„ეშმაკის მათრახი”, 1. ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1907–08, 1915–17, 1919–21. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ: თ. ბოლქვაძე და ნ. კალანდაძე (ეშმაკი); გამომცემლები: თ. ბოლქვაძე, ა. ბუკია, ე. ლომთათიძე, ს. თავართქილაძე. ჟურნალში ორიგინ. ნაწარმოებებთან ერთად იბეჭდებოდა თარგმანები, მ. შ. ა. ჩეხოვის მოთხრობები. „ე. მ-ის” მხატვრობა და კარიკატურები ეკუთვნით ო. შმერლინგსა და შ. ქიქოძეს. 1908 წ. 11 აგვისტოს თბილ. ხელისუფლების განკარგულებით ჟურნალი დაიხურა. 1915–17 კვლავ განახლდა, შემდეგ მისი გამოცემა ისევ შეწყდა. განახლდა 1919, გამოდიოდა 1921 წ. 14 თებერვლამდე. სხვადასხვა დროს ჟურნალის სახელწოდება იყო: „მათრახი”, „მათრახი და სალამური”, „ჩვენი სალამური” და სხვ. 2. იუმორისტული ალმანახი, გამოდიოდა თბილისში 1909; დაისტამბა 2 ნომერი. გამომცემლები: ვ. ცქიტიშვილი. ი. ლორთქიფანიძე.