გორის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1801 წ. 12 სექტემბერს.
1840 წ. 10 აპრ. დებულებით გ. მ. ახლად შექმნილი საქართველო-იმერეთის გუბ. შემადგენლობაში შევიდა და უბნებად დაიყო. ამიერკავკ. მხარის სამმართველოს უმაღლ. საბჭომ გ. მ. ხუთ უბნად დაყო: ქსნის (რ-შიც უნდა შესულიყო გაუქმებული დუშეთის მაზრის სოფლების ნაწილი), სურამის, პირველი ოსეთის, მეორე ოსეთისა და ხიდისთავის, თუმცა ეს დაყოფა არ განხორციელებულა.
1842 გ. მ-ს ჩამოსცილდა ოსური სოფლები და მათგან შეიქმნა დამოუკიდებელი ადმ.-ტერ. ერთეული – ოსეთის ოკრუგი, რ-იც საქართველოიმერეთის გუბ. შემადგენლობაში შედიოდა. გ. მ-ში დარჩენილი სოფლები, ე. წ. „მთის ხალხები", ახლად ჩამოყალიბებული მთის უბანს შეუერთეს. 1842-თვის გ. მ-ში ოთხი საპოლიციო უბანი გაფორმდა: მთის, ქსნის, სურამის, ხიდისთავის.
1843 საქართველო-იმერეთის გუბ. ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი ერთეული – მთის ოკრუგი, რამაც ცვლილებები გამოიწვია: გ. მ-ს ჩამოსცილდა მთის უბანი და მნიშვნელოვანი ნაწილი ქსნის უბნისა, მაზრაში დარჩენილი ქსნის უბნის ნაწილისაგან კი მთის საპოლიციო უბანი შეიქმნა. 1843-თვის გ. მ-ის ტერიტ. იყოფოდა შემდეგ საპოლიციო უბნებად: გორის, სურამის, ხიდისთავის.
1859 წ. 19 ივნ. გაუქმდა ოსეთის ოკრუგი. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ოსეთის უბნის სახით კვლავ დაუბრუნდა გ. მ-ს, რ-იც 1860 დასაწყისისათვის იყოფოდა ოთხ საპოლიციო უბნად: გორის, ოსეთის, სურამის, ხიდისთავის. 1864 ქსნის უბანი შევიდა გ. მ-ის შემადგენლობაში. 1865 გ. მ-ის სოფლები, ისევე როგორც სხვა მაზრების სოფლები, სასოფლო საზ-ბად გაერთიანდა.
1867 წ. 9 დეკ. დებულებით გაუქმდა გ. მ-ის უბნებად დაყოფა, მას ჩამოშორდა ყოფ. ქსნის უბანი, რ-იც ახლად ჩამოყალიბებული დუშეთის მაზრის შემადგენლობაში გადავიდა. ქვეყნის საპოლიციო უბნებად დაყოფის აღდგენის შემდეგ (1888) გ. მ-ში ჩამოყალიბდა ხუთი საპოლიციო უბანი: ახალქალაქის, ბორჯომის, სურამის, ტყვიავის, ცხინვალის.
1892 ახალქალაქის საპოლიციო უბანს უწოდეს ხიდისთავის უბანი, ხოლო ტყვიავისას – მეჯვრისხევისა. საქ. სსრ ადმ.-ტერ. დაყოფის მიხედვით, გ. მ. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რ-ნებს ემთხვეოდა.
გ. მ. 1930 გაუქმდა.
ზ. ცინცაძე