„ვაინმენი“

„ვაინმენი” (Wine Man), შპს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1998 სოფ. წინანდალში (ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი) ალექსანდრე ჯორჯაძის მიერ (ამ გვარის წარმომადგენლებმა, რ-ებიც წარმოშობით კახეთიდან არიან, XVIII –XIX სს-ში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართ. მეღვინეობის განვითარებაში). კომპანია აწარმოებს ქართ. კლასიკურ ღვინოებს (საფერავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი, წინანდალი, რქაწითელი, ფიროსმანი და სხვ.) სავაჭრო ნიშნით „ვაინმენი”. ამასთან ერთად 2009-იდან დაიწყო ახ. ღვინოების გამოშვება სავაჭრო ნიშნით „სანთელი”. ამ ღვინოების საწარმოებლად გამოიყენება ახლად გაშენებულ ვენახებში დაკრეფილი ყურძენი. ასეთი ყურძნისგან დამზადებული „სანთლის” ღვინოები გამოირჩევა სხვადასხვა ხილის გემოს ინტენს. გამოხატულებით. „ვ.” სრული ციკლის საწარმოა, სადაც წარმოდგენილია წარმოების ყველა პროცესი, დაწყებული ყურძნის გადამუშავებიდან – დამთავრებული ღვინის ჩამოსხმით. საწარმო ნედლეულით მარაგდება წინანდლისა და მუკუზნის მიკროზონების საზღვარზე კახიფარის მიდამოებში მდებარე საკუთარი სავენახე ადგილ-მამულებიდან და კახეთისა და რაჭის სხვადასხვა სოფლების ადგილობრივი მევენახეებისგან. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე 3000000 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა წელიწადში. აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით (იტალიური წარმოების ჩამოსხმის ხაზი, უჟანგავი ფოლადის ცისტერნები და ა. შ.). პროდუქცია გადის საექსპორტოდ უკრაინაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში და სხვ. კომპანიის პროდუქციას 2010–12 წლებში საერთაშ. გამოფენებსა და დეგუსტაციებზე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მ. შ.: 4 ოქროს, 9 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი.