გოითეფე, მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა რეზაიეს (ურმიის) ტბის დას. ნაპირზე, ქ. რეზაიეს (ირანი) მახლობლად. გორის ფართობია 540მ × 450მ.
1948 გათხარა ინგლ. არქეოლოგმა ტ. ბარტონ ბრაუნმა. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის 8 კულტ. ფენა. სავარაუდოა უფრო ადრეული ფენების არსებობაც. ქვედა ორი ფენა ენეოლითის ხანისაა. ქვევიდან მეორე (M) ფენაში აღმოჩნდა სწორკუთხა ნაგებობათა ნაშთები, ნამჯანარევი თიხისაგან ნაძერწი ანგობირებული და უმეტესად ყავისფრად მოხატული კერამიკა, ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურებისათვის დამახასიათებელი ქვის, ძვლის ნაწარმი და სპილენძის 3 ნივთი.
კავკასიისმცოდნეობისათვის ყველაზე საინტერესოა მომდევნო (K) ფენა, რ- შიც არის როგორც ოთხკუთხა, ისე მრგვალი ნაგებობები. ეს ფენა მთლიანად შეიცავს ამიერკავკ. ადრინდ. ბრინჯაოს ანუ მტკვარარაქსის კულტ. მასალას.
გ. ერთერთი პირველი ძეგლია, სადაც ეს კულტ. მასალა სტრატიგრაფიულ დაფენებაში აღმოჩნდა სხვა პერიოდის მასალასთან ერთად. ამ ფენის ზემოდან ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ფენაა. ზედა (A) ფენა გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანისაა (დაახლ. ძვ. წ. 1200).
ლიტ.: B r o w n T. B., Excavations in Azerbaijan. 1948, L., [1951].
თ. კიღურაძე