ეკონომიკური კრიზისი

ეკონომიკური კრიზისი, კვლავწარმოების ციკლის ერთ-ერთი ფაზა, ღრმა წინააღმდეგობათა ყველაზე კონცენტრირებული, მძაფრი და დამანგრეველი გამოვლინება, როდესაც მკვეთრად უარესდება ქვეყნის ეკონ. მდგომარეობა. ე. კ-ის დროს მნიშვნელოვნად (ზოგჯერ არსებითად) ეცემა წარმოების დონე, ირღვევა ჩამოყალიბებული საწარმოო კავშირები, კოტრდება საწარმოები, სწრაფად იზრდება უმუშევრობა და შედეგად – ეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე. ე. კ. მოიცავს საკუთრივ კრიზისს, დეპრესიას, გამოცოცხლებას და აღმავლობას. იგი ამწვავებს სოც. წინააღმდეგობებს. წარმოების შემცირება და უმუშევრობის ზრდა გადაჯაჭვულია აგრარულ, საბირჟო, ფულად–საკრედიტო, სავალუტო, ფინანს. კრიზისებთან, რაც განსაკუთრებულად ამძაფრებს ინფლაციის პროცესს, რ-იც უფრო და უფრო უმართავი ხდება. ამასთან, კრიზისი პოტენციურად დადებითი თვისებების მატარებელიც არის. იგი განვითარების გარკვეული ეტაპისათვის არა მხოლოდ კრიტიკული წერტილი, არამედ ახალი, უფრო მაღალი ეტაპის წანამძღვარი და საწყისია. ე. კ-ში იგულისხმება აგრეთვე გაყინვა (უძრაობა, სტაგნაცია), შეჩერება, დამთავრება და იმავე დროს გამოცოცხლების, მოძრაობის დაწყების წანამძღვრებიც. ცნობილია ე. კ-ის ორი ძირითადი სახეობა: ჭარბწარმოებისა და ნაკლწარმოების. ჭ ა რ ბ წ ა რ მ ო ე ბ ი ს  ე. კ-ს (წარმოების მეტობა მოთხოვნასთან შედარებით) ახასიათებს პროდუქციის გასაღების სიძნელეთა უკიდურესი გამწვავება, არარეალიზებული პროდუქციის მარაგის ზრდა, მოწყობილობებსა და მშენებლობაზე შეკვეთების მკვეთრი შემცირება, სავაჭრო და სამრეწველო ფირმების მასობრივი გაკოტრება, საკრედიტო-ფინანს. სისტემის მოშლა, საქონლის წარმოების შეწყვეტა ან მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს უმუშევართა რაოდენობის სწრაფ ზრდასა და ხელფასის შემცირებას, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას. ჭარბწარმოების ე. კ. პერიოდულობით ხასიათდება. პირველი კრიზისი მოხდა ინგლისში (1825), სადაც ყველაზე ადრე განვითარდა კაპიტალისტური ურთიერთობანი. მას შემდეგ II მსოფლიო ომამდე ე. კ. მეორდებოდა ყოველ 8–10–12 წელიწადში, ომის შემდგომ კი მისი პერიოდულობა შემცირდა (3–5 წელიწადში ერთხელ) და კრიზისი ნაკლებად მწვავე გახდა. ომის შემდგომ წლებში ჭარბწარმოების ე. კ. წარმოიშვა აშშ-ში (1948–49, 1953–54, 1957–58, 1960–61, 1969–70, 1973–75 და ა. შ.) და სხვადასხვა დროს – რიგ სხვა ქვეყნებში. კაპიტალ. ქვეყნებისაგან განსხვავებით, სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი იყო ნ ა კ ლ წ ა რ მ ო ე ბ ი ს კრიზისი (წარმოების ჩამორჩენა მოთხოვნასთან შედარებით), რაც გამოიხატებოდა მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების ჩამორჩენით, ამასთან, მოთხოვნა მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობის გამო მკვეთრად ჩამორჩებოდა მოსახლეობის რეალურ მოთხოვნილებებს. ყოველივე ამას განაპირობებდა მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი. კერძოდ: წარმოების საშუალებებზე სახელმწ. საკუთრების აბსოლუტური ბატონობა; სამეურნეო საქმიანობის ზღვარდაუდებელი ცენტრალიზაცია, კონცენტრაცია და ბიუროკრატიზაცია სახელმწიფოს ხელში; კერძო საკუთრების, პირადი დაინტერესებისა და ინიციატივის, თავისუფალი კონკურენციისა და მეწარმეობის არარსებობა ან მაქს. შეზღუდვა; ეკონომიკის საბაზრო თვითრეგულირების თითქმის მთლიანად ჩანაცვლება არაეფექტური, წარმოების განვითარების ბუნებრივი პროცესების შემაფერხებელი ფაქტორებით. სახელმწ. ცდილობდა ეკონ. განვითარების აღურიცხავი პროცესები და მაჩვენებლები, მაგ., მილიონობით დასახელების საქონლის წარმოების ხარჯები, რ-ებიც მრავალ ელემენტს მოიცავდა (ფასები და მისი ელემენტები, ყველა საწარმოს შემოსავალი მოგება, რენტაბელობა ცალკეული საქონლის მიხედვით) ყველა დარგში, რეგიონში, მთელ უზარმაზარ იმპერიაში, ცენტრალიზებული წესით თვითონ განესაზღვრა, რაც რეალურად ყოვლად შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს საკმარისად კვალიფიციური სპეციალისტების უზარმაზარი არმია ემსახურებოდა. არსებითად ბიუროკრატ. აპარატის მუშაობა, როგორც წესი, უფრო ხელს უშლიდა, ვიდრე უწყობდა ეკონომიკაში ბუნებრივად მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების განვითარებას. ეს იყო მეურნეობრიობის საბჭ. სისტემის ერთ-ერთი პარადოქსი, რ-ისაგანაც თავის დაღწევის აუცილებელი პირობა იყო თვით საბჭ. სისტემის შეცვლა. აღნიშნული პარადოქსებისა და სხვა მანკიერებათა შედეგად საბჭ. სოც.-ეკონ. სისტემა, სოციალიზმის საბჭოური მოდელი, რეალურად ფსევდოსოციალიზმი, შეურიგებელ წინააღმდეგობაში მოვიდა იმ დროსთან რ-შიც მას უხდებოდა ფუნქციონირება. ასეთ სისტემას ობიექტურად არ შეეძლო დიდხანს ეარსება. განვითარების დიალექტიკა, კანონზომიერება მოითხოვდა საზ-ბის განვითარების ბუნებრივ რელსებზე გადასვლას. სწორედ ეს პროცესი თავიდან გაუბედავად, სპონტანურად დაიწყო XX ს. 80-იანი წლების შუახანებიდან, ხოლო უფრო რადიკალურად – 90-იანი წლების დასაწყისიდან. პროცესები უაღრესად რთული და მძიმე იყო პოსტსაბჭ. სისტემის ქვეყნებისათვის. ისტორიაში ცნობილია მრავალი ე. კ., რ-თაგან ძირითადად უნდა აღინიშნოს I და II მსოფლიო ომების შემდგომი კრიზისები. პირველი მსოფლიო ე. კ. იყო 1857. ყველაზე ღრმა, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მსოფლიო ე. კ. მოხდა 1929–33, რ-მაც შეარყია კაპიტალიზმის მსოფლიო ეკონომიკური სისტემა. ზოგიერთ ქვეყანაში სამრეწველო წარმოება შემცირდა 32–46%, კომპანიების აქციების კურსი დაეცა 48–87%. უზომოდ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. 1933 წ. 32 კაპიტალისტურ ქვეყანაში 30 მლნ. უმუშევარი იყო, მ. შ. აშშ-ში – 14 მლნ. II მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო ე. კ. განმეორდა 195–58 და 1974–75 წლებში, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებად მწვავე იყო. აღსანიშნავია, რომ ეკონ. ზრდის გრძელვადიანმა სახელმწ. პროგრამირებამ, რაც II მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელეს უმეტესმა კაპიტ. ქვეყნებმა, აგრეთვე ჯ. მ. კეინზის მიერ შემუშავებულმა ე. კ-ის რეგულირების თეორიამ და ამის საფუძველზე მთავრობათა მიერ განხორციელებულმა ანტიციკლურმა რეგულირებამ, გარკვეული მასტაბილიზებელი გავლენა მოახდინა კაპიტ. ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე. ე. კ-ები შემდგომ პერიოდშიც, მეტ-ნაკლები სიმწვავით მეორდებოდა, მაგრამ მათ უკანასკნელ დრომდე დიდი მასშტაბები არ მიუღიათ. 2008 წ. ზაფხულში აშშ-ში წარმოიშვა ფინანს. კრიზისი, რ-იც შემდგომ გადაიზარდა მსოფლიო ფინანს. და ეკონ. კრიზისში. ყველაზე განვითარებულ 30 ქვეყანაში უმუშევრობის დონემ, 2009 წ. მონაცემებით, 8,5 %-ს მიაღწია, რაც II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშ. სავალუტო ფონდის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკებმა (სახელმწიფოებმა, ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა, საერთაშ. საფინანსო ორგანიზაციებმა) გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად 10 ტრილიონი დოლარი დახარჯეს. მთელი მსოფლიო 2008–2010 წწ. განმავლობაში წარმოების შემცირების, უმუშევრობის ზრდის, მოხმარების შეკვეცის, ინფლაციის ზრდის მომსწრე გახდა. მიმდინარე კრიზისი იმდენად ღრმა და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მან ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის საკითხი. 2011-იდან ფინანსურმა კრიზისმა განმეორებით იჩინა თავი ევროზონაში. სახელმწიფო ვალების ზრდისა და საბიუჯეტო დეფიციტის გაღრმავების შემდეგ დეფოლტის წინაშე აღმოჩნდნენ საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ამ ქვეყნებში მდგომარეობა 2012-თვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა, მის პირველ ეტაპზე (1991–94) ღრმა, უმწვავესი კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი მიმდინარეობდა განვითარებული საბაზრო ეკონ. ქვეყნებისათვის დამახასიათებელი საქონლისა და მომსახურების არა ჭარბწარმოების ფონზე, არამედ უკიდურესი ნაკლწარმოების ბაზაზე, კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ეკონომიკის განვითარების დონის ამსახველი განმაზოგადებელი მაჩვენებლები და წარმოების მოცულობა, უკიდურესად მოიშალა საფინანსო სისტემა, ზღვარგადასულ მასშტაბებს მიაღწია ინფლაციამ, მინიმუმამდე დაქვეითდა მოსახლ. უდიდესი ნაწილის ცხოვრების დონე. 1994 წელს, 1990 წლის დონესთან შედარებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება შემცირდა 72,5%-ით. გარეეკონ. კავშირების მოშლამ, სათბობ-ენერგეტ. რესურსების მწვავე უკმარისობამ, სატრანსპ. კომპლექსის პარალიზებამ ქვეყნის მეურნ. ძირითადი დარგებიდან ყველაზე უარყოფითად მრეწველობაზე იმოქმედა. იმავე წლებში მრეწველობის მთლიანი პროდუქციის წარმოება დაეცა 84%-ით. ცალკეული სახის სამრეწვ. პროდუქციის წარმოება 90–98%-ით შემცირდა. ბევრი სახის სამრეწვ. პროდუქციის წარმოება, განსაკუთრებით მანქანათმშენებლობაში, საერთოდ შეწყდა. მძიმე მდგომარეობა შეიქნა აგროსამრეწვ. კომპლექსის დარგებშიც. 1994 წელს, 1990 წელთან შედარებით, სოფ. მეურნ. მთლიანი პროდუქციის წარმოების მოცულობა შემცირდა 38,3%-ით. განსაკუთრებით დაქვეითდა მეცხოველეობის პროდუქციის სამრეწვ. წარმოება საზ. მეურნეობაში, აგრეთვე მკვეთრად შემცირდა კვების პროდუქტების წარმოება. კრიზისის წლებში მძიმე მდგომარეობა შეიქნა სამშ. კომპლექსშიც. არსებითად იკლო არასაწარმოო სფეროს ობიექტების, განსაკუთრებით კი საცხოვრ. სახლების მშენებლობამ. გარდამავალი პერიოდის მეორე ეტაპზე (1995–2003) ეკონომიკამ ნელ-ნელა იწყო გამოცოცხლება. 1995 წ. I ნახევარში შეჩერდა მეურნეობის უკანსვლა, ხოლო II ნახევრიდან გამოიკვეთა წარმოების ზრდის ტენდენცია, მაგრამ 1998 რუსეთსა და რიგ ქვეყნებში განვითარებული კრიზისის გამო საქართვ. ეკონომიკა კვლავ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც წარმოების დაქვეითებასა და სამეურნეო აქტიურობის შემცირებით გამოიხატა. მომდევნო წლებში ეკონომიკას კვლავ დაეტყო გამოცოცხლება, თუმცა 2000 წლის მაჩვენებლები 1990 წლის დონეს არსებითად ჩამორჩებოდა. 2004-იდან დაიწყო მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყნის ეკონომიკაში დაწყებულმა გამოცოცხლებამ მხოლოდ ნაწილობრივ გადაფარა 1991–94 ეკონომიკის კატასტროფული უკუსვლა. 2008 წ. ზაფხულში დაწყებულმა მსოფლიო ეკონ. კრიზისმა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ თავსმოხვეულმა ომმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოში ეკონ. განვითარების ტემპზე, რ-იც 2004–07 წწ. საშუალოდ 8–10%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2009 წელს აღინიშნა 3,9%-იანი კლება. აღნიშნული კრიზისის მთავარი მიზეზი იყო გადახდისუუნარო სუბიექტებზე დიდი მოცულობის იპოთეკური სესხების გაცემა. ბანკებმა შეწყვიტეს კომპანიებისა და ერთმანეთისათვის ფულის სესხება. გაძნელდა კრედიტის მოპოვება, რაც ეკონომიკისათვის სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვის ან უკიდურესი დაქვეითების ტოლფასი იყო. იპოთეკური კრიზისის მსხვერპლი გახდა ბევრი კომპანია. ევრ. ქვეყნებისა და ბაზრების კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართვ. ეკონომიკაზე. მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა, ისეთივე ღრმა ზეგავლენა ვერ მოახდინა საქართვ. ეკონომიკაზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ 2008 საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება (4,5 მლრდ. აშშ დოლარი) ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, აშშ-იდან და საერთაშ. საფინანსო ორგანიზაციებიდან (საერთაშ. სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.) და აგრეთვე, იმის შედეგადაც, რომ საქართველო არ იყო ღრმად ინტეგრირებული ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ძირითადად, ქვეყანაში სწორად გატარებულმა რეფორმებმა. 2009-იდან საქართველოში დაიწყო ე. კ-ის დაძლევის პროცესი. 2011 წ. ქვეყნის მშპ-ის ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 7%.

გ. ყუფუნია