გომარეთის სამაროვანი

გომარეთის სამაროვანი, ანტიკური ხანის (ძვ. წ. V–IV სს.) სამაროვანი სოფ. გომარეთის ტერიტორიაზე (ახლანდ. დმანისის მუნიციპალიტეტი).

1962 და 1975 ჩატარებულმა არქეოლ. გათხრებმა (დ. თუშაბრამიშვილი, ც. დავლიანიძე) გამოავლინა ორ სართულად განლაგებული 26 ქვაყუთი. კიდურებმოხრილი მიცვალებულები ესვენენ მარჯვ. გვერდზე. ჩატანებული ჰქონდათ მოშავო და ღია ფერის, აგრეთვე წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი (დოქები, ხელადები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები, სასმისები, ზოომორფული გამოსახულებებით შემკული დოქი), სამკაული (ბრინჯაოსა და რკინის რკალგახსნილი სამაჯურები, ბრინჯაოს რგოლები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, მძივები და სხვ.), ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი, რკინის შუბისპირი და დანა.

აღმოჩენილი მასალა დამახასიათებელია ქვემო ქართლის ადრინდ. ანტ. ხანის სამარხებისათვის. დაცულია ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში.

ც. დავლიანიძე