ვარცლი

ვარცლი, 1. ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი, რ-საც მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილი თავი აქვს. ვ. შეიძლება მთლიანი მორისაგან იყოს გამოთლილი ან ნაჭრებისაგან შეკრული. ვ-ის ხის საფარებელს ორომი ეწოდება. ვ-ის თავებზე ამოგუნდავებული პური ორომზე გადააქვთ და ისე აკრავენ თონეში. ძველად ქართ. დარბაზში ვ. დედაბოძის ზურგთან მიყრდნობილი ფეხებიანი სადგარის ზემო თაროზე იდო, ხშირად იგი კიდობანს ცვლიდა. ზოგან ვ. წისქვილის ხვიმირს ეწოდებოდა. ქიზიყში ხის მთლიანი ნაჭრებისაგან უსამსჭვლოდ (უფარეშოდ) ჭურჭლის გამომთლელ მოხელეს მევარცლე ერქვა. 2. მცირე ნავი (საბა).