გოზალიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (15. XI. 1900, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 30. VII. 1988, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1931), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).
1927 დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი ისტ. განხრით. ივ. ჯავახიშვილის წარდგენით დატოვეს თსუ-ში, რათა ბიზანტინოლოგიის დარგში საპროფესოროდ მოემზადებინათ (ხელმძღვ. ს. ყაუხჩიშვილი). 1930-იდან მუშაობდა თსუ-ში. 1943–47 ისტ. და ფილოლ. გაერთიანებული ფაკ-ტის დეკანი იყო, იმავდროულად განაგებდა ძვ. ისტ. და ბიზანტინოლოგიის კათედრებს. 1930–54 მუშაობდა საქართვ. სხვადასხვა პედ. ინ-ტში.
იკვლევდა ბიზანტია-საქართვ. ურთიერთობის საკითხებს, ტრაპიზონის იმპერიის ისტ. ცალკეულ მომენტებს, პონტო-კაპადოკიაში მოსახლე ქართვ. ტომების ეთნოგენეზის პრობლემებს და მათ წვლილს ბიზანტ. ისტორიაში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76; ძველი ისტორიის ქრესტომათია, ტ. 1–2, თბ., 1951–58; ჯვაროსანთა IV ლაშქრობა და ბიზანტია, «თსუ შრომები», 1960, ტ. 87; მითრიდატე პონტოელი, გამოც. მე-2, თბ., 1965; ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის წარსულიდან, თბ., 1965 (იგივე რუსულად, 1967); ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური, თბ., 1974.