„ზემყრელო“

„ზემყრელო”, ქართული ხალხური ცეკვა, საბრძოლო შინაარსის სართულიანი (ორ და სამსართულიანი) ფერხული. მესხეთში მას „სამყრელოს” უწოდებენ, თუშეთში – „ქორბეღელას“, სვანეთში – „მირიმიქელას“. იგი ასახავს ომის დროს ციხე-სიმაგრეების დალაშქვრის მომენტს, როდესაც მეომრები ერთმანეთს მხრებზე ადგებოდნენ ციხის გალავანზე გადასასვლელად. ფერხულის მნიშვნელოვანი ელემენტია სართულებიდან მოწყვეტით ძირს დაცემა და ფერხულში ჩაბმა. „ზ-ს” მხოლოდ მამაკაცები ცეკვავენ. “ზ.” შორეულ წარსულში ნაყოფიერების ღვთაებასთან იყო დაკავშირებული. ფერხულის სამწილადი ზომა და სინკოპირებული რიტმი ბრუნვად მოძრაობას ორიგინ. იერს ანიჭებს.

ა. თათარაძე