ვალე

ვალე, ქალაქი (1962-იდან) სამხრ. საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მდ. ფოცხოვისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ერუშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 1170 , ახალციხიდან 12 კმ. 5,3 ათ. მცხ. (2002). ვ-ში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9ºC, იანვ. –3,8ºC, ივლ. 20,2ºC. ნალექები 550 მმ წელიწადში. ვ., როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით (დაბალი ტექ.-ეკონ. მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება ამჟამად შეწყვეტილია). მოსახლ. ნაწილი ეწევა სას.-სამ. საქმიანობას. ქალაქში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი წვრილი საწარმოები, საჯარო სკოლები. ვ-ში შემორჩენილია ნათლისმცემლის ნაეკლესიარი და X ს. ბოლო მეოთხედის ღვთისმშობლის ტაძარი, რ-ზედაც შემონახულია ასომთავრული და მხედრული წარწერები (იხ. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია), დგას აგრეთვე ღვთისმშობლის კათოლ. ეკლესია. ქალაქის მახლობლად, მდ. ფოცხოვისწყლის მარცხ. სანაპიროზე, შემორჩენილია პერანგშემოძარცული დარბაზული ეკლესიის ნაშთი ირქის წმ. გიორგის სახელწოდებით. გადმოცემის თანახმად, აქ ირმები მოდიოდნენ და ეწირებოდნენ წმ. გიორგის. ამიტომ ჰქვია „ირმის რქის” ანუ „ირქის წმ. გიორგი”. მდ. ფოცხოვისწყალზე, დღევანდელი ხიდის სიახლოვეს, ძველი ნახიდარის ნაშთია. ოსმალთა მიერ დაპყრობილ სამცხეში 1595 სოფ. ვ. ახალციხის ლივაში ჩრდილის რ-ნის ცენტრი იყო. აქ ცხოვრობდა 59 კომლი ქართველი: ვარძელა ილარიონისძე, რევაზა დათუნასძე, ნადირა გოგორისძე, ვარძელა ზეინკლისშვილი, ოქროპირ ქამაზასძე, ცხადა თადეოზასძე, ახალბედ ბადურასძე, აზარია მღვდელი და სხვ. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი; ჰქონდათ ხილი, კაკალი, ბოსტნები, ვენახი; წისქვილი ერთი თვალი სრული წლით; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. ვ-ს მიმდებარე ადგილების, ვენახისა და ბაღის სარწყავად ძველთაგანვე მდ. ბორბალას წყალს და წყალთბილას წყლის ნახევარს იყენებდნენ. სოფლის მოსახლეობა წლიურად 25 ათას ახჩას იხდიდა. 1933 ვ-ში 400 კომლი ცხოვრობდა: ქართვ. კათოლიკე – 250 კომლი, ქართვ. მართლმადიდებელი – 60 კომლი, ქართვ. მაჰმადიანი – 90 კომლი. ამ უკანასკნელთა გვარები იყო: ჭავჭავაძე, ამილახვარი, ბოჭოშვილი, ჩიტაძე, ბერიძე, ნადირაძე, კაპანაძე. ამჟამად ვ-ში ცხოვრობს 650 კომლი, ძირითადად ქართვ. მართლმადიდებლები და კათოლიკეები. მათი გვარებია: ასპანიძე, დიასამიძე, გიორგაძე, დარბაზოვი, კოპაძე, დემეტრაძე, ხმალაძე, ჩიტაძე, გოგოლაშვილი, ნასყიდაშვილი, თელიაშვილი, ათუნაშვილი, ჯანაშვილი.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941.

ლიტ.: ბ ო ჭ ო რ ი ძ ე  გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.

დ. ბერძენიშვილი

ვ. ჯაოშვილი