„გომის სპირტისა და არყის კომპანია“ (სააქციო საზოგადოება), დიდი ტრადიციების მქონე სპირტიანი სასმელების საწარმო. დაარსდა 1903 სოფ. გომში (ხაშურის რ-ნი), ეწოდებოდა „გომის სპირტის ქარხანა“. აწარმოებდა სპირტრექტიფიკატს შაქრის ჭარხლის ბადაგისა (მელასა) და ჭაჭის ნედლი სპირტისაგან.
1994, ქ-ნის პრივატიზების შემდეგ, იგი ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „რექტიფიკატი“, 2006-იდან კი დაერქვა „გ. ს. და ა. კ.“
1995–97 ქ-ნაში განხორციელდა რეკონსტრუქციისა და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები: წარმოების მართვა გადაყვანილ იქნა სრულ ავტომ. რეჟიმში, დაინერგა თანამედროვე ტექნოლ. სქემა ხორბლის სპირტის წარმოებისათვის, დაიწყო არყისა და ლიქიორების სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოება-ჩამოსხმა; 2006 კი მოხდა საწარმოს სრული მოდერნიზაცია, დაინერგა ევრ. წარმოების უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, 6-სადგურიანი ფილტრაციის სისტემა ვერცხლის ფილტრით, 2007-იდან დაემატა პლატინისა და ოქროს ფილტრაციის სისტემები. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი სახეობაა ხორბლის რექტიფიცირებული სპირტი „რექტიფიკატი", რ-იც გამოიყენება სხვადასხვა სახის არყის („ლუქსი", „ორიგინალი", „პრემიუმი", „ელიტა", „კლასიკი", „პრესტიჟი"), არომატული არყის („პიტნის", „წიწაკის", „ტარხუნის", „თაფლის", „ლიმონის"), ლიქიორის („კომშის", „ალუბლის") დასამზადებლად. კომპანია უშვებს აგრეთვე ჭაჭის არაყსა („ჭაჭა დაძველებული", „ჭაჭა კაკლის", „ჭაჭა თაფლის", „ჭაჭა კლასიკური") და მრავალგვარი სახეობის ლიმონათს. წარმოების ძირითადი ნედლეულია ხორბალი (როგორც ადგილ., ისე შემოტანილი) და საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მოყვანილი სოფ. მეურნეობის სხვა პროდუქტები (თაფლი, წიწაკა, ლიმონი, პიტნა, ტარხუნა, კომში).
1996-იდან კომპანიას 49-წლიანი იჯარით აღებული აქვს 300 ჰა მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთი), სადაც გაშენებულია ქართ. და ფრანგული ვაზის უნიკალური ჯიშები, ხოლო ლიმონათის საწარმოებლად აქვს საკუთარი კომშისა და ალუბლის ბაღები.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია საექსპორტოა და გადის უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში და სხვ. საწარმოს აქვს საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია „კადისი", რ-იც ეწევა პროდუქციის რეალიზაციას.
კომპანიის პროდუქციას სხვადასხვა საერთაშ. გამოფენა-კონკურსზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. გრან-პრი (2004, თბილისი), 2 ოქროს (2000, 2003 – სანქტ- პეტერბურგი) და 2 ვერცხლის (2000, 2003 – იქვე) მედალი.
ლ. აბრამიშვილი