ვალე (Valle) პიეტრო დელა (11. IV. 1586, რომი, – 21. IV. 1652, იქვე), იტალიელი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე, მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, თეოლოგი, დიპლომატი, მუსიკათმცოდნე. იცოდა მრავალი ენა. ეკუთვნოდა რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს. 1614–26 იმოგზაურა აღმ. ქვეყნებში (ოსმალეთი, არაბეთი, პალესტინა, ეგვიპტე, ერაყი, სპარსეთი, ინდოეთი), რამდენიმე წელი დაყო შაჰ-აბას I-ის კარზე. აქ იგი დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველებს (მ. შ. ქეთევან დედოფალს), ჰქონდა მათთან მიმოწერა, რის საფუძველზეც აღწერა საქართველო და ქართველები. 1626 წ. 28 მარტს ვ. დაბრუნდა რომში და პაპ ურბან VIII-ს წარუდგინა მოხსენება საქართველოს შესახებ (გამოქვეყნდა 1627). ვ. ცდილობდა, ვატიკანის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ საქართველო – დამოუკიდებელი და ქრისტ. სახელმწიფო – სავსებით შესაძლებელი იყო, შემდგომში კათოლ. ქვეყანა გამხდარიყო, რაც მას სასიკეთოდ მოუბრუნდებოდა. მაგრამ, ვ-ს აზრით, პირველ რიგში საჭირო იყო საქართველოს მძიმე პოლიტ. მდგომარეობით სათანადო დაინტერესება, უნდა დასრულებულიყო ის დაუშვებელი ინდიფერენტიზმი, რასაც აქამდე იჩენდა მთელი კათოლ. სამყარო და მისი ციტადელი – ვატიკანი – საქართველოსა და მისი ხალხისადმი. „მოხსენებაში” აღწერილია საქართვ. გეოგრაფია, საზ. წყობილება, საეკლ. ორგანიზაცია; დახასიათებულია შაჰ-აბასის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აბას I-ის მიერ მრავალი ათასი ქართველის სპარსეთში იძულებით გადასახლებას იგი „ქართველების დიდ გადასახლებას” უწოდებს. ავტორი თეიმურაზ I-ის პოლიტიკის დახასიათებისას, მიუთითებს მის რუს. ორიენტაციაზე და სხვ. მოხსენებაში ვ. გ. სააკაძის პიროვნებას მუქ ფერებში წარმოაჩენს, როგორც რენეგატსა და საქართვ. მოღალატეს. მხოლოდ წერილის ბოლოს გაკვრით მიანიშნებს იმ უდიდეს პოზიტიურ როლზე, რ-იც გ. სააკაძემ ისტ. მოვლენების შემდგომ განვითარებაში ითამაშა, კერძოდ, როგორ ჩაშალა სპარს. შაჰის ვერაგული გეგმები საქართველოს მიმართ. ვ-ს ცნობით (1627), ოდიშისა და გურიის სამთავროს ქვეშევრდომები გულთბილად იღებდნენ თავიანთ ქვეყანაში კაზაკებს, რ-ებიც დნეპრის შესართავთან ცხოვრობდნენ. თვით პოლონეთის ხელმწიფეს მიმოწერა და მეგობრობა ჰქონდა ქართვ. მთავრებთან. „ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში სავაჭრო ხომალდები დადიოდნენ. კაზაკები ხშირად მთავრების სავაჭრო გემებს მფარველობდნენ”. „მოხსენების” ქართ. თარგმანი პირველად 1879 გამოქვეყნდა „ივერიაში”. ვ. საქართველოში კათოლ. (თეატინელთა) მისიის მოწყობისა და რომში პირველი ბეჭდური ქართ. წიგნების გამოცემის ინიციატორი იყო ნიკიფორე ირბახთან (იხ. ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ) ერთად; აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველებისათვის რომში კათოლ. კოლეგიუმის დაარსებაში. ვ-მ მეორედ იქორწინა ტყვეობიდან მის მიერ გამოსყიდულ სპარს. კარზე მყოფ ქართვ. ქალზე – თინათინ-მარია ძიბაზე, რ-თანაც 14 შვილი შეეძინა. 1630 წ. 18 მაისს ვ. პიეტრო ავიტაბილესადმი გაგზავნილ წერილში წერდა „... საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ახლა ჩემი სიყვარული მისადმი უფრო გაძლიერდა. მე ვალში ვარ... ქართველი ხალხის წინაშე. ამ სიყვარულის ნიშნად ჩემს ქალიშვილს დავარქვი რომიბერი (რომი და იბერია), რადგან მსურს ჩვენი ორი ერი მუდამ მჭიდრო კავშირში იყოს ერთმანეთთან...”.
ლიტ.: Ватейшвили Дж. Л., Грузия и европейские страны, т. 1, кн. 2, М., 2003; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.
ე. მამისთვალიშვილი