გოგუა ალექსი ნოჩოს ძე (დ. 15. III. 1932, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. დაამთავრა სოხუმის პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1955) და მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1960). იყო ჟურნ. „ამცაბზის" მთ. რედაქტორი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1948, პირველი პროზაული კრებ. „მდინარე ისწრაფის ზღვისკენ" – 1957. გ. ავტორია რომანისა „შარავანდედი" ( 1966); კრებულებისა: „თოვლი და ელვა" (1964), „წყლის გემო" (1966), „მშვენიერი მთა" (1970), „თეთრი ცვარი" (1972), "პატარა მშაგუ და დიდი მშაგუ" (1976), „მოთხრობები, პიესა" (1977) და სხვ. ქართულად გამოიცა მისი პროზაული კრებულები: „თეთრი ცხენი" (1965), „თაქარას თვალები" (1969), „ოლიმპიადა" (1979) და სხვ. პიესა „ნასესხები დღე" (1969) დაიდგა სოხუმის ს. ჭანბას სახ. თეატრში. გ. არის დ. გულიას სახ. პრემიისა (1974) და საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის – „ხუთწლედის მატიანის" (1980) ლაურეატი.
რ. კვერენჩხილაძე