დუმასოკო

დუმასოკო

დუმასოკო (Suillus luteus), ქუდიანი სოკო.

ქუდის დიამეტრი 10 სმ-ს აღწევს, ზრდის პროცესში ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელდება, შუაში რჩება პატარა ბორცვაკი. ქუდის ზედაპირი ლორწოიანია, თავდაპირველად მუქი ყავისფერი, ზოგჯერ იისფერი გადაჰკრავს, შემდეგ უფერულდება. ქუდის ქვედა მხარე მოყვითალო ან მომწვანო-ყვითელი მილებიანი შრეა.

ფეხის სიგრძე 10 სმ-მდეა, ცილინდრული, ღია ყვითელი, აპკისებურსაყელოიანი. რბილობს ხილის სასიამოვნო სუნი აქვს. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება ნიადაგზე, მხოლოდ ფიჭვნარში, უფრო ხშირად ტყის ზედა ზონაში ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე.

დ-ს ძალიან ჰგავს ხორკლებიანი დ. (Suillus granulatus), რ-იც თავდაპირველად მოწითალოა, შემდეგ კი – ყვითელი, ფეხზე საყელო არა აქვს. იზრდება ასევე ფიჭვნარში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნარგავებში.

ორივე სახეობა გამოიყენება საკვებად.

ი. ნახუცრიშვილი