გარსევანიშვილი გიორგი

გარსევანიშვილი გიორგი (დაახლ. 1680 – 20. VI. 1745, მოსკოვი), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე. დაახლოებული იყო მეფე ვახტანგ VI-ის ოჯახთან. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა ბაქარს და ვახუშტი ბატონიშვილს. 1724 ემიგრაციაში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. რუსეთში სხვა ქართვ. სასულიერო მოღვაწეებთან ერთად ჩაირიცხა სინოდის შტატში. შემდეგ მოღვაწეობდა მოსკ. ქართულ ახალშენში. 1730 მარტში ვახტანგ VI-მ და ბაქარმა საგანგებო დავალებით საქართველოში გამოგზავნეს. მას გამოჰყვა არქიმანდრიტი არსენიც (ფიცხელაური). 1737-იდან გ. საბოლოოდ დასახლდა მოსკოვში. დაკრძალულია ვსეხსვიატსკოეს ქართ. ტაძარში.

ფ. სიხარულიძე