„ვარდნილჰესების კასკადი” (შპს), ვარდნილჰესები, შედის ენგურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შემადგენლობაში. ოთხი (ვარდნილჰესი-I, ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III, ვარდნილჰესი-IV), შედარებით ნაკლები სიმძლავრის ჰესის მდებარეობს გალის მუნიციპალიტეტში. აშენებულია ენგურჰესის გამომყვან არხზე, მდ. ენგურის ძირითადი ჩამონადენის გადაგდებით მდ. ერისწყლის კალაპოტში. საერთო საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 340 მეგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშ. წლიური საპროექტო გამომუშავება – 1111 მლნ. კვტ.სთ. ვარდნილჰესი-I ექსპლუატაციაში შევიდა 1971. მდებარეობს მდ. ერისწყალზე, ქ. გალის ჩრდ-ით. ჰესის ძირითადი ნაგებობებია: ადგილობრივი მასალებისაგან აშენებული კაშხალი (სიგრძე – 890 მ, სიმაღლე – 57,5 მ, სიგანე თხემზე – 10 მ); კაშხალთან მიმდებარე მიწისზედა ჰესი, სამშ. გვირაბი, რ-ის სიგრძეა 517,5 მ, წყალმიმღები და წყალსაშვი ნაგებობანი, გამომყვანი არხი, 110 კვ და 220 კვ ძაბვის ქვესადგური. ვარდნილჰეს-I-ში დადგმულია 3 ვერტ. ჰიდროაგრეგატი, საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 220 მეგვტ, მაქს. დაწნევა – 64,5 მ, ელექტროენერგიის საშ. წლიური საპროექტო გამომუშავება – 730 მლნ. კვტ.სთ. ვარდნილჰესი-II,-III,-IV, მდებარეობს ვარდნილჰეს-I-ის ქვემოთ (შესაბამისად 5,5; 10,1 და 14,9 კმ-ზე). ექსპლუატაციაში შევიდა 1971–72 წლებში. სამივე ჰესს ერთნაირი დაწნევა აქვს (11,2 მ). თითოეული ჰესი შედგება ორ-ორი ჰორიზონტ. კაფსულური ტიპის ჰიდროაგრეგატისაგან. სამივე ჰესის ჯამური სიმძლავრეა 120 მეგვტ (თითოეულის 40–40 მეგვტ), ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება – 381 მლნ. კვტ.სთ (თითოეულის 127 მლნ. კვტ.სთ). ვარდნილჰესებმა გამოიმუშავეს ელექტროენერგია (მლნ. კვტ.სთ): 1971 წ. – 23,0; 1975 წ. – 33,5; 1980 წ. – 830,2; 1985 წ. – 706,0; 1990 წ. – 643,6; 1995 წ. – 363,4; 2000 წ. – 487,5; 2005 წ. – 425,0; 2010 წ. – 717,3; 2013 წ. – 648,8. 1999 წ. 29 დეკემბრიდან ვარდნილჰესების ბაზაზე შეიქმნა შპს „ვ. კ.”
დ. ჩომახიძე