გოლოვინი ევგენი ალექსანდრეს ძე (1782–1858), კავკასიის მთავარმართებელი (1838–42), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1839).
დაამთავრა მოსკ. უნ-ტი. 1797-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა საფრანგეთ-რუსეთის (1812), რუს.- ოსმ. ომებში (1806–12; 1828–29). 1838–42 მეთაურობდა ცალკე კავკ. კორპუსს. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. განამტკიცა რუს. გავლენა კავკასიაზე. აქტ. საომარ ოპერაციებს მართავდა შამილის წინააღმდეგ.
ხელმძღვანელობდა გზათა მშენებლობასა და სიმაგრეთა აგებას შავი ზღვის სანაპიროზე, საქართვ. სამხ. გზაზე, ჩაჩნეთსა და დაღესტანში. 1838 მაისში საძირკველი ჩაუყარა ნოვოროსიისკის ნავსადგურის მშენებლობას. მისი მმართველობის დროს, 1841, იფეთქა გურიის გლეხთა აჯანყებამ, რ-იც სასტიკად ჩაახშეს. აჯანყების მეთაურების მიმართ მთავარმართებლის მიერ გამოტანილი განაჩენი იმდენად მკაცრი იყო, რომ ნიკოლოზ I-მა იგი საგრძნობლად შეარბილა. 1845–48 ბალტიისპირეთის გენ.- გუბერნატორი იყო.
1917 ოქტ. რევოლუციამდე მისი სახელი ერქვა ახლანდ. რუსთაველის პროსპექტს.
თხზ.: Очерк положения военных дел на Кавказе с нач. 1838 г. по конец 1842 г., Рига, 1847.
ლიტ.: Т о л с т о й Ю. В., Очерк жизни и службы Е. А. Головина, კრ.: Девятнадцатый век, изд. П. Бартеневым, кн.1, М., 1872.