გონა, სოფელი ონის მუნიციპალიტეტის ღების თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ჩვეშურის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1680 მ, ონიდან 39 კმ. 2 მცხ. (2002).
1934–56 მუშავდებოდა ვოლფრამისა და მოლიბდენის საბადოები.
სოფლის მახლობლად, მდ. ჩვეშურის მარჯვ. ნაპირას, დგას შუა საუკ. მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. შიგნით და გარედან იგი შემოსილია სუფთად გათლილი შირიმის ქვით. ყურადღებას იქცევს ძეგლის თავისებურება – შიდა სივრცე მთლიანად ცილინდრული კამარითაა გადახურული, ე. ი. კონქი არა აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX ს. დასასრულს.
მ. დვალი