გოლიანქი

გოლიანქი (ისტ. მ ა ჩ ვ თ ა), ახლანდ. სოფ. ოლიანგი, წალკის მუნიციპალიტეტში. ადრე მას, როგორც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკიდან ჩანს, მაჩვთა ერქვა.

გ. თურქეთიდან XIX ს. I ნახევარში გადმოხვეწილმა და აქ დასახლებულმა ბერძნებმა შეარქვეს და ნიშნავს ტბის, გუბის ეკლესიას.

სოფელში შემონახულია შუა საუკ. ეკლესია. თლილი ქვით შემოზღუდული გუბურის ნაწილი ეკლესიის ქვეშაა მოქცეული; მიწიდან ამოსული ნაკადული ეკლესიის ქვეშ გროვდება, შემდეგ გადმოდის ღია ნაწილში (გუბურა სავსეა კალმახებით, რის გამოც ეკლესიას „კალმახის საყდარსაც" უწოდებენ). გუბურაზე დადგმული, გეგმით მართკუთხა, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია ფორმის მიხედვით ადრინდ. ქრისტ. ხანის ძეგლებს ჰგავს. თრიალეთის მოსახლ. რწმენით, კალმახი წმინდა თევზად ითვლება, მას დიდი მოწიწებით ეპყრობიან, სჯერათ ავადმყოფებზე მისი სასწაულებრივი ზემოქმედებისა და ხშირად მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია.

ეკლესიიდან დაახლ. 200 მ-ზე, მეორე კალმახიანი გუბურაცაა, მის ირგვლივ ძვ. ნაგებობის ნანგრევებია.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  თ., თრიალეთი, თბ., 1976; Т а к а й ш в и л и  Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в.4, Тфл., 1913