გოგმაჩაძე გულადი ჯემალის ძე (დ. 17. II. 1962, სოფ. გვარა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი), აგროინჟინერი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2005).
1987 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი, 1987–92 მუშაობდა ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანებაში, ეწეოდა სამეცნ.- პედ. მოღვაწეობას ბათუმის სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტზე; 1993–99 მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში. 2000-იდან იყო რუს. ფედერ. სახელმწ. დუმის ექსპერტი სურსათის უსაფრთხოების საკითხებში. 2002-იდან სახელმწ. ფედერ. უნიტარული საწარმოს – „სრულიად რუსეთის ინფორმატიზაციის, აგრონომიისა და ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის" გენ. დირექტორია. 2004-იდან მოღვაწეობს მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ნიადაგმცოდნეობის ფაკ-ტზე.
გ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა: სიმინდის მოყვანის ტექნოლ. შემუშავება საქართვ. ტყის მურა და მდელო-ჭაობის ნიადაგებზე, გამოკვლევები სას.-სამ. სავარგულების ეკოლ. მდგომარეობის აგრომონიტორინგის პრობლემებზე, ადაპტურლანდშაფტური მიწათმოქმედების ბიოლოგიზაციის მოქმედების შეფასება ნიადაგის ნაყოფიერებასა და სხვადასხვა აგროფიტოცენოზებზე, მიწის ნაყოფიერების შეფასების ახ. მეთოდების დანერგვა. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 5 მონოგრაფია). გ. შეყვანილია ენციკლოპედიაში „რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწეები" (2007).
თხზ.: Возделывание кукурузы в Аджарии, Батуми, 1997; Агроэкологический мониторинг почв и земельных ресурсов Российской Федерации, М., 2010.