გოდერძი

გოდერძი, ნასოფლარი ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ძინძისწყლის (ქვაბლიანის მარჯვ. შენაკადი) მარჯვნივ.

სოფელი სამ უბნად იყოფოდა. შუა უბნის შემაღლებაზე შემორჩენილია ჯამე, ნასოფლარის ზედა ნაწილში – დარანი, დაბალი, ვიწრო შესასვლელით. მას მოსდევს ერთ მთლიან ქვაში გაჭრილი გასასვლელი, რ-იც ქვის კარით იხურება (კარის სიმაღლე 80 სმ და ქუსლზე ტრიალებს). ორი ერთმანეთში გამავალი დარბაზი თანაბარი ფართისაა (8 მ×2 მ). პირველი დარბაზის მარჯვ. ბოლოში პატარა (2მ×3მ ) სათავსია, მისი გაგრძელება ჩამოქცეულია. სათავსი უთანაბრო სიმაღლისაა (ყველაზე მაღალი – 1,7 მ). იქვე ახლოს სხვა დარნის ნაკვალევია. მისი შესასვლელი აღარ ჩანს. ნასოფლარის ჩრდ-ით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, ტყიან ბორცვზე, ერთნავიანი ეკლესიის ბუდეა (5 მ×10 მ ), რ-იც ნათალი და ჩუქურთმიანი ქვებითაა ამოვსებული. ეკლესიის საკურთხევლის წინ, სამხრ-ით, არის მომაღლო გათლილი ბაზისი (სიმაღლე – 130 სმ, სიგანე – 60 სმ და 40 სმ ), რ-შიც ჯვრის ჩასასმელი ოთხკუთხა ფოსოა ამოჭრილი. პილასტრები ორსაფეხურიანი ყოფილა, სვეტისთავები პროფილირებული და ორღარიანია. შესასვლელი სამხრ-იდან უნდა ყოფილიყო. იქვე გდია წნული ჩუქურთმით შემკული არქიტრავის ნახევარწრიული ლოდი, რ-იც XII–XIII სს. უნდა იყოს. ნაეკლესიარის სამხრ-ით გალავნის ნაშთია, მის შიგნით – კიდევ ერთი სადგომის ბუდე. სოფლიდან ეკლესიისკენ მიმავალი ტყით დაფარული ნაგზაური ჩანს. ქვაყრილებით შექმნილი ორღობე 3,5 მ სიგანისაა, ე. ი. საურმეა.

როგორც ჩანს, გ. მნიშვნელოვანი სოფელი ყოფილა განვითარებულ შუა საუკუნეებში. მისი სახელი ეწოდება სამცხიდან აჭარაში მიმავალი გზის უღელტეხილსაც. ამავე სახელს ატარებდა ადრე სინდისწყლის ხევი. ბასილი ზარზმელის თხზულებაში ვკითხულობთ: „რამეთუ აღვჰყევით პირსა მის მდინარისასა და მივიწიენით ხევსა რასმე ღრმასა და უღაღსა, რომელსა გოდერძისა ეწოდების... აღვედით რაჲ თავსა მის ხევისასა და ვიხილენით მცირენი რაჲმე ყანობირნი და მცირე დაბაჲ".

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, სოფ. გ. შედიოდა ახალციხის ლივის ქვაბლიანის ნაჰიეში. აქ ცხოვრობდა ცხრა კომლი ქრისტიანი ქართველი. 

1944 სოფ. გ-ის მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს, ამის შემდეგ იგი ნასოფლარია.

წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941.

დ. ბერძენიშვილი