გორისციხე, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ტყარშეტის მთის სამხრ.-აღმ. კალთის ძირას, მდ. თერგის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ტყარშეტი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი). ზ. დ. 1870 მ, სტეფანწმინდიდან 12 კმ . 283 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია ორი დანგრეული კოშკი, რ-თაგან ერთს „ავსაჯანიანთ ციხეს" ეძახიან, მეორეს – „მამაწმინდის ხატს". მდინარის ნაპირას, მაღალ კლდეზე, აღმართულია XVII ს. კოშკი. იგი თითქმის კლდესთან არის შერწყმული და, როგორც ჩანს, 3–4 სართულიანი იყო. შემორჩენილია I სართული. შესასვლელი დას-იდან აქვს. ოთხივე კედელში განლაგებულია სათოფურები.
ლიტ.: ი თ ო ნ ი შ ვ ი ლ ი ვ., ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ხევი, თბ., 1934.
ჯ. გვასალია
პ. ზაქარაია