დაავადებები სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა, განასხვავებენ გადამდებსა და არაგადამდებ დაავადებებს.
გადამდები დაავადება ორგვარია: ინფექციური და ინვაზიური. ინფექციურ დაავადებებს იწვევენ პათოგენური მიკროორგანიზმები (მ. შ. ვირუსები, სოკოები, პრიონები, ბაქტერიები). ინვაზიურ დაავადებებში განარჩევენ პროტოზოოზებს (გამომწვევნი – უმარტივესები), ჰელმინთოზებს (გამომწვევნი – ჰელმინთები, იგივე პარაზიტული ჭიები), არაქნოზებს (გამომწვევნი – ობობასებრნი, მ. შ. ტკიპები) და ენტომოზებს (გამომწვევნი – მწერები). გადამდებ დაავადებებში გამოყოფენ ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადებებს – ზოოანთროპონოზებს. არაგადამდები დაავადებები კლასიფიცირებულია პათოლ. პროცესის ლოკალიზაციის ადგილისა და ხასიათის მიხედვით. დაავადებების კლასიფიკაცია შეიძლება ცხოველთა სახეობების მიხედვითაც.
საქართველოში სას.-სამ. ცხოველთა დაავადებების მეცნ. შესწავლას საფუძველი ჩაეყარა XIX ს. 60-იან წლებში. 70-იანი წწ. შუა პერიოდში დაიწყო ორგანიზებული ბრძოლა მსხვილი რქოსანი საქონლის ჭირის წინააღმდეგ. უფრო ადრე კი თბილ. გუბერნიის საექიმო სამმართველოს 1857 ანგარიშში მოცემული იყო ცნობები ცხოველთა დაავადებების შესახებ. იმ დროს მსხვილი რქოსანი საქონლის ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფ. საშუალებები არ არსებობდა, რის გამოც დაავადებაში ეჭვმიტანილ ცხოველს აუცილებლად კლავდნენ. ოფიც. სტატ. მასალის საფუძველზე დადგენილია, რომ 1883–1914 საქართველოში ჭირის გამო დაიკლა 102 ათ. სულზე მეტი საქონელი.
მსხვილი რქოსანი საქონლის ჭირის წინააღმდეგ ჩატარებული განსაკუთრებული ვეტ. ღონისძიებების შედეგად 20-იანი წწ. ბოლოს დაავადება მოისპო. 30-იანი წწ. ბოლოს ასევე მოისპო მსხვილი რქოსანი საქონლის ფილტვების მმუსრავი ანთება, ცხენის ქოთაო და სხვ. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო ორგანიზებული ბრძოლა ჯილეხის (ციმბირული წყლულის) წინააღმდეგ. 1899–1914 აღრიცხული იყო ამ დაავადების 1530 არაკეთილსაიმედო კერა. აღნიშნულ პერიოდში გაწყდა 5 ათ. სულზე მეტი ცხოველი, ხოლო 1923–37 – 10 ათ. სულზე მეტი. სპეციფ. ღონისძიებების გატარების შედეგად ეს დაავადება გასული საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად შემცირდა.საქართველოში შემცირდა აგრეთვე მსხვილი რქოსანი საქონლის ემფიზემატოზური კარბუნკული, რ-იც, ისე როგორც ჯილეხი, ნიადაგის ინფექციას განეკუთვნება და ფართოდ იყო გავრცელებული. მეცხოველეობას დიდ ზარალს აყენებდა აგრეთვე თურქული, რ-ის შემთხვევები დღესაც გვხვდება.
1933 ქართველმა მეცნიერმა ვ. საყვარელიძემ პირველად შეიმუშავა თურქულის ვირუსის სპეციფ. ანტიგენის მიღებისა და მომზადების მეთოდი, რამაც საერთო აღიარება მოიპოვა და დაინერგა ამ ინფექციის სეროლოგიური დიაგნოსტიკისა და თურქულის ვირუსის ტიპობრივი დიფერენციაციისათვის. თურქულის საწინააღმდეგო აქტ. იმუნიზაციის საშუალებათა დამუშავებამ და წარმოებაში დანერგვამ, აგრეთვე ამ დაავადების მიმართ ცხოველთა იმუნური ფონის განსაზღვრის მეთოდის გამოყენებამ საქართველოში მკვეთრად შეამცირა თურქულით დაავადების საშიშროება. მსხვილი რქოსანი საქონლისა და ფრინველის ინფექციურ დაავადებათაგან ქვეყნის სავეტერინარო სამსახურის ყურადღების ცენტრშია სას.-სამ. ცხოველთა ისეთი დაავადებების ლიკვიდაციის საკითხი, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი. სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს აგრეთვე საქონლის პიროპლაზმიდების წინააღმდეგ ბრძოლა. საქართვ. აღმოსავლეთის დაბლობ და მთისწინა ზონაში აღრიცხულია 35 სახეობის იქსოიდური ტკიპა (ცხოველის ტრანსმისიულ დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები). მათი ცალკეული სახეობების განვითარებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, გარდაბნის, მარნეულისა და სხვ. მუნიციპალიტეტებში. ტკიპებს გადააქვთ დაავადებების აღმძვრელები, რ-ებიც იწვევენ მსხვილი რქოსანი საქონლის პიროპლაზმოზს, ფრანსაიელოზს, თეილერიოზს, ცხვრის ბაბეზიოზს, ანაპლაზმოზს და სხვ. პიროპლაზმიდოზები დღესაც დიდ ზიანს აყენებენ საქართვ. მეცხოველეობას. სპეციფ. კომპლ. სავეტერინარო და სამეურნ. ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მსხვ. რქ. საქონლის პიროპლაზმიდოზებით დაავადების შემთხვევები. მოისპო სისხლის პარაზიტებით გამოწვეული ისეთი დაავადებები, როგორიცაა ცხვრის ბაბეზიოზი და პიროპლაზმოზი. XX ს. 50-იანი წწ. დამდეგს ყველაზე მეტად იყო გავრცელებული მსხვ. რქ. საქონლის ჰიპოდერმატოზი. მომდევნო პერიოდში მის წინააღმდეგ ქიმ.-პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და საქართველოში შექმნილი პრეპარატის – ჰიპოდერმაციდის დანერგვის შედეგად დაავადება მკვეთრად შემცირდა.
ქვეყნის თბილი კლიმ. პირობები ხელს უწყობს სას.-სამ. ცხოველთა ჰელმინთოზური დაავადებების გავრცელებას. რეგისტრირებულია ჰელმინთოზურ დაავადებათა გამომწვევი 240-ზე მეტი სახეობის პარაზიტული ჭია. ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზური დაავადებებია ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ანოპლოცეფალიდოზები, დიქტიოკაულოზი, ექინოკოკოზი და სხვ. გარდა იმისა, რომ ჰელმინთოზური დაავადებები საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამასთანავე დიდ ეკონ. ზიანს აყენებს მეცხოველეობას. დადგენილია, რომ ფასციოლოზით დაავადებისას ფურის წველადობა 25–40%-ით კლებულობს; ცხვრის დიქტიოკაულოზის დროს სიკვდილიანობა 20–25%- ს აღწევს, ხოლო ექინოკოკოზის შემთხვევაში ცხოველის ცოცხალი მასა 8–10 კგ კლებულობს; ღორის ასკარიდოზის დროს ცოცხალი მასის დანაკლისი 30% შეადგენს, ხოლო ტრიქოცეფალოზისა და მაკრაკანთორინქუსის შემთხვევაში – 50–70%-ს.
ქართვ. მეცნიერებმა ი. ჭუბაბრიამ, გ. გოდერძიშვილმა, ნ. ღუღუნიშვილმა ცხვრის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის, ქათმის ასკარიდოზისა და ცესტოდოზების წინააღმდეგ საბრძოლველად სსრკ-ში პირველად გამოიყენეს და დანერგეს დარიშხანმჟავაკალა, როგორც ამ დაავადებათა მოსპობის ეფექტური სამკურნ. და პროფილაქტიკური საშუალება.
განხორციელებული სავეტერინარო ღონისძიებების შედეგად მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში საგრძნობლად შემცირდა ისეთი ინფექციური და ინვაზიური დაავადებები, როგორიცაა ცხვრის ყვავილი, სას.-სამ. ცხოველთა პასტერელოზი, ღორის ჭირი, კოლიბაქტერიოზი, ფრინველის ნიუკასლის დაავადება, ფსოროფტოზი (ყუთური), მსხვ. რქ. საქონლის ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი), ნეკრობაქტერიოზი და სხვ. საქართვ. მეცხოველეობას ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს არაგადამდები დაავადებები, რ-თა უმთავრესი მიზეზია ცხოველთა მოვლა-შენახვის დაბალი დონე, სანიტ.-ჰიგიენური თვალსაზრისით ცხოველთა უვარგისი სადგომები, სივიწროვე, საკვების უკმარისობა და ცუდი ხარისხი. მეცხოველეობის ფერმებში დახოცილი საქონლის საერთო რაოდენობიდან 90% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. დიდია ფურების ბერწიანობა (უნაყოფობა), მასტიტები და მათგან გამოწვეული ზარალი.
ქართვ. მეცნიერებმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს მეცხოველეობისათვის ნიშანდობლივი ისეთი დაავადებების შესასწავლად, როგორიცაა მსხვილი რქოსანი საქონლის ქრონ. ვეზიკულარული ჰემატურია, ხუთილი და სხვ. საბჭოთა პერიოდში პირუტყვის და ფრინველის სულადობა ძირითადად თავმოყრილი იყო მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში, ვეტერინარული მომსახურება სახელმწ. და კერძო მეურნეობებში ტარდებოდა, ვეტ. პრეპარატებით მომარაგება ცენტრალიზირებული იყო. 1995–96 წლებიდან, სახელმწ. მეურნეობების გაუქმებასთან ერთად, იკლო პირუტყვის სულადობამ, ხოლო კერძო სექტორში მათი რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა.
საზ. მეურნეობიდან პირუტყვის სულადობის ზრდის მასობრივმა გადანაცვლებამ კერძო სექტორში და ვეტ. მომსახურების გაუარესებამ (ვეტ. მომსახურების ერთიანი სისტემის მოშლამ და უმეტეს დაავადებებზე პროფილაქტიკურ-სამკურნ. ღონისძიებების პასუხისმგებლობის პირუტყვის მფლობელებზე გადასვლამ) ეპიზოოტიური სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. გაჩნდა დაავადებების ახ. კერები, დღეს მათ რიცხვს დაემატა პრობლემები: ფრინველის და ღორის გრიპის, ცხვრის ჩლიქების სიდამპლის, ფრინველის ინფექციური ანემიის და სხვათა სახით.
2007 წლიდან ფართოდ გავრცელდა ღორის აფრიკული ჭირი, დაიხოცა ღორების 50–60%, რამაც დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ქვეყანას. საქართველოში შექმნილმა ეპიზოოტიურმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა ვეტ. კანონმდებლობის მაღალ დონეზე შესრულება და მის შესაბამისად რადიკალური პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა, ცხოველთა მოვლა-შენახვისა და კვების ახ. თანამედროვე სისტემების დანერგვა და სხვა.
კ. კაპანაძე
თ. ყურაშვილი