ვისოცკი ფელიქს მიხეილის ძე (20. XI. 1909, რიგა, – 1. VIII. 1982, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (1936). 1926–31 მუშაობდა კინოს რეკლამის მხატვრად. 1936–82 კინოსტუდია „ქართულ ფილმში” გადაიღო 30-მდე მხატვრული ფილმი, მ. შ. „დაგვიანებული სასიძო” (1939), „ქაჯანა” (1941), „ხიდი” (1942), „ოქროს ბილიკი” (1945), „აკაკის აკვანი” (1947), „ორი ოკეანის საიდუმლოება” (I–II სერია, 1955–56), „ყვავილი თოვლზე” (1959), „კეთილი ადამიანები” (1961), „ზღვის ბილიკი” (1962), „ხევისბერი გოჩა” (1964), „შეხვედრა წარსულთან” (1966), „მოლოდინი” (1969), „სემირამიდას ბაღები” (1970), „გაქცევა გათენებისას” (1975), „სამი ალიყური” (1982) და სხვ. გადაიღო აგრეთვე მრავალი დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტი, ფილმი-ბალეტი „ოტელო” (1961). ვ. გამოირჩეოდა საკუთარი ხელწერითა და დახვეწილი გემოვნებით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.