გოგიშვილი ბენიამინ გიორგის ძე (6. IV. 1925, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 28. X. 1982, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1970), საქართვ. დამს. გეოლოგი (1979).
1955 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1955-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახ. კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტში (1976-იდან იყო ჰიდროთერმული პროცესებისა და მინერალთა სინთეზის განყ-ბის გამგე). II მსოფლიო ომის მონაწილე.
გ. არის საქართველოში ორი ახ. მიმართულების (ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანების პეტროლოგია და ექსპერ. მინერალოგია) ფუძემდებელი. შეისწავლა კავკ. სხვადასხვა ტიპის ენდოგენური საბადოები, შეიმუშავა რეგიონული მეტალოგენიური ანალიზისა და საბადოების პროგნოზირების ახლებური საფუძვლები, დაადგინა ფერადი, იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ფორმირების კანონზომიერებები.
გ-ის გამოკვლევები საფუძვლად დაედო საქართვ. ზოგ რ-ნში ოქროს საბადოების ძებნასა და პროგნოზირებას (ბოლნისის რ-ნის მაგალითზე). შეიმუშავა ბუნებრივი მორდენიტის ტიპის ცეოლითის, ნატრიუმიანი მეტასილიკატისა და ვულკ. მინისაგან მინერალების მიღებისა და გალენიტის გადამუშავების იაფი და ეფექტური მეთოდი.
გ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 4 გამოგონების ავტორი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Некоторые вопросы генезиса рудных месторождений Сомхитско-Карабахской и Гагра- Джавской тектонических зон, Тб., 1979.
გ. გიგიაძე