ვაველის მუზარადი, XIV ს. უიშვიათესი აღმოსავლური მუზარადი; გამოჭედილია ფოლადის ერთი ნაჭრისაგან, აქვს დაბალი გვირგვინი სამყურა ორნამენტით, სათვალის ჭრილები დეკორ. „წარბების” კვალით; სათვალის ჭრილებს შორის ბუდეა ბრტყელი საცხვირისათვის; გუმბათის ქვედა კიდეზე მოქლონით დამაგრებული ზარადის საკიდი კავებია, გაყრილი ლითონის წნელით, რ-ზეც ზარადის ჯაჭვის ზედა რგოლები იყო დაკიდებული. მუზარადის თავზე სამყურა ორნამენტით შედგენილი როზეტია წარწერით. ვ. მ-ის მასაა 985 გ, სიმაღლე – 20 სმ, დიამეტრი – 21,5 სმ. დიდი ხნის განმავლობაში ვ. მ. სპარს. ნახელავად ითვლებოდა და მისი წარწერის შინაარსი უცნობი რჩებოდა. ამჟამად დადგენილია მუზარადის ქართ. წარმომავლობა და მისი ადგილი აღმოსავლური ზუჩების ევოლ. პროცესში. ვ. მ-ს წინამორბედი მუზარადები დადასტურებულია XII ს-ის ჯრუჭის ოთხთავისა და XIV ს-ის დავითნის მინიატურებში (H 1665) და დაცულია საქართვ. ეროვნულ მუზეუმში ე. წ. ჯალალ ად-დინის მუზარადის სახელით. ვ. მ-ის შემდგომ ევოლუციას ვხედავთ XVII ს-ის მამუკა თავაქარაშვილის „ვეფხისტყაოსნის” მინიატურებში და ქ. კასტელის ალბომში, რაც საქართველოში ასეთი ფორმის ზუჩის წარმოების ტრადიციაზე მიუთითებს. ვ. მ. ეკუთვნოდა XVII ს. მოღვაწე, იმერეთის ძლიერი ფეოდ. გვარის წარმომადგენელს, საზვერელ ჩიჯავაძეს, რ-ის მფლობელობის დროსაც მუზარადზე დატანილია ქართ. წარწერა: ღმერთო და მხნეო მხედარო, დიდო წმინდ(ა)ო გიორგიო, გ(ა)უმარჯვე ჩიჯ(ა)ვაძეს საზვ(ე)რელს. მუზარადი უცხოეთში ჩიჯავაძის დაღუპვის შემდეგ (XVII ს. II ნახ.) მოხვდა. 1946-იდან დაცულია კრაკოვში (პოლონეთი), ვაველის სასახლის მუზეუმში. წარმოადგენდა თავადი კრასინსკების საკუთრებას.
ლიტ.: წ უ რ წ უ მ ი ა მ., მუზარადი ვაველის მუზეუმიდან და მისი ადგილი აღმოსავლური ზუჩების ევოლუციის პროცესში, ჟურნ. «ქართველოლოგია», V, 2010; The Helmet from the Wawel Royal Castle Museum and its place in the evolution of Oriental Helmet, «Acta Militaria Mediaevalia», VII, 2011.
მ. წურწუმია