ვეფხვაძე თეიმურაზ ვალერიანის ძე (დ. 1. III. 1944, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1966). 1970–94 მუშაობდა თსუ-ში ზოგადი და უმაღლესი მათ. კათედრებზე, 1995–2006 – ფიზ. ფაკ-ტზე, 2006-იდან – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე, 1996-იდან (შეთავსებით) – პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრ. ინ-ტში. 2001–05 იყო საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა: რიცხვთა წარმოდგენა დადებითად განსაზღვრული კვადრატული ფორმებით და მასთან დაკავშირებული საკითხები კვადრატულ ფორმათა ანალიზური არითმეტიკიდან. ლიუვილის ცნობილი ფორმულების დამტკიცებისათვის (1965) ვ-მ მიიღო პირველი პრემია სტუდენტთა ნაშრომების საკავშ. კონკურსზე (1966).