ეოლიელები (Aeoloi), ერთ-ერთი ძირითადი ძველი ბერძნული ტომი. თავდაპირველად თესალიაში ცხოვრობდნენ. ძვ. წ. XII ს-ში დორიელებისა და სხვა ბერძენ ტომთა ზეწოლის შემდეგ მცირე აზიის ჩრდ.-დას. ნაწილისკენ გადმოინაცვლეს და აქ, ტროას მახლობლად დაიდეს ბინა. ძვ. ბერძნ. ლიტ. ტრადიციის თანახმად, ე-მა ჯერ კიდევ საბერძნეთში ყოფნის დროს დიდი როლი შეასრულეს მეზობლად მცხოვრები აქაველების სავაჭრო ექსპანსიის განხორციელებაში მცირე აზიის სანაპიროებზე. ჰეროდოტესა და სტრაბონის ცნობებით, ბეოტიელთა ექსპანსია მცირეაზიის სანაპიროებისაკენ უმთავრესად მიმდინარეობდა ე-თა ფლოტის დახმარებით. სახელდობრ, ბეოტიელებმა ე-თან ერთად საფუძველი ჩაუყარეს საერთო კოლონიას – თრიკონიის კვიმეს. ე-ის მცირეაზიურ ქალაქთა შორის, სტრაბონის გადმოცემით, ყველაზე დიდი და გამორჩეული სწორედ ეს კვიმე იყო, რ-იც ფართო სავაჭრო-საკოლონიზაციო საქმიანობას ეწეოდა შორეულ პამფილიაში (ანატოლიის სამხრ. სანაპირო). ეს მხარე მდიდარი იყო ბუნებრივი ლითონით, აქედან გაჰქონდათ სპილენძი, უმეტესად კი რკინა ლითონით ღარიბ ეგეოსურ სამყაროში. პამფილიაში კვიმეს დაუარსებია ქ. სიდა, როგორც ვარაუდობენ, ძვ. წ. VIII–VII სს-ში. მაგრამ, ბიზანტ. ავტორის ევსები კესარიელის თანახმად, ქ. სიდა დაარსებულ იქნა დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ძვ. წ. 1405 (სავარაუდოდ, აქაველთა მიერ). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტოპონიმი სიდა საფუძვლად უდევს ბერძნ. სიტყვას სიდაროს (დორიული დიალექტი) – სიდეროს (იონიური დიალექტი) რაც ნიშნავს რკინას. სახელწოდება სიდა ძვ. წ. VIII–VII სს-ში ვრცელდება ბერძნებით (ძირითადად ე-ით) დასახლებულ სხვა ფაქტორიებშიც, სახელდობრ, ანატოლიის ჩრდ.-აღმ. რეგიონში, კოლხეთის მახლობლად, კოტიორას (მერმინდელი ფარნაკიის) მეზობლად მდებარე რკინით მდიდარ მხარეში. სტრაბონის გადმოცემით, ფარნაკიასთან (პონტოს სიდასა და მისი ქვეყნის სიდენეს მახლობლად) მის დროსაც წარმოებდა რკინის მოპოვება, უფრო ადრე კი მიწიდან იღებდნენ ვერცხლსაც. მემთამადნეები თავს ირჩენდნენ ლითონის მოპოვებით. ხსენებულ მემთამადნეებში იგულისხმებიან ლითონის, განსაკუთრებით რკინის მჭედლობაში დახელოვნებული პონტოსპირა ტომები, მ. შ. ხალიბები, რ-თაც ადრეანტ. ხანაშიც ეჭირათ ქ. სიდასა და მისი ქვეყნის მახლობლად მდებარე ტერიტორია – იასუნის კონცხის (ახლანდ. იაზუნბურუნის) ერთი სექტორი. ე-ის შემოღწევა შავიზღვისპირეთის ამ სანაპიროზე, ისევე როგორც პამფილიაში, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც განხორციელდა აქაველ ზღვაოსანთა მიერ ადრე ათვისებული გზით, მაგრამ აქაველთაგან განსხვავებით, ე-მა პონტოსპირეთში თავისი დასაყრდენი დასახლებების შექმნით შეძლეს აქ უფრო მკვიდრად ფეხის მოკიდება, რის შედეგადაც მათ ურთიერთობას ადგილ. მოსახლეობასთან უფრო რეგულ. ხასიათი მიეცა. შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე ე-ის მიერ დაფუძნებულ დასაყრდენ პუნქტებს შორის სიდასთან ერთად უთუოდ უნდა აღინიშნოს კარუსა, რ-იც ფსევდოსკილაკსს დასახელებული აქვს სინოპის მახლობლად, როგორც ელინური ქალაქი. კარუსა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი დასახლებათაგანი, საიდანაც ე-მა, და მათმა მოკავშირე ზღვაოსან-კოლონისტებმა ძვ. წ. VIII ს-იდან (უფრო ადრე თუ არა) წამოიწყეს შავი ზღვის სანაპიროზე რიგი დასაყრდენი პუნქტების შექმნით კოლხეთისაკენ გზის გაკვლევა და ამ სანაპიროს ბუნებრივ სიმდიდრეთა რეგულ. ათვისება. ამ პუნქტებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე ჰერმონასა, ტრაპეზუნტის მეზობლად, საიდანაც ადვილი იყო კავშირის დამყარება კოლხეთის სამხრ.-დას. სანაპიროსა და მის შიდა რეგიონების მოსახლეობასთან. სავაჭრო საქმიანობაში სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში ე-ის პარტნიორები თავიდანვე ბეოტიელები და თესალიელები იყვნენ, უფრო მოგვიანებით კი – ფოკიელები. იმავე ხანებში (ძვ. წ. VIII ს.) ერთნახევარი საუკუნით ადრე, ვიდრე ამ მხარეს მილეტელი იონიელები დაეუფლებოდნენ, ეგეიდელმა ზღვაოსნებმა – თესალიელებმა, ე-ის საზღვაო ძალების დახმარებით, როგორც ჩანს, დაიკავეს სინოპის ტერიტორია. ძვ. წ. 757–756 (ევსების ცნობით) ჰერმონასას მეზობლად დაარსდა ტრაპეზუნტიც. ე-ის სავაჭრო-საკოლონიზაციო საქმიანობის აღმავლობას აღნიშნულ ხანაში მოწმობს სტრაბონის ცნობაც, რომლის თანახმად ეოლიური კოლონიზაცია ოთხი თაობით (უთუოდ უფრო მეტითაც) წინ უსწრებდა იონიელთა გამოსვლას საკოლონიზაციო ასპარეზზე. ამრიგად, ეოლიელმა კოლონისტებმა და მათმა პარტნიორებმა თავიანთი სავაჭრო აქტიურობის ხანაში რკინის ფართო ექსპორტირების მიზნით შექმნეს დასაყრდენი პუნქტების – ფაქტორიების – მთელი ჯაჭვი ამ მხარიდან, უმთავრესად კი სამხრ.-დას. კოლხეთიდან. ძვ. წ. VIII ს-ში ამ რეგიონში დიდი რაოდენობით რკინის წარმოებას ადასტურებს ბოლო 30–40 წლის განმავლობაში სამხრ.-დას. კოლხეთის არაერთ ადგილას გამოვლენილი მდიდარი არქეოლ. მასალა (მძლავრი მეტალ. კერები რკინის სადნობი სახელოსნოებით მიკვლეულია სუფსა-გუბაზეულისა და ჩოლოქ-ოჩხამურის ხეობებში. ეს სახელოსნოები ძირითადად წინაანტ. ხანით თარიღდება). სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში ფაქტორიების შექმნით ეოლიელ და ეგეიდელ ზღვაოსნებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ სამხრ.-დას. კოლხეთიდან სავაჭრო ოპერაციების გადატანა ქვეყნის შუაგულისკენ, რიონისპირეთისა და ჩრდ. კოლხეთის მთისწინა ზოლისაკენ, სადაც რკინის წარმოებამ ძვ. წ. VII ს. დასაწყისიდან მანამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია მდ. ყვირილის ხეობაში, ახლანდ. სოფელ საირხის სანახებში, ე-ის მიერ ბერძნ.-მცირეაზიური სახელწოდებების – ფრიქსოპოლის – იდეესას შემოტანის ფაქტი. წარმოშობით ეოლიელი პოეტის, ჰესიოდეს პოემა თეოგონიაში კარგად ცნობილ მდინარეთა შორის დასახელებულია ფასისი და რესოსი. ამ მდინარეებს მკვლევარნი ფსევდოსკილაკს კარიანდელის მიერ მოხსენიებულ მდ. რისსთან (რიონის ზემო წელი) აიგივებენ. ასეთი ინფორმაცია ბეოტიაში მცხოვრებ პოეტს შეეძლო მიეღო მხოლოდ ეოლიურ და ბეოტიურ სავაჭრო წრეების წარმომადგენელთაგან, რ-ებიც კარგად იცნობდნენ შიდა კოლხეთის რკინით მდიდარ მთიან მხარეს, განსაკუთრებით რაჭას, სადაც სათავეს იღებდა რესოსი. მოსაზრებას ადრეული ხანიდან ჩრდ. კოლხეთის მთიან რეგიონებში ლითონის (უმთავრესად რკინის) მაძიებელი ე-ის შემოღწევის შესახებ ასევე ასაბუთებს კოლხეთის ჩრდ.-დას. ნაწილში (ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი) დადასტურებული ტოპონიმი სიდა. ეს სახელი ამჟამად ეწოდება სოფელს, რ-საც ჩამოუდის ამავე სახელწოდების მდინარე. სახელწოდება სიდა-ს დამოწმება კოლხეთის მთიანი რეგიონების მახლობლად, სადაც ძვ. წ. II ათასწლ. მეორე ნახევრიდან არსებობდა მძლავრი მეტალ. კერები (თავდაპირველად სპილენძის, უფრო მოგვიანებით კი რკინის ფართო წარმოებით), მიუთითებს რომ პუნქტი სიდა ჩრდ.-დას. კოლხეთში უნდა შეექმნათ იმავე ე-ს ძვ. წ. VII ს. შემდგომ. რკინის სადნობ ქურათა მრავალრიცხოვანი ნაშთები აღმოჩენილია, აგრეთვე, მდ. ენგურის ხეობის დასაწყისთან, სოფ. ჯვარსა და ლიაში. სავაჭრო ფაქტორია სიდას დაარსება კოლხეთის ჩრდ. მთისწინეთის მახლობლად, როგორც ჩანს, ემსახურებოდა ქვეყნის მთიანი ზონიდან ეოლიელ და სხვა ზღვაოსან-ვაჭართა მიერ რკინის ჩამოტანას, ხოლო ამ პუნქტის ადგილმდებარეობა სანაოსნო მდინარეების (ხუმუშკური, ღალიძგა და სხვ.) წყალშესაყარზე, ერთი მხრივ, მდ. ენგურისა და, მეორე მხრივ, ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, იმაზე მეტყველებს, რომ იგი წარმოადგენდა ჩრდ. კოლხეთის სხვადასხვა მეტალ. კერებიდან მოწოდებული რკინის თავმოსაყრელ ადგილს, საიდანაც ეს ლითონი უცხოეთში იგზავნებოდა. ეოლიელმა და ენეიდელმა (ბეოტიელმა) ზღვაოსან-კოლონისტებმა დიდი როლი შეასრულეს კოლხ.-მცირეაზიურ სამყაროთა ეკონ. დაახლოებაში. სწორედ მათი მეშვეობით ჩაება სამხრ.-დას. კოლხეთი, შემდეგ კი რიონისპირეთი და მის ჩრდ-ით მდებარე მთისწინა ზოლისა და ყვირილის ხეობის მოსახლეობა ადრეულ საერთაშ. ეკონ. პროცესებში, როგორც ლითონის წარმოებაში დახელოვნებული დიდი ტრად. მქონე საზ-ბა. ამ საერთო სამეურნეო-ეკონ. აღმავლობას ემთხვევა ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ძვ. წ. VIII ს. დასასრულიდან (კოლხას პოლიტ. გაერთიანების დაცემის შემდეგ) სწორედ რიონისპირეთის ჩრდ. მიმდებარე მხარეში (დღევანდ. სამეგრელოს მიწა-წყალზე) სამხრ-იდან გადმონაცვლებული კოლხთა სატომო ბირთვის თაოსნობით აღმოცენდა დას. ქართველური ეთნო-პოლიტ. წარმონაქმნი, რ-მაც მომდევნო ხანაში (ძვ. წ. VI ს.) წარმმართველი როლი შეასრულა კოლხეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში. ამავე დროს ნათლად წარმოჩნდა ისიც, რომ არქაულ ხანაში (ძვ. წ. VIII ს.), ვიდრე კოლხეთის სანაპიროს მისწვდებოდა მილეტელთა საკოლონიზაციო ტალღა, ე-ის და მათი მოკავშირე ბეოტიელთა და თესალიელთა მიერ შექმნილ დასახლებათა მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა კოლხეთის ეკონ. ურთიერთობების ახ. ფორმას – რეგულ. საგარეო ვაჭრობას. კოლხეთის ადრეულ ურთიერთობებში, გარდა ეოლიურ სამყაროსთან სავაჭრო-ეკონ. კონტაქტებისა, იკვეთება სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიც, ცნობილია, რომ ე-ის ქალაქები (კვიმე, ლირისა, მიტილენე – კუნძ. ლესბოსზე) ადრევე ჩამოყალიბდნენ ელინიური კულტ., ხელოვნ., მწერლობის, პოეზიის, მეცნ. უდიდეს ცენტრებად. ამდენად, ბუნებრივია, რომ ესოდენ დაწინაურებულ ცენტრებთან კავშირი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა კოლხეთის საზ-ბის სულიერი და მატერ. ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე. თავის მხრივ, კოლხური და ეოლიური სამყაროს დაახლოებას უნდა მოჰყოლოდა მათ კულტ. მონაპოვართა, რელიგ. რწმენა-წარმოდგენებისა და სამეურნეო ცოდნა-გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ამასთან ერთად მნიშვნელოვნად უნდა გაფართოებულიყო ამ ორი სამყაროს საზ-ბათა გეოგრ. თვალთახედვა, რამაც თავისი ასახვა პოვა ბერძნ. ლიტ-რის უძველეს ძეგლებში. სახელდობრ, შენიშნულია, რომ ძვ. წ. VIII ს. დასასრულს შექმნილი ნაწარმოების თეოგონიის ავტორის, ჰესიოდეს, გეოგრ. თვალსაწიერი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჰომეროსისა. როგორც ზემოთ ითქვა, ჰესიოდე პირველად იხსენიებს მდ. ფასისს და რესოსს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ბერძნ. მწერლობაში პოეტ ევმელე კორინთელთან (ძვ. წ. VIII ს. II ნახ.) პირველად ჩნდება რეალური მითითება კოლხეთის (კოლხიდის) მიწის შესახებ. კოლხეთისა და ეოლიური სამყაროს ეკონ. და კულტ. დაახლოებით უნდა აიხსნას ე-ის მიერ სამხრ.-აღმ. და აღმ. შავიზღვისპირეთში ბეოტიელ და თესალიელ ლეგენდარულ გმირებთან, მათ შორის ფრიქსესთან დაკავშირებული გადმოცემების ფართოდ გავრცელება. ამავე დროს უნდა შექმნილიყო ეოლიური ვერსიები ფრიქსეს მიერ სატაძრო ცენტრების, სამლოცველოების, სამისნოების დაარსების შესახებ კოლხეთის საზღვარზე, იბერიაში (ფრიქსოპოლისი), მოსხთა ქვეყანაში (ლევკოთეა, შტრაბო, XI, 2, 17), ასევე ფასისის შესართავში (ფრიქსეს ტაძარი და მისი სახელობის ჭალაკი, პომპონიუს მელა, I, 108). კოლხეთთან მჭიდრო კულტ. კონტაქტებით უნდა აიხსნას აგრეთვე ამავე ხანებში სხვადასხვა ვერსიის შექმნა აიეტის სიძის, ორქომენედან მოსული ფრიქსეს და მამამისის (ათამანტის) ეოლიური წარმომავლობის შესახებ. ამ თვალსაზრისით ფრიად საინტერესო ცნობებს გვაწვდის აპოლონიოს როდოსელი თავის არგონავტიკაში, რ-იც სხვა წყაროებთან ერთად იმ ძველ (სწორედ ძვ. წ. VIII–VII სს.) წერილობით ძეგლებს უნდა ემყარებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას აპოლონიოს როდოსელის პოემაში მდიდარი და ძლიერი კოლხთა მეფის აიეტის სამფლობელოს აღწერაზე, რ-შიც ისტ. სინამდვილე მჭიდროდ ერწყმის მითს არგონავტთა ლაშქრობის შესახებ.
ლიტ.: აფაქიძე ა., ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ინაძე მ., ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბ., 1994; მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974; ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957; ხახუტაიშვილი დ., რკინის წარმოების ძველკოლხური კერა სუფსა-გუბაზეულის ხეობაში. 1974 წ. არქეოლოგიური დაზვერვების მოკლე ანგარიში, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, [ტ.] 6, თბ., 1977; მისივე, მასალები ძველკოლხური რკინის მეტალურგიის ისტორიისათვის (ოჩხამურის ხეობა), იქვე, [ტ.] 7, თბ., 1978.
მ. ინაძე