„ვეჩერნი ტბილისი”, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქალაქო გაზეთი. გამოდიოდა 1923-იდან კვირაში 4-ჯერ რუს. ენაზე (1985-იდან მთ. რედ. – ვ. ანასტასიადი) სხვადასხვა სახელწოდებით: „რაბოჩაია პრავდა”, „ტიფლისსკი რაბოჩი”, 1935 ეწოდა „ვ. ტ.” 1939 გაზეთის გამოცემა შეწყდა, აღდგა 1958. გაზეთის დევიზია: „თანხმობისა და თანამშრომლობისაკენ, მამულის აღორძინებისათვის”. მასში შუქდებოდა საქალაქო ცხოვრების პრობლემატიკის ყველა ასპექტი. 1993, სოხუმის მოვლენების შემდეგ, რედაქციის ბაზაზე გამოდიოდა გაზ. „დემოკრატიჩესკაია აბხაზია”, 1993–2005 – ყოველკვირეული დამატება გაზ. „გოლოს აბხაზიი”. ჰქონდა ყოველთვიური ახალგაზრდული დამატება, აგრეთვე ყოველთვიური დამატება გაზ. „ფანჯარა” (1998–2000) ქართ. ენაზე.