრკოლებებით (8–30 დაბრკოლება) 3200– 7000 მ დისტანციაზე (არანაკლებ 4 წლის ასაკის ცხენებისათვის).

დ-ში ჟოკეის (მხედრის) მასა (უნაგირიანად) მკაცრადაა რეგლამენტირებული (52–71 კგ დ-ის სახეობის, ცხენის სქესის, ასაკისა და კლასის გათვალისწინებით). საერთაშორისო საჭენებელი გამოცდებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ტრიუმფული თაღის, გეორგ VI-ისა და ელისაბედ II-ის პრიზების გათამაშება, აგრეთვე ლივერპულისა და პარდუბიცეს დიდი სტიპლ-ჩეიზები.

ქართველი ჟოკეებიდან ცნობილია კ. ავალიშვილი, რ-მაც რუს. წყაროების მიხედვით, 1912 გაიმარჯვა ლივერპულის სტიპლ-ჩეიზში. საერთაშორისო კლასის ჟოკეის კ. ყოჩიაშვილს მოგებული აქვს არაერთი პრიზი საერთაშორისო ასპარეზობაზე, გაიმარჯვა დიდ საკავშ. დერბიში (ულაყი „სუნგური", 1952; ფაშატი „არაგვა", 1954). მისი აღზრდილია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჟოკეი, ჩვენი თანამემამულე ნ. ნასიბოვი, რ-იც 1965–67 იყო ევრ. პრიზის მფლობელი (ულაყი „ანილინი").

კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ აგრეთვე ა. ხაინდრავა, გ. ქიქავა და ს. ვაჩნაძე. მოგვიანებით ქართველი მხედრები (ზ. გონჯილაშვილი, ვ. შელია, მ. სამუშია) მონაწილეობდნენ პარდუბიცეს სტიპლ-ჩეიზში. საუკეთესო შედეგი მათ შორის აჩვენა ზ. გონჯილაშვილმა. საქართველოში დ. (ხევსურეთში „ცხენნი", „ცხენდოღვი", თუშეთში „სადგინი" და სხვ.), მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრება, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვ. ხევსურეთში დ. იმართებოდა გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში; მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი იყო (5-იდან 35-მდე). მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ; ძუაფაფარი დაწნული და ფერადი ძაფებით შეკრული ჰქონდათ, თავკისერზე მძივღილით გამართული საფაფრე და საშუბლე ეკეთათ. უნაგირით მხოლოდ „სულის ცხენი" (მიცვალებულისათვის დაკურთხებული) იყო შეკაზმული. დ-ის ანუ „ცხენრბოლების" დღეს ტაბლის დალოცვის შემდეგ რიგში დაწყობილი მხედრები „სულის ცხენის" წინამძღოლობით სამჯერ შემოუვლიდნენ ფარდაგზე გაშლილ მიცვალებულის „ტალავართ" (სამოსელი) და გაემართებოდნენ მიცვალებულის ნათესავების სოფლებისაკენ. „ჭირის პატრონის" ნათესავი მხედრებს ტაბლას უდგამდა. ბოლო ტაბლიდან მხედრები „ჭირის პატრონის" სოფელში ბრუნდებოდნენ. აქედან იწყებოდა ნამდვილი შეჯიბრება. თუ შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მათ „მგებრები" – სხვა მხედრები ცვლიდნენ. გამარჯვებულ მხედრებს „ჭირის პატრონის" სოფელში ჯილდოს (საქონელი, იარაღი, ტანსაცმელი და სხვ.) ურიგებდნენ.

ლიტ.: ბალიაური მ., მაკალათია ნ., მიცვალებულის კულტი არხოტის თემში, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1940, [ტ.] 3; ოჩიაური ა., მიცვალებულის კულტი როშკასა და უკენახადუს თემებში, იქვე; ხიზანაშვილი (უ რ ბ ნ ე ლ ი) ნ., ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1940 (მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, [ტ.] 2); Элашвили В. И., Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб.,1973.

დ. გიორგაძე

ვ. ელაშვილი

ჯ. ზალდასტანიშვილი