დუდუკი

დუდუკი

დუდუკი, აღმოსავლური წარმოშობის ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი.

შედგება ლულის, მილაკის, ხუფისა და რეგულატორისაგან. ამზადებენ უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8, ხოლო ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია ლულის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი. დ-ის ბგერათა რიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახშვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დ. არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი (იხ. დასტა). აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება.

XIX ს-იდან ძალზე გავრცელებული იყო ძვ. თბილისში. დროთა განმავლობაში მას რამდენადმე შეუცვლია პირვანდელი სახე და ორიგ. თბილისური იერი მიუღია (რამაც ვერსიაც კი გააჩინა მისი ქართ. წარმომავლობის შესახებ). დ-ს უკრავდნენ გლოვის (მასრაფი, ხამუხრა) და ლხინის (დილის საარი) დროს. მედუდუკეებს იწვევდნენ „ბატონებით" დაავადებული ბავშვების სამკურნალოდაც (იავნანას ჰანგის შესასრულებლად). სახელგანთქმული მედუდუკეები იყვნენ: არტემ კუპრიაშვილი (კუპრია, 1830–1916), პავლე მაისურაძე (1848–1917), დათა ზუბიაშვილი (1874–1933), ხაჩიკ ტალგაუკოვი (1907–1962), ქსოვრელები და სხვ.

გ. ჩხიკვაძე