გორასამარხი

გორასამარხი, ყ ო რ ღ ა ნ ი, არქეოლოგიური ძეგლების კატეგორია – მიწაყრილიანი ან ქვაყრილიანი სამარხი. ჩვეულებრივ ნახევარსფერულია, უფრო იშვიათად – ოვალურ-კვადრატული ან მოგრძოფუძიანი; ფუძეს ხშირად ქვების წრიული წყობა ან თხრილი შემოუყვება.

მიწაყრილით ან ქვაყრილით დაფარულია სამარხთა სხვადასხვა სახეობა: აკლდამა, დოლმენი, კატაკომბა, ქვით ან ძელებით ამოშენებული დასაკრძალავი დარბაზი, ორმოსამარხი და სხვ.

გამოირჩევა დრომოსიანი და უდრომოსო გ-ები. გ., ჩვეულებრივ განკუთვნილი იყო ერთი პიროვნებისათვის, მაგრამ ხშირად წარჩინებულებს თან აყოლებდნენ ცოლს, მონებსა თუ მოახლეებს. ზოგი გ. გვარის რიგითი წევრების სამარხებს ფარავს („გრძელი ყორღანები" რუსეთში; ტყვიავისა და ქორეთის გ-ები საქართველოში).

გ-ებში თითქმის ყოველთვის არის აღაპის ნაშთები, ხშირია დაკლული საქონლის ჩატანების შემთხვევაც. ზოგჯერ მთავარი მიცვალებულისა და მისი თანმხლები სამარხების გარდა, გ-ის ყრილში გვხვდება გვიანდ. ე. წ. ჩაშვებული სამარხებიც.

ადრინდ. ხანაში გ-ები ჩვეულებრივ ჯგუფებადაა განლაგებული, თუმცა ზოგი განმარტოებით დგას. გვიანდ. ხანაში კი გვხვდება გ-ების დიდი ჯგუფები. იგი გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. კასპიისა და შავიზღვისპირეთის ველებზე და ჩრდ. კავკასიაში (მაიკოპის კულტურა) აღმოჩენილია გვიანდ. ნეოლითისა და ენეოლითის ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლ.) გ-ები.

გ. ყველაზე მეტად დამახასიათებელია ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანისათვის, აღმ. და ჩრდ. ევროპასა და ცენტრ. აზიაში გ-ებში კრძალავდნენ გვიანდ. შუა საუკუნეებამდე, რუსეთში – XIV ს-მდე.

საქართველოში  უძველესი გ-ები გვიანდ. ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (იხ. მტკვარ-არაქსის კულტურა), განსაკუთრებით ცნობილია შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) გ-ები (თრიალეთი, მესხეთ-ჯავახეთი, კახეთი), სადაც ნაპოვნია პოლიქრომული ოქრომჭედლობისა და მაღალმხატვრული კერამიკის უბადლო ნიმუშები (ოქროსა და ვერცხლის თასები, ოქროს ყელსაბამები და შტანდარტები, მოხატული კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი და სხვ.).

გათხრილია ქვით ნაგები დიდი დასაკრძალავი დარბაზები – ძელსამარხები, მუხის დიდი მორებით ნაგები „სახლი საკრძალავი" (იხ. ბედენის გორასამარხები).

საქართველოში შესწავლილია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მდიდრული გ-ებიც (დიღომი, კახეთი).

დაკრძალვის ეს წესი ანტ. ხანამდე შემორჩა.

ა. აფაქიძე