ერისთავი დიმიტრი ვახტანგის ძე

დ. ერისთავი

ერისთავი დიმიტრი ვახტანგის ძე (18. VI. 1931, თბილისი, – 5. VIII. 2021, იქვე), გრაფიკოსი, კინოს მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ს. ქობულაძე, ვ. გრიგოლია, დ. გაბაშვილი. 1967-იდან აქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1982-იდან – პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1957-იდან. ე-ის მიერ შექმნილი ჟანრული კომპოზიციები და პორტრეტები, რ-ებშიც ძირითადად ახალგაზრდობის ცხოვრებაა გადმოცემული, გამოირჩევა სიზუსტითა და დახვეწილობით, ხასიათის გადმოცემის სიმახვილით, რიტმული კომპოზიციით. შექმნა გრაფ. სერიები: 1. „თბილისის ახალგაზრდობა” („კლასობანა”, 1958, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი; „იების გამყიდველი”, 1959, კერძო კუთვნილება, თბილისი; „ჩვენი ახალგაზრდობა”, 1967, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა);

ნ. ერისთავის პორტრეტი

2. „მშრომელები” („მესაათე”, „მეეზოვე”, „ხარაზი”, სამივე 1971, კერძო კუთვნილება); 3. „მამაკაცთა გართობანი” („ტირი”, „სახინკლე”, ორივე 1975, კერძო კუთვნილება); 4. „ძველი თბილისი” („ღვინის აღმართი”, 1968, „გაზაფხულის დილა”); 5. „ბავშვობის მოგონება” (1980, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). შექმნა საინტერესო პორტრეტები: მ. აბაზაძე (1963), ნ. ერისთავი (1965), მ. მაჭავარიანი (1973; სამივე კერძო კუთვნილება). 1962-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარია. გააფორმა მხატვრული ფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1962), „გიორგობის თვე” (1966), „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), „იყო შაშვი მგალობელი” (1970), „ექსპრეს-ინფორმაცია” (1993); ფრანგული მხატვრული ფილმები: „მთვარის ფავორიტები” (1984) და „და იქმნა სინათლე” (1984). გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, კერძოდ, „კრენკებილი” (ა. ფრანსი, 1956), „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” (ჩ. დიკენსი, 1959), „ტილ ულენშპიგელი” (შარლ დე კოსტერი, 1967), „ჰამლეტი” (უ. შექსპირი, 1976), „კაცია-ადამიანი?!” (ი. ჭავჭავაძე, 1995) და სხვ. ე. ავტორია ლაკონური, გამომსახველი კინოპლაკატებისა („ქორწილი”, „კარუსელი”, „ახალგაზრდობა იმარჯვებს”, „მწვერვალი” და სხვ.). არის გზამკვლევის „თბილისის ხუროთმოძღვრება” (1961, რუს. ენაზე) ერთ-ერთი მხატვარი. მასვე ეკუთვნის „ასი თბილისელის” (1994) ილუსტრაციები. ე. არის საქართვ. სახელმწ. (1990) და შოთა რუსთაველის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010).