ესაძე რევაზ (რეზო) პარმენის ძე (18. XI. 1934, ოზურგეთი, - 18. IV. 2020, თბილისი), კინორეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2003). საქართვ. და რუს. მხატვართა კავშირის წევრი. 1956 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, 1965 – კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (მ. რომის სახელოსნო). 1963–75 იყო კინოსტუდია „ლენფილმის” რეჟისორი. გადაიღო მხატვრული ფილმები: „ფრო” (1965; პრიზი ბულგარეთში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფილმების ფესტივალზე, 1965), „ერთი ახალგაზრდა სიცოცხლის ოთხი ფურცელი” (1967) და სხვ. 1975-იდან მუშაობს თბილისში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში” და სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. გადაღებული აქვს ქართ. მხატვრული ფილმები: „ერთხელ” (1962), „ყოველ შაბათს” [1972; ბუდაპეშტის (უნგრეთი) საერთაშ. კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო საზღვარგარეთულ ფილმად, 1974], „ქართული ჭიდაობა” (1973), „ერთი ნახვით შეყვარება” [1974; პრიზი როტერდამის (ჰოლანდია) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1987], „ნეილონის ნაძვის ხე” [1984; პრიზი როტერდამის (ჰოლანდია) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1986; I ადგილი ადელინოს (იტალია) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1986]. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვარლამი [„ქალაქი ანარა”, 1976, გრან-პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გაბროვოს (ბულგარეთი) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1977]. მარხალოვი („ერთი ნახვით შეყვარება”, 1977), კუზიანი („ბეღურების გადაფრენა”, 1979), მეკურტნე გიო („თბილისი–პარიზი–თბილისი”, 1980), რეჟისორი („მეხუთე მოქმედება”, 1982), მედუქნე გასპარა და მწყემსი სოსიკა („ზოგი ჭირი მარგებელია”, 1983), აპოლონი („მონანიება”, 1984), ლეონარდო („ლეონარდო”, 1992), აპტონა (სერიალი „ცხელი ძაღლი”, 2010) და სხვ. ე-ის, როგორც მხატვრის, პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1986, 1991), მიუნხენში (1990), ჟენევაში (1991), თელ-ავივში (1998). 1975-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას. 1979–90 კინოსტუდია „ქართული ფილმის” შემოქმედებითი გაერთიანება „დებიუტის” სამხატვრო ხელმძღვანელია, 1990-იდან – დამოუკიდებელი ექსპერიმენტული სტუდია „+ 1”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. გამოაქვეყნა ლექსების 2 კრებული (2001, 2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995).