„ზარაფხანა” (შპს), თბილისის საიუველირო ნაკეთობათა ქარხანა. ძვ. თბილ. ისტ. ნაწილში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩებზე განლაგებული მცირე, ინდივიდუალური საიუველირო სახელოსნოების გაერთიანების შედეგად 1939 შეიქმნა თბილ. საიუველირო ფაბრიკა (მდებარეობდა კ. ლესელიძის, ახლანდ. კ. აფხაზის ქუჩაზე), სადაც მუშაობდა 200-მდე იუველირი. ამზადებდნენ ოქროს სამკაულებსა და სამაჯურებს საათებისთვის, ვერცხლის სამკაულებსა და ჭურჭელს, კერძოდ, ქართ. ტრად. დოქებს, ყარყარებს, ღვინისა და კონიაკის სასმისებს. 1970 მას შეუერთდა სუვენირების ფ-კა „მხატვარი” (მდებარეობდა ოქროსუბანში, მაზუთის, ახლანდ. პ. ჩანჩიბაძის ქუჩაზე) და დაერქვა „თბილისის საიუველირო ქარხანა”. 1973 დიდუბის რ-ნში აშენდა საიუველირო ქ-ნის ახ. შენობა, სადაც დასაქმებული იყო 1500 კაცი. სსრ კავშირის დაშლამდე საიუველირო ქ-ნა საკავშ. დაქვემდებარების იყო და აღნიშნული პროფილის წარმატებულ საწარმოთა პირველ ხუთეულში შედიოდა. შემდეგ იგი საქართველოს რესპ. მინისტრთა კაბინეტს დაექვემდებარა. საქართვ. პრეზიდენტის 1996 ბრძანებულების საფუძველზე საიუველირო ქ-ნის ბაზაზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახაზინო საწარმო „საქართველოს ეროვნული ზარაფხანა”. 2000 წ. სახაზინო საწარმო გადაკეთდა შპს-დ 100%-იანი სახელმწ. საკუთრებით. 2006 იგი შეიძინა ქართულმა კომპანიამ შპს “გოლდინვესტმა” და დაერქვა “ზ.” ინვესტიციების განხორციელების შედეგად ქ-ნა აღიჭურვა ახ. ჩარხ-დანადგარებით, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა წარმოებული პროდუქციის ხარისხი. „ზ.”, რ-იც ამ პროფილის ერთადერთი საწარმოა საქართველოში, ამზადებს ფართო ასორტიმენტის საიუველირო ნაკეთობებს ძვირფასი ლითონებისა და თვლების, აგრეთვე ბუნებრივი, სინთეტიკური და სანახელავო ქვების გამოყენებით. გარდა ამისა, უშვებს სხვადასხვა ტიპის სუვენირებს, ამზადებს სახელმწ. ჯილდოებს (ორდენებს, მედლებს), სამკერდე ნიშნებს, ასრულებს სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიურ შეკვეთებს. ქ-ნას აქვს თავისი საფირმო მაღაზიათა ქსელი ქვეყნის მასშტაბით. „ზ.” აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საერთაშ. გამოფენებზე, მიღებული აქვს მრავალი პრიზი. ორგანიზაცია „ბიზნესის საერთაშორისო ინიციატივების” (BID) მიერ აშშ-ში მოწყობილ ხარისხის სამიტზე 2003 „ზ.” დაჯილდოვდა სპეც. პრიზით „ხარისხისა და ბიზნესის პრესტიჟისათვის” ოქროს კატეგორიაში.
ჯ. წამალაიძე