დუკატი (ლათ. ducatus), XII–XIX სს. ევროპული მონეტა.
ტერმ. „დ." ამ სახელწოდების მონეტის მოჭრამდეც იხმარებოდა. არსებულ მონეტებზე ბიზანტ. იმპერატორები თავიანთ გვარსახელებს აწერდნენ. ასე გაჩნდა „დრაჰკანი-დ." (მიქაელ VII დუკას ოქროს მონეტა).
დ. მოხსენიებულია ქართ. წყაროებშიც. ვერცხლის დ. პირველად მოჭრა სიცილიის მეფე – როჯერ II-მ (1140). ვენეციაში 1283–84 დოჟმა ჯოვანი დანდოლომ დაიწყო ოქროს დ-ის მოჭრა.
ვენეციური მონეტის მასაა 3,559 გ. დ-ის შუბლზე გამოსახულია ვენეციის რესპ. მფარველი წმ. მარკოზი, რ-იც მუხლმოყრილ დოჟს გადასცემს ალამს. გარშემო ლათ. ზედწერილია: მარცხნივ – „წმინდა მარკოზი ვენეციისა", მარჯვნივ – დოჟის სახელი და გვარი, ალმის ტარის გასწვრივ – „ჰერცოგი", ზურგზე გამოსახულია ვარსკვლავებით გარშემოვლებული ქრისტე და წრიული ზედწერილი: „ქრისტეს საჰერცოგო, რომელსაც განაგებ, დეე გებოძოს შენ" (XV– XVIII სს.).
საქართველოში მიმოქცევაში იყო ვენეციური, ჰოლანდიური და უნგრული დ-ები, რ-თაც უწოდებდნენ ფლურს, ჰოლანდიურ დ-ებს – ასლანსაც.
დ. აღმოჩენილია მდ. ლეხურის ხეობაში, ქუთაისში, ანანურში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ახალსოფელსა (სოხუმის მუნიციპალიტეტი) და სოფ. ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). ინახება სხვადასხვა მუზეუმში.
ლიტ .: ქ ე ბ უ ლ ა ძ ე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVIII სს., თბ., 1971; Р о з а н о в С., Золотые „Лобанчики“, «Труды отдела нумизматики Гос. Эрмитажа», т. 1, Л., 1945.
რ. ქებულაძე