დომესტიკოსი

დომესტიკოსი (ლათ. domesticus – სახლის მსახური), ბიზანტიური არმიის მაღალი თანამდებობა IX ს-იდან.

თავდაპირველად დ. უბრალო მოხელე, სასახლის გამგებლის რწმუნებული იყო და იმპერატორის დაცვას განაგებდა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, თრაკიაში, მაკედონიასა და მცირე აზიის თემებში მდგომი გვარდიის (სქოლების) უმაღლესი სარდალი გახდა.

X ს-ში მას ექვემდებარებოდა მხოლოდ აღმ. პროვინციების ანუ თემების ჯარი და ეწოდებოდა „აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი". იმავე საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა „დასავლეთის დიდი დომესტიკოსის" თანამდებობაც. როცა ბიზანტ. იმპერიის აღმოსავლეთის თემების უმეტესობა თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს, გაუქმდა აღმოსავლეთის დიდი დ-ის თანამდებობა და ბიზანტ. ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი გახდა დასავლეთის დიდი დ.

დ-ის თანამდებობებზე ინიშნებოდნენ უწარჩინებულესი ფეოდ. საგვარეულოების – ფოკათა, კურკუასთა, არგიროსთა, დუკათა წარმომადგენლები. XI ს. 70-იანი წლებიდან აღმოსავლეთის დიდი დ. გახდა ქართვ. ერისთავთერისთავის ვაჟი გრიგოლ ბაკურიანის ძე, რ-იც 80-იანი წლებიდან დასავლეთის დიდი დ-ის ტიტულს ატარებდა.

ლიტ.: ნ ო დ ი ა ი., დიდი დომესტიკოსის თანამდებობა XI ს. ბიზანტიური მასალების მიხედვით, «თსუ შრომები. არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა», 1984, ტ. 249; G u i l l a n d R., Études sur l’histoire administrative de Byzance, «Revue des Études Byzantines», 1951, t.8.

                                                                                                                          ნ. ლომოური