გორდუენე

გორდუენე (ანტ. წყაროებში – გ ო რ დ ი ე ნ ე და გ ო რ დ ი ე ა; ძვ. სომხ. კ ო რ დ უ ქ ი), მთაგორიანი ქვეყანა ახლანდელი ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში. გ-ს ჩრდ-იდან ესაზღვრებოდა მდ. კენტრიტი (ახლანდ. ბოტან-ჩაი), დას-ით – მდ. ტიგრი, ხოლო სამხრ-ით – კარდუხების, იგივე გორდიების მთები (ე. ი. ამ მიმართულებით საზღვარი თანამედროვე ქ. ჯიზრეს მიდამოებამდე აღწევდა).

გ-ს ეტიმოლოგიაზე სამეცნ. ლიტ-რაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი ვარაუდობენ, რომ ასურულ წყაროებში გ. მოხსენიებულია „კატმუხის" ან „კუტმუხის" ფორმით. სხვათა თვალსაზრისით, ტოპონიმი გ. დაკავშირებულია ქართველთა თვითსახელწოდებასთან „ქართველი". ასეთი კავშირი აიხსნება მუშქი-მესხების ქართველური ტომების ინფილტრაციით აღნიშნულ რეგიონში ძვ. წ. II ათასწლ. მიწურულს. ძვ. წ. VI–V სს. გ. სპარს. იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. ძვ. წ. V ს. მიწურულს კი – დამოუკიდებელი ქვეყანა. სპარსელთა ცდა, კვლავ შეეერთებინათ გამდგარი ქვეყანა, მარცხით დამთავრდა. ძვ. წ. I ს-ში გ. დაიპყრო დიდი სომხ. მეფე ტიგრან II-მ (ძვ. წ. 95–56), მოგვიანებით კი – რომაელთა სარდალმა პომპეუსმა. გამარჯვებულმა რომაელებმა თავდაპირველად გ. სოფენესთან ერთად სამმართველოდ გადასცეს ტიგრან II-ის ვაჟს ტიგრანს, ხოლო შემდეგ – კაპადოკიის მეფე არიობარზანეს (ძვ. წ. 95–63). ძვ. წ. I ს. 50-იან წლებში გ-სა და სოფენეს კვლავ დიდი არმენიის მეფეები დაეუფლნენ. ამის შემდეგ გ. სომხ. ორგ. ნაწილად იქცა.

გ-ს დასახლებულ პუნქტთა შორის ცნობილია შემდეგი ქალაქები: სარისა, სატალკა, პინაკა.

ლიტ.: მ ი ქ ე ლ ა ძ ე  თ., ქსენოფონტის „ანაბასისი", თბ., 1967; М е л и к и ш в и л и  Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. ჭეიშვილი