გოდორყური, 1. ტირიფის წნელით მოწნული დიდი, დაახლ. 3 მ სიმაღლისა და 2 მ სიგანის გოდორი მდინარის ნაპირის გასამაგრებლად ან სარწყავი არხის სათავეში წყლის გადასაშვებად. ქვემოდან გამაგრებული იყო მიწაში ჩასარჭობი მანებით (მარგილებით). გ-ს მდინარის კალაპოტში შერჩეულ, ამოსუფთავებულ ადგილას დგამდნენ და რიყის ქვით ავსებდნენ. მდინარის კალაპოტისა და არხის სიდიდის შესაბამისად, სათავეში ზოგჯერ მეორე ან მესამე გ. იდგმებოდა ისე, რომ წყალში ცერად ყოფილიყო წაზიდული. გ-ს ფართოდ იყენებდნენ ქართლ-კახეთში. აგებდნენ ადრე გაზაფხულზე, მდინარეების ადიდებამდე.
2. თევზის საჭერი თავგადაშლილი გოდორი, რ-შიც ჩადგმულია ძაბრისმაგვარი ყელი. გ-ს მდინარეში ისე აწვენენ, რომ ფართო პირი წყლის დინებისაკენ ჰქონდეს მიმართული და ძაბრის ნასვრეტი სანახევროდ წყლით დაიფაროს. თავგადაშლილი პირიდან თევზი შიგ შედის, უკან კი ვეღარ გამოდის.
ლიტ.: გ ე გ ე შ ი ძ ე მ., სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში, თბ., 1961.
ლ. ფრუიძე