გორგიჯანიძე ფარსადან

გორგიჯანიძე (გ ი ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე) ფარსადან (1626, გორი, – XVII ს. ბოლო წწ.), მწიგნობარი და ისტორიკოსი.

10 წლის ასაკიდან იზრდებოდა ქართლის მეფის როსტომის კარზე, სადაც სრულყოფილად შეისწავლა სპარს. ენა. 1656 როსტომის წარდგინებით შაჰ აბას II-მ სეფიანთა სახელმწ. დედაქალაქის – ისპაანის ტარუღად (მოურავად) დანიშნა, მაგრამ მალე ეშიკაღასბაშის (საპოლიციო უწყების უფროსი) თანამდებობაზე გაამწესეს. ირანში ორმოცი წელი გაატარა და არაერთი განსაცდელი გადაიტანა.

მან შეიმუშავა შეხედულებათა სისტემა, რ-იც გულჩახვეულობას, უნდობლობასა და პირმოთნეობას ქადაგებს და რ-ის მიხედვით ადამიანმა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს.

ირანში გ. ნაყოფიერ ლიტ. და სამეცნ. საქმიანობას ეწეოდა. მონაწილეობა მიიღო „შაჰნამეს" ქართ. ვერსიების გადაწერასა და გალექსვა-რედაქტირებაში, შეადგინა ქართ.-არაბ.-სპარს. ლექსიკონი, ქართულად თარგმნა "მუსულმანთ სასჯულო წიგნი ჯამი-აბასი" და სხვ.

გ-ის მთავარი თხზ. „საქართველოს ცხოვრება", არჩილის, ფეშანგისა და იოსებ თბილელის ისტ. ნაწარმოებებთან ერთად XVII ს. II ნახ. ქართ. ისტორიოგრაფიის ახ. აღმავლობის მაუწყებელია. აღმოსავლური ისტ. მწერლობის ტრადიციებზე აღზრდილმა გ-მ ქართ. ისტორიოგრაფიაში პირველმა შეადგინა კომპილაციური ისტ. ნაწარმოები.

თხზულება დაწერილია ირანში და, როგორც ჩანს, დამთავრებულია 1694 წ. I ნახევარში. მასში მოთხრობილია საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ისტორია ქართლში ქრისტიანობის გავრცელებიდან XVII ს. დამლევამდე.

ავტორის მიერ გამოყენებული წყაროების შესაბამისად ივ. ჯავახიშვილმა გ-ის თხზულება პირობითად 4 ნაწილად გაყო. პირველი 3 ნაწილი კომპილაციურია, გამოყენებულია ზეპირი გადმოცემები და წერილობითი წყაროები. იმის გამო, რომ გ-ს ხელთ არ ჰქონდა საქართვ. ძვ. ისტორიის სანდო წყაროები, თხზულების I ნაწილში არაერთი ზღაპრული ამბავი აქვს გადმოცემული. II ნაწილი ძირითადად „ქართლის ცხოვრების" თხზულების მიხედვით არის შედგენილი. მხოლოდ ერთი ხელნაწერის ამარა დარჩენილ ავტორს აქაც ბევრი შეცდომა დაუშვია, თუმცა, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში „ქართლის ცხოვრების" ეს ხელნაწერი უფრო სრული და უკეთესად შენახული ყოფილა, ვიდრე დღეს ცნობილი ნუსხებია. ამის გამო „საქართველოს ცხოვრების" ე. წ. მეორე ნაწილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართლის ცხოვრების თხზულებების კრიტ. ტექსტის დასადგენად, ისე XII–XIII სს. საქართველოს ისტ. არაერთი საკითხის შესასწავლად. III ნაწილი ძირითადად სპარს. წყაროების საფუძველზეა შედგენილი, ხოლო IV-ში ალღოიანი თანამედროვის მახვილი თვალით დანახული საქართვ. და ირან. ისტორიის მრავალი ფაქტი და მოვლენაა გადმოცემული.

გ-ის აზრით, ყველაფერი როდია წიგნში შეტანის ღირსი, მასში მხოლოდ რეალური ამბები უნდა იყოს გადმოცემული. ისტორიკოსი კრიტიკულად არის განწყობილი ქართვ. მეფეებისა და ირან. შაჰების მიმართ და თამამად ამხელს მათი საქმიანობის ზოგიერთ უარყოფით მხარეს. ის თანაუგრძნობს ღარიბთ, უქონელთ.

გ-ის ენა სპარსულის ძლიერ გავლენას განიცდის. „საქართველოს ცხოვრების" სრული ტექსტი არ არის გამოცემული, გამოქვეყნებულია მხოლოდ ე. წ. III და IV ნაწილები. IV ნაწილი თარგმნილია ფრანგულად.

თხზ.: საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე », 1925, წგ. 2; ქართულ-არაბულსპარსული ლექსიკონი, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1941.

ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 3, თბ., 1968; კიკნაძე რ., ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975; ნაკაშიძე რ., ფარსადან გორგიჯანიძის ბიოგრაფიისათვის, წგ.: ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1983; ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.), თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977; ჯანაშვილი მ., ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი, ტფ., 1896.

რ. კიკნაძე