ვალდებულებითი სამართალი, სამოქალაქო სამართლის იმ ნორმათა ერთობლიობა, რ-იც აწესრიგებს ქონების გადაცემასა და სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასა და სხვა სამოქალაქო-სამართ. ვალდებულებებთან დაკავშირებით დამყარებულ ურთიერთობებს. ვ. ს. შედგება ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან. ზოგადი ნაწილის ნორმებით, რ-ებსაც ყველა ვალდებულების მიმართ იყენებენ, განისაზღვრება ვალდებულების ცნება და მისი წარმოშობის და შეწყვეტის საფუძვლები, შინაარსი და შესრულების წესი, პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და სხვ.; კერძო ნაწილის ნორმებით რეგულირდება ცალკეული ვალდებულებები (მაგ., ნასყიდობა, ქირავნობა, ნარდობა, გადაზიდვა). თვით ვალდებულება სამოქალაქო-სამართ. ურთიერთობაა, რ-ის ძალით მისი ერთი მონაწილე (კრედიტორი) უფლებამოსილია მოსთხოვოს მეორე მონაწილეს (მოვალეს) რაიმე მოქმედების შესრულება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გაუწიოს მომსახურება და სხვა). შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც (მაგ., საგამომცემლო ხელშეკრულების ვადის განმავლობაში არ გადასცეს სხვას თავისი ნაწარმოების გამოყენების უფლება). ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული იურიდ. ფაქტების სა-ფუძველზე, რ-თაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელშეკრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ცალმხრივი გარიგების საფუძველზეც (მაგ., ჯილდოს საჯაროდ დაპირების შედეგად), ზიანის მიყენებიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან და სხვა; იმის მიხედვით, ხელშეკრულებიდანაა წარმოშობილი თუ სხვა იურიდ. ფაქტიდან, ვალდებულებები იყოფა ორ ტიპად: სახელშეკრულებო ვალდებულებად და არასახელშეკრულებო ვალდებულებად. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შინაარსი განისაზღვრება არა მხოლოდ კანონით, არამედ ასევე ხელშეკრულების მონაწილეთა შეთანხმებით. არასახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსი კი დამოკიდებულია კანონზე ან კანონსა და ვალდებულების ერთი მხარის ნებაზე. ვ. ს-ის ნორმები ჩამოყალიბებულია საქართვ. სამოქალაქო კოდექსში (წიგნი მესამე, მ. მ. 316 –1016). ვ. ს. საკმაოდ განვითარებული იყო ძვ. საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ. ქართ. ვ. ს-ის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ნასყიდობა, ნაჩუქრობა, ქირავნობა (ქონების ქირავნობა, პირადი ქირავნობა), სესხი და ქონებით უსასყიდლო სარგებლობა (ნათხოვრობა). მათ მომწესრიგებელ ნორმებს შეიცავს „ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ”, „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე”, „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” და სხვა სამართ. ძეგლები.
ლიტ.: ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე ი., ქართული ვალდებულებითი სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1976; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984); K l u t m a n n R., Analyse des national – grusinischen Obligationenrechts im Kodex König Wachtangs VI, «Zeitschrift für vergleichende Rechtswissenschaft», 1908, Bd. 21.
ზ. ახვლედიანი
ი. ფუტკარაძე