ერზინჯანის დროებითი ზავი

ერზინჯანის დროებითი ზავი 1917, დაზავება ოსმალეთსა და ამიერკავკასიის კომისარიატს შორის ოსმ. ქალაქ ერზინჯანში (აღმ. თურქეთი). ამ დროს ოსმალეთი მძიმე მდგომარეობაში იყო, მარცხდებოდა როგორც კავკასიის ფრონტზე (რუსეთთან ომში), ისე მესოპოტამია-პალესტინის ფრონტზე (ინგლისის ჯარებთან ბრძოლაში), ამიტომ ოსმალეთი დაინტერესებული იყო კავკ. ფრონტზე დაზავებით. 1917 წ. 17(30) ნოემბ. კავკ. არმიის სარდალმა გენ. ი. ოდიშელიძემ მიიღო ოსმალეთის კავკ. არმიის სარდლის წინადადება, დაეწყო მოლაპარაკება დაზავების შესახებ. 21 ნოემბერს (4 დეკ.) ეს წინადადება განხილულ იქნა ამიერკავკასიის კომისარიატის სხდომაზე. ქ. ერზინჯანში გაიგზავნა ამიერკავკ. 5-კაციანი დელეგაცია, რ-საც ხელმძღვანელობდა კავკ. არმიის შტაბის უფროსი გენ.-მაიორი ე. ვიშინსკი. ოსმ. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ოსმალეთის კავკ. არმიის შტაბის უფროსი პოლკ. ომერ ლუთფი-ბეი. 4-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, 1917 წ. 5(18) დეკემბერს, ამიერკავკ. და ოსმ. წარმომადგენლებს შორის დაიდო უვადო დროებითი ზავი და დადგინდა სადემარკაციო ხაზი. ოსმალეთის და კავკასიის დაზავების პირობების თანახმად, ოსმალებს უფლება არ მიეცათ, გადაეყვანათ ჯარები მესოპოტამიის ფრონტზე, რაც დიდი შეცდომა იყო, თუმცა ოსმალები არწმუნებდნენ ამიერკავკ. დელეგაციას, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. ამან ოსმალებს საშუალება მისცა გაეძლიერებინათ კავკ. არმია და საჭირო დროს შეტევა დაეწყოთ. ამასთან ამიერკავკ. დელეგაცია დათმობაზე წავიდა და მიიღო ოსმალთა წინადადება: მხარეებისათვის სავალდებულო ყოფილიყო ბრესტის კონფერენციის გადაწყვეტილებები. ესეც აშკარა შეცდომა იყო. ამან საშუალება მისცა ოსმალეთს ბრესტის ზავის თანახმად ამიერკავკ. კომისარიატისაგან მოეთხოვა ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების გადაცემა. ე. დ. ზ. იყო ამიერკავკ. ქვეყნების მიერ უცხო სახელმწიფოსთან დადებული პირველი საერთაშ. ხელშეკრულება და ამდენად ის ისტ. მნიშვნელობისაა.

ლიტ.: თევზაია ბ., დროებითი ზავის ჩამოგდება ოსმალეთთან (დელეგატის მოგონება), გაზ. «დროება», 1917 წ. 22 დეკ., N223; სვანიძე მ., 1917 წ. 5(18) დეკემბრის ერზინჯანის დროებითი ზავი, კრ.: ქართული დიპლომატიის წელიწდეული, ტ. 4, თბ., 1997; Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии, Тб., 1990.

მ. სვანიძე