დრანდის საეპისკოპოსო, აფხაზეთის (დას. საქართველო) საკათოლიკოსოს ერთ-ერთი ეპარქია. დაარსდა X ს. II ნახევარში სებასტოპოლისის (სოხუმი) ძველი ბერძნ. კათედრის ნაცვლად, რ-ის ცენტრი დრანდის ღვთისმშობლის ტაძარში (VIII ს.) იყო. დ. ს. მოიცავდა ტერიტორიას მდ. კოდორსა და ანაკოფიას (ახალი ათონი) შორის. დ. ს-ს მღვდელმთავარი ცნობილია დრანდელის სახელით. დღეისათვის ცნობილი პირველი დრანდელია საბა (XI ს. I მესამედი), რ-იც იხსენიება იოანე მახარებლის ხატის (XI ს.) წარწერაში. შემდეგი დრანდელია არსენი (XI ს. შუა წწ.), იგი მონაწილეობდა გიორგი მთაწმიდელის „თთუენის" (XI–XII სს.) სექტემბრის მასალის შედგენაში. ზოგადად XI–XIII სს-ით განისაზღვრება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მომხატველის გრიგოლ დრანდელის მოღვაწეობა. XIV ს. II ნახევრის მოღვაწე ნიკოლოზ დრანდელი მოხსენიებულია სინას მთის სულთა მატიანეში. XIV–XV სს. მიჯნის მოღვაწე ჩანს თევდორე დრანდელი, რ-იც თოფურიძეთა სასისხლო სიგელში (დაახლ. 1484–1510) იხსენიება. XVI ს. პირველი მესამედის მოღვაწეა მთავარეპისკოპოსი ელია, რ-იც მოქვის კათედრასაც განაგებდა. იგი იხსენიება მოქვის ომოფორის წარწერაში. XVI ს. 40-იანი წლების მოღვაწეა მიტროპოლიტი ფილიპე დრანდელი. იგი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510–65) ინიციატივით მოწვეულ დას. საქართვ. საეკლ. კრებაში, რ-მაც საეკლ. და ზნეობრივი ნორმების დასაცავად შეიმუშავა „კათალიკოსთა სამართალი". XVII ს. დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს მიწა-წყალი ანაკოფიიდან მდ. კელასურამდე, რის შედეგადაც შემცირდა დ. ს-ს ტერიტორია. 1634 წ. 18 მაისს ოსმალებმა ააოხრეს დრანდის ტაძარი და მისი შემოგარენი. XVII ს. 30–40-იან წლებში დრანდის კათედრაზე მოღვაწეობდა ევდემონ ჯაიანი. XVII ს. 60-იან წლებში ოდიშის სამთავროს ჩრდ.-დას. ნაწილში აფხაზთა გამუდმებული შემოსევების გამო ამ მხარის ეკლესიამონასტრებიდან, მ. შ. დრანდიდან, ქვეყნის შიდა რ-ნებში გადაიტანეს საეკლ. წიგნები, ჯვარ-ხატები და სხვა საეკლ. ინვენტარი. XVII ს. 60-იან წლებში დრანდაში მღვდელმთავარი არ ჩანს, თუმცა დრანდის კათედრა ჯერ კიდევ არსებობდა. 1681 აფხაზების მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდ.-დას. ნაწილის, მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ღალიძგა), დაპყრობის შემდეგ, დ. ს. გაუქმდა, რადგან აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის მოქმედება.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მაკარიანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, კრ.: არმაღანი, III, თბ., 1982.
ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962; ტ ა ბ ა ღ უ ა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბ., 1987; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947; Б е л о к у р о в С. А., Материалы для русской истории, М., 1888.
ბ. ხორავა