ეკონომიკური გეოგრაფია, მეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზებას ტერიტორიის მიხედვით, ადამიანთა ცხოვრების მოწყობის სივრცობრივ პროცესებსა და ფორმებს, პირველ ყოვლისა, წარმოების ეფექტიანობის თვალსაზრისით. არსებობს სხვა განსაზღვრებებიც. მაგ., ე. გ. შეისწავლის საზ. წარმოების სივრცობრივ კანონზომიერებებს, როგორც დარგობრივ, ისე რეგიონულ ასპექტში, ან ქვეყნების, რაიონების სამეურნ. თავისებურებებს, სივრცით სხვაობებს და სხვ. ე. გ. ეყრდნობა მოძღვრებას შრომის გეოგრ. დანაწილების შესახებ და წარმოების განლაგების თეორიას. ე. გ-ის ძირითადი კატეგორიებია: წარმოების განლაგების ფაქტორები და პირობები, ეკონ.-გეოგრ. მდებარეობა, ხოლო კვლევის ობიექტები – მეურნ. ტერიტ. სტრუქტურა სხვადასხვა ისტ. პირობებსა და სივრცობრივ (ადგილობრივ, რაიონულ, ეროვნულ, საერთაშორისო, გლობალურ) ჭრილში. ამ სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტებია – ეკონ. რაიონები, ტერიტ.-საწარმოო კომპლექსები, სატრანსპ. კვანძები, სამეურნ. ცენტრები და სხვ. ე. გ-ის კვლევის სფეროა აგრეთვე ბუნებრივი პირობებისა და რესურსების სამეურნ. შეფასება, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა. მეურნ. ცალკეული დარგების ტერიტ. ორგანიზებას, განლაგების თავისებურებებსა და კანონზომიერებებს სწავლობს ე. გ-ის დარგობრივი დისციპლინები: მრეწვ. გეოგრაფია, სოფ. მეურნ. გეოგრაფია, ტრანსპ. გეოგრაფია, მომსახურე სფეროს გეოგრაფია და სხვ. რეგიონული (ლოკალური, რაიონული, რაიონთაშორისი) დონის ობიექტების კვლევისას ე. გ. მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ ეკონომიკას; უფრო მაღალი იერარქიული დონის ობიექტებს სწავლობს ისეთი დისციპლინები, როგორიცაა მსოფლიო მეურნ. გეოგრაფია, საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია, სხვადასხვა ტიპის ქვეყნების გეოგრაფია და ა. შ. თანამედროვე ე. გ-ს აქვს კვლევის მეთოდების ფართო სპექტრი: საველე, შედარებითი, კარტოგრაფიული, ისტორიული, სტატისტიკური, მათემატიკური, სოციოლოგიური, დისტანციური, გეოინფორმაციული და სხვ. XVII ს-ში ევროპაში კაპიტალ. ეკონ. განვითარებასთან დაკავშირებით შეიქმნა ეკონ.-გეოგრ. შინაარსის ქვეყანათმცოდნეობითი შრომები, ხოლო XVIII ს-ში საფუძველი ჩაეყარა განსხვავებულ ეროვნ. სკოლებს გერმანიაში (კამერალური სტატისტიკა), რუსეთში (სადაც მ. ლომონოსოვმა 1760 პირველად იხმარა ტერმ. „ე. გ."), საფრანგეთსა და შემდეგ ინგლისში (კომერციული გეოგრაფია). მათი მიზანი იყო „აღწერილობითი სახელმწიფოთმცოდნეობის" ბაზაზე ინფორმაციის შეგროვება და სისტემატიზაცია, აგრეთვე სახელმწიფოსათვის მოხელეების მომზადება. XIX ს-ში გეოგრ., კერძოდ, ე. გ-ის (ხშირად მას სტატისტიკას უწოდებდნენ) სამეცნ. დარგად ფორმირებას ხელი შეუწყო კ. რიტერის, ფ. რატცელის, ი. ტიუნენის, ე. რეკლიუს, ხოლო შემდეგ – ა. ჰეტნერის, პ. სემიონოვტიანშანსკის, ა. ვებერის, პ. ვიდალ დე ლა ბლაშის და მათი მიმდევრების გამოკვლევებმა. თვით ტერმ. „ე. გ." სამეცნ. წრეებში დაინერგა 1882, როდესაც გერმ. მეცნიერმა ვ. გოცმა ამ დარგის ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა. ამავე პერიოდში გაჩნდა ფუნდამენტური ნაშრომები კომერციულ გეოგრაფიაში, რ-თა შორის მრავალჯერ გამოიცა და კლასიკურ წიგნად იქნა აღიარებული ინგლ. გეოგრაფის ჯ. ჩისჰოლმის „კომერციული გეოგრაფიის სახელმძღვანელო" (1889). 1910 ნიდერლანდში გამოვიდა მსოფლიოში პირველი „ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ - გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ი ჟურნალი", ხოლო 1914-იდან როტერდამში ეკონომიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის ე. გ. სავალდებულო საგანი გახდა. რუსეთში ე. გ-ის პირველი კათედრა სანქტ-პეტერბურგის პოლიტექ. ინ-ტში დააარსა პროფ. ვ. დენმა 1902. საბჭ. კავშირში XX ს. 30-იანი წლებიდან დაიწყო დარგობრივ-სტატისტ. მიმართულების შეცვლა რაიონული მიმართულებით. ნ. ბარანსკისა და მისი მიმდევრების (ნ. კოლოსოვსკის, ი. საუშკინის, ი. ვიტვერის, ი. მაერგოიზის, ო. კონსტანტინოვის, ვ. პოქშიშევსკის, ა. მინცის, ი. კომარის, ბ. გოხმანის და სხვ.) გამოკვლევების საფუძველზე შეიქმნა საბჭ. ეკონ.-გეოგრ. სკოლა, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დარგის განვითარებაში. კვლევის ობიექტების სოც. შინაარსის მეტად გაფართოებამ გარკვეული შეუსაბამობანი წარმოშვა ეკონ.-გეოგრ. ცნებებისა და კატეგორიების სისტემაში და თანდათანობით გამოიწვია მოსახლეობის გეოგრაფიის, ოციალური გეოგრაფიის, პოლიტ. გეოგრაფიის და სხვათა გამიჯვნა და ცალკეულ დამოუკიდებელ სამეცნ. დარგებად ჩამოყალიბება. ისინი „ტრადიციულ" ე. გ-თან ერთად ქმნიან დისციპლინების ერთობლიობას – ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ გ ე ო გ რ ა ფ ი ა ს, რ-ის ანალოგად დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში იხმარება ტერმ. „სოციოგეოგრაფია". ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს შესახებ ეკონ.-გეოგრ. შინაარსის საყურადღებო ცნობები მოცემულია ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოში „ბუნების კარი", აგრეთვე რევოლუციამდელი პერიოდის ზოგიერთი ქართვ. და უცხოელი მეცნიერის, მოგზაურისა და პუბლიცისტის ნაშრომებში. საქართველოში ე. გ-ს, როგორც სასწ. და სამეცნ. დარგს, საფუძველი ჩაუყარა გ. გეხტმანმა XX ს. 20-იან წლებში. მას ეკუთვნის საქართვ. შესახებ პირველი ეკონ.- გეოგრ. გამოკვლევები, სახელმძღვანელოები და ეკონომიკური დარაიონების სქემა. 50–70-იან წლებში საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის ე. გ-ის განყ-ბის (დაარსდა 1946) ხელმძღვანელის გ. გველესიანის უშუალო მონაწილეობითა და თაოსნობით განყ-ბა გახდა საქართვ. (როგორც მთიანი ქვეყნის), ცალკეული რ-ნებისა და სამეურნ. დარგების ეკონ.-გეოგრ. კვლევის წამყვანი საკავშ. ცენტრი. შემუშავდა ეკონომიკური დარაიონების ბადე, მომზადდა საქართვ. კომპლ.- გეოგრ. ატლასის ეკონ. რუკების სერია და აღიზარდა მეცნიერთა ახ. თაობა. ე. გ-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ვ. ჯაოშვილს, რ-მაც ქვეყნის სამეურნ. დარგების განლაგების საკითხების კვლევასთან ერთად საქართველოში საფუძველი ჩაუყარა მოსახლ. და ქალაქების ეკონ.- გეოგრ. შესწავლას. ამ ორი მეცნიერისა და მათი თანამშრომლების (რ. კვერენჩხილაძე, ე. კობახიძე, ვ. ნეიძე, ნ. დორეული, მ. შენგელაია, მ. ბოკერია, ჟ. ზონენაშვილი, ნ. დევიძე, ნ. ნადარეიშვილი, თ. ღვინიანიძე და სხვ.) მრავალწლიანი შრომის შედეგად მომზადდა და გამოიცა (ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ., პოლ. ენებზე) მონოგრაფიები საქართველოს, მისი ეკონ. რაიონებისა და ისტ.- გეოგრ. მხარეების, დედაქალაქის, სამრეწვ. კვანძების, რეგიონული ცენტრების შესახებ. მნიშვნელოვანი ფუნდამენტური გამოკვლევები მიეძღვნა საქართვ. ეკონ. დარაიონების (გ. გველესიანი, გ. ზარდალიშვილი), საწარმოო ძალების, მრეწვ., საკურორტო და ტურისტული მეურნ. (ე. კობახიძე), ტრანსპ. (რ. კვერენჩხილაძე) განვითარებისა და განლაგების საკითხებს. საყურადღებო ეკონ.- გეოგრ. ნაშრომები გამოიცა ავტონ. წარმონაქმნების: აფხაზეთის (შ. ლაშხია), აჭარის (ნ. ნიჟარაძე), ყოფ. სამხრეთ ოსეთის (რ. კვერენჩხილაძე) შესახებ. 70-იანი წლებიდან ძირითადად თსუ-ის ე. გ-ის კათედრაზე (დაარსდა 1923) მიზანმიმართულად წარიმართა საზღვარგარეთის ქვეყნების (უმთავრესად ახლო აღმოსავლეთის) შესწავლა (ნ. ნაჭყებია, რ. გაჩეჩილაძე, ა. რონდელი, ზ. დავითაშვილი, ვ. მელიქიძე, ფ. ზურიკაშვილი, ლ. მიქელაძე, გ. გოგსაძე და სხვ.), რამაც დადებითი როლი ითამაშა ქართ. დიპლ. და პოლიტოლოგიური კადრების მომზადებაში. საზ.-გეოგრ. კვლევის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს 2003 წ. გამოცემული რ. გაჩეჩილაძის მონოგრაფია „ახლო აღმოსავლეთი (სივრცე, ხალხი და პოლიტიკა)". საინტერესო ეკონ.-გეოგრ. გამოკვლევები მიეძღვნა საქართვ. საქალაქო აგლომერაციებს, შრომითი რესურსების დასაქმებისა და მიგრაციის (ვ. გუჯაბიძე, თ. გუგუშვილი) საკითხებს, აგროსამრეწველო კომპლექსებს, თბილ. კომპიუტერული ატლასის შექმნას (გ. ცაგარელი), მიწის რესურსების (ნ. კეკელია, ი. სალუქვაძე), ბუნებრივი რეკრეაციული რესურსების (ნ. პავლიაშვილი) შეფასებას, საქართველოში მომხდარი საომარი კონფლიქტებისა და სპორტის გეოგრ. შესწავლას (ვ. ნეიძე), ქვეყანაში მიმდინარე სოც.- ეკონ. პროცესების ანალიზს (რ. გაჩეჩილაძე, ა. გეგეშიძე) და სხვა აქტუალურ საკითხებს. სხვადასხვა დროს ქართ. ენაზე შეიქმნა ე. გ-ის ორიგინ. სახელმძღვანელოები საშ. და უმაღლესი სკოლებისათვის (გ. გეხტმანი, ლ. კარბელაშვილი, ვ. ჯაოშვილი, გ. ზარდალიშვილი, რ. კვერენჩხილაძე, ე. კობახიძე, ვ. ნეიძე, მ. ბოკერია, ზ. დავითაშვილი და სხვ.). ეკონ.-გეოგრ. კვლევის ფართო სპექტრია წარმოდგენილი სპეც. კრებულებში: „რეგიონული გეოგრაფია" (I ტ. – 1983; II ტ. – 1991), „საქართველოს მოსახლეობა და მეურნეობა" (1988; გეოგრ. ინ-ტის გამოცემა), თსუ-ის მიერ ვ. გუჯაბიძის რედაქტორობით გამოცემული ტომები (1976, 1983, 1988), სადაც ქართვ. ავტორებთან ერთად წარმოდგენილნი არიან ლოძისა და ბრატისლავის უნ-ტების მეცნიერები. უკანასკნელ წლებში ისევ აღდგა ქართვ. გეოგრაფების სამეცნ. კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან, აღსანიშნავია ბრიტანულ-ქართ. (1993, 1995, 1997), ფრანგულ-ქართ. (1993), რუსულ-ქართ. (1995), პოლონურ-ქართ. (1996), ისრაულ-ქართ. (2001–02) სემინარები. ეკონ.-გეოგრ. გამოკვლევები ძირითადად მიმდინარეობს თსუ-სა და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტში, ასევე საქართვ. სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
ლიტ.: გ ე ხ ტ მ ა ნ ი გ., საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, ტფ., 1925; თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა (ავტორთა კოლექტივი), თბ., 1989; საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. 2. სოციალურ-ეკონიმიკური გეოგრაფია (ავტორთა კოლექტივი), თბ., 2003; საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, წგ. 1–2, თბ., 1970–73; ჯ ა ო შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს მოსახლეობა. ისტორიულ-დემოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1996; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური გეოგრაფია, თბ., 1996; Г в е л е с и а н и Г. Г., Развитие и размещение социалистического производства в Грузинской ССР, Тб., 1965; Д ж а о ш в и л и В. Ш., Урбанизация Грузии, Тб., 1978; К в е р е н ч х и л а д з е Р. И., Гeографические проблемы транспорта Грузии, Тб., 1976; К о б a х и д з е Э. Д., Развитие и размещение производительных сил Советской Грузии, Тб., 1982; С а у ш к и н Ю. Г., Экономическая география: история, теория, методы, практика, М., 1973; С к о р и н А. Ю., Введние в экономическую географию, М., 2001.
ვ. ნეიძე