დუნენკო ტატიანა გრიგოლის ასული

ტ. დ უ ნ ე ნ კ ო როიალთან

დუნენკო ტატიანა გრიგოლის ასული (17. II. 1912, ქუთაისი, – 18. X. 1999, თბილისი), პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1984).

1949 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვ. კუფტინასა და ა. იოხელესის კლასები). 1930-იდან დ. იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის კონცერტმაისტერი. 1940–88 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო ხელოვნების კათედრაზე. როგორც კონცერტმაისტერი თანამშრომლობდა არაერთ გამოჩენილ ქართვ. მომღერალთან (ს. ინაშვილი, ნ. ქუმსიაშვილი, დ. ბადრიძე, ბ. კრავეიშვილი, პ. და მ. ამირანაშვილები, ნ. ცომაია, ნ. ხარაძე, მ. ნაკაშიძე, დ. გამრეკელი, დ. და ნ. ანდღულაძეები, ზ. სოტკილავა, ზ. ანჯაფარიძე, ც. ტატიშვილი, ლ. ჭყონია, პ. ბურჭულაძე, მ. თომაძე, თ. გუგუშვილი და სხვ.) და მათი შემოქმედებითი წარმატების თანამონაწილე იყო.

XX ს. 30-იან წლებში პროფ. მ. კამოევასთან ერთად შექმნა პირველი ქართ. საფორტეპიანო დუეტი. დ. ფლობდა ვრცელ საოპერო საკონცერტმაისტერო რეპერტუარს, იყო კლასიკოსთა თუ თანამედროვე საოპერო კომპოზიტორთა შემოქმედების შესანიშნავი ინტერპრეტატორი. ფართო იყო მისი კამერული და სოლო საფორტეპიანო რეპერტუარიც. დ-მ შექმნა ქართვ. პიანისტ-აკომპანიატორთა მთელი სკოლა.

ლ. ესაძე