„ვაგონმშენებელი კომპანია“

„ვაგონმშენებელი კომპანია” (შპს), სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საწარმო საქართველოში (კერძო საკუთრება; დამაარსებელი და მფლობელი ბ. წილოსანი). დაფუძნდა 2005 რუსთავში. მისი ამუშავებით ქვეყანაში დაიწყო ახ. ეტაპი სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ყველა ტიპის სატვირთო ვაგონების (ნავთობმზიდი ცისტერნები, ნახევარვაგონები, კონტეინერმზიდები, ხორბალმზიდები, ცემენტმზიდები და სხვ.) წარმოება, ასევე ყველა ტიპის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზების, შეკეთების, კაპიტ. რემონტისა და სხვა სახის სამუშაოები. ქ-ნა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და მოწინავე ტექნოლოგიებით, დანერგილია ინოვაციური მეთოდები. გამოშვებული პროდუქცია შეესაბამება ევროპ. სტანდარტებს და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საწარმოს პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის რკინიგზებთან, აგრეთვე რუსეთის, უკრაინის, შუა აზიისა და ევროპის ქვეყნების სხვადასხვა კომპანიებთან. კომპანია ფლობს ხარისხის მართვის საერთაშ. სისტემის სერთიფიკატს ISO-9001-2000-ს. „ვ. კ.” 2008-იდან გაერთიანებულია „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში” (ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანასა და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატთან ერთად).

ბ. წილოსანი