II. ისტორია. მტკვრის შუაწელის ტაფობი, რ-ზეც გაშლილია ახლანდ. ქალაქი თ., თავისი ბუნებრივგეოგრ. ხელსაყრელი პირობების გამო მოსახლეობამ უძველესი პერიოდიდანვე აითვისა. ძვ. წ. V–IV ათასწლეულიდან დაწყებული მტკვრის ორივე სანაპირო უწყვეტად იყო დასახლებული იმ დრომდე, ვიდრე თ. ქალაქურ დასახლებად გადაიქცეოდა. ეს დასტურდება იმ არქეოლ. გათხრებით, რებიც ახლანდ. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალი ათეული წელიწადია ტარდება. თის ტერიტორიაზე ნასახლარები 6000 წლის წინა პერიოდით თარიღდება. ნუმიზმატიკური და არქეოლ. მასალის საფუძველზე ფიქრობენ, რომ ახ. წ. I–II სს-ში თ-ის ტერიტორიაზე უნდა წარმოქმნილიყო ქალაქური ტიპის დასახლება (იხ. სტ. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები). IV ს-ში აქ ციხე იყო, რიც ამავე საუკუნის 70-იან წლებში სასანური სპარსეთის დიდმოხელის – პიტიახშის რეზიდენციას წარმოადგენდა. V ს. შუა წლებიდან თ. ქართლის მეფეთა ხელშია, ხოლო V ს. ბოლოს უკვე ქალაქად იქცა. ეს მოვლენა ვახტანგ I გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული. ერთერთი ლეგენდის მიხედვით, მცხეთიდან სანადიროდ გამოსული ვახტანგი ტყეში შემთხვევით წააწყდა ცხელ გოგირდოვან წყაროს, რშიც მისი შევარდენი ნანადირევი ხოხბითურთ ჩაიფუფქა. მეფეს მოეწონა ადგილმდებარეობა და ბრძანა აქ ქალაქის აშენება, რ-საც თბილი წყაროების გამო „თბილისი“ უწოდა. მისმა მემკვიდრემ დაჩი უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაასრულა ზღუდეგალავნის აგება და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თ-ში გადმოიტანა.
ძველქართულად ქალაქს „ტფილისი“ (`ტფილი”-დან) ერქვა და ამ სახელწოდებით გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში – „ტიფლის“; არაბულსპარსულში – „თიფლის“; სომხურში – „ტფღის“; ბერძნულში – „ტეფილის“). მაგრამ, გარდა ამ ჩვეულებრივი სახელწოდებისა, ისტორიულად დასავლელი ქართველები (მეგრელჭანები, სვანები) მას „ქართის“ უწოდებდნენ, ქართლის სამეფოს უძველესი ცენტრის „ქართლის“ (არმაზის) მიხედვით. თ-ის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდ. „აბანოთუბანი“). სამხრ.აღმ-ით ქალაქი შემოფარგლული იყო ბაღებით, ჩრდ.აღმით მტკვარი საზღვრავდა, სამხრ.დასით – თაბორის ქედის კალთები, სამხრით კი – წავკისისწყალი (იხ. ლეღვთახევი). IV საუკუნეშივე წარმოიშვა თის მეორე უბანი კალა ციხითურთ. შემდგომში ქალაქი იზრდებოდა მტკვრის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ზრდას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრ. მდებარეობა: იგი სამხრ. კავკასიაზე გამავალი აღმ.დასისა და ჩრდ.სამხრ-ის დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალების გადაკვეთის ადგილზე იყო. თ. თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. VI ს. 30-იან წლებში სპარსელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და თ. თავიანთი დიდმოხელის – მარზპანის რეზიდენციად აქციეს. ქალაქში მაინც რჩებოდა ადგილ. ეროვნ. ხელისუფლება ქართლის მამასახლისისა და მთავართა სახით, ხოლო 70-იანი წლებიდან იგი ქართლის სახელმწიფოს უზენაესი ხელისუფლის – ერისმთავრის რეზიდენცია გახდა. როგორც ირკვევა, VI ს-ში და VII ს. დასაწყისისათვის ქალაქის ჩრდ.დას. საზღვარი ახლანდ. ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე მიდიოდა. სიონში თბილელი ეპისკოპოსი იჯდა, ხოლო შიდაციხეში მეფეერისმთავრების რეზიდენცია იყო. VII ს. 20-იან წლებში, როდესაც ქართლი სპარსეთის ვასალური სახელმწიფო იყო, მას ალყა შემოარტყეს ბიზანტიელთა და ხაზართა შეერთებულმა ჯარებმა (იხ. თბილისისათვის ბრძოლა 627–628). VII ს. შუა წლებიდან იწყება არაბთა ბატონობა (იხ. არაბობა). VIII ს. 40-იანი წლებიდან თ-ში დამკვიდრდა არაბი ხალიფის ნაცვალი, არაბი დიდმოხელე ამირა, და საფუძველი ჩაეყარა თბილისის საამიროს. IX ს. დამდეგიდან არაბი ამირების სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერების გამო გახშირდა დამსჯელი ექსპედიციები ქართლში (იხ. ბუღა თურქის ლაშქრობა 853–854). მიუხედავად ამისა, IX ს. ბოლოდან მთელი X ს. განმავლობაში თ-ის საამირო, რიც ამ დროისთვის მოიცავდა დაახლ. ქვემო ქართლის ტერიტორიას, დიღმის ხეობას და მტკვრის მარცხ. სანაპირო ზოლს, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა.
VIII–X სს. თ-ის გარეგნული სახისა და ეკონ. ვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია შემონახული ქართ., არაბ. და სომხ. წყაროებში. იოანე საბანის ძის (VIII ს.) მიხედვით, მტკვრის მარჯვ. მხარეს იყო განლაგებული საკუთრივ ქალაქი არაბი ამირას სასახლითურთ, რ-ის მახლობლადაც ეკლესია იდგა. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, მაღლობზე, კლდის პირზე, ციხესიმაგრე (სადილეგო) იყო; იქვე მდებარეობდა ქალაქის სასაფლაო (ამ ადგილს საგოდებელი ერქვა). ამ დროს აქ ქალაქური დასახლება აღარ დასტურდება. დაახლ. ასეთივე ვითარება იყო IX–X სსშიც. ამ დროს თ-ის გალავანი, ამირას სასახლე და სხვა ნაგებობანიც ძელური ყოფილა, რითაც ისარგებლა ბუღა თურქმა და ქალაქი ცეცხლს მისცა (როგორც ჩანს, ძველი, V–VI სსში ნაგები ქვის გალავანი VII–VIII სს. ბრძოლების დროს დანგრეულა. იგი ხის საფორტიფიკაციო ნაგებობით შეუცვლიათ). თ-ის დაუფლებისათვის ცვალებადი წარმატებით ებრძოდა ამირას ბაგრატ IV. 1045 თ-ის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა – თბილელი ბერების ხელში გადავიდა. 1068 სელჩუკიანთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა ქალაქი. 1082–1122 შორის თ-ს კვლავ თბილელი ბერები განაგებდნენ. XII ს. დასაწყისიდან, დავით IV აღმაშენებელმა დაიწყო გეგმაზომიერი ბრძოლა საქართველოსა და კავკასიის გაერთიანებისთვის, რაც თ-ის შემოერთებით უნდა დამთავრებულიყო. 1121 დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა თც აიღო (1122 იანვარი) და „ოთხას წელ სპარსთა ქონებული“ დედაქალაქი კვლავ საქართველოს დაუბრუნა. დავით IV, ითვალისწინებდა რა იმ გარემოებას, რომ თ. საუკუნეთა განმავლობაში მაჰმადიანურ სამყაროში იყო მოქცეული, პატივით ეკიდებოდა მუსლიმანებს, ყურადღებას იჩენდა მათი სარწმუნოების მიმართ. დავითის მიერ თბილისელი მუსლიმანებისთვის დაწესებული შეღავათები მისი შვილის – დემეტრეს მეფობაშიც მოქმედებდა (ალფარიკი). XII ს. განმავლობაში მიმდინარეობდა თ-ის საქალაქო წესწყობილებისა და, საერთოდ, ცხოვრების ეროვნ. ყაიდაზე გარდაქმნა, „გაქართულება“. თუკი ამ საუკუნის ბოლოს და შემდეგაც თ-ის საქალაქო მმართველობის სამოხელეო ტერმინოლოგიაში კიდევ გვხვდება არაბ.სპარს. სიტყვები, ეს მხოლოდ გარეგნული ფორმაა (მაგ., თ-ის გამგებელს ამიერიდან „ქალაქის ამირა“, ხოლო XII ს. ბოლოდან – „ქალაქის ამირთა ამირა“ ერქვა), თუმცა თავისი რეალური შინაარსით ქალაქური მმართველობა უკვე ქართ. იყო. იმდროინდელ წყაროებში მოხსენიებული არიან თის ამირთა ამირას ხელქვეითი მოხელენი: „მუქიფი, მუშრიბი, ქალაქის ამირანი, მეჭურჭლენი ქალაქისანი“ და საქალაქო ეკონომიკასთან თუ გამგებლობის სხვა სფეროსთან დაკავშირებული „ხელოსანნი“, რ-ნიც ამირთა ამირასთან ერთად სახელმწ. „ფინანსთა მინისტრის“ – მეჭურჭლეთუხუცესის – უწყებაში შედიოდნენ. თს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან და, რა თქმა უნდა, სამხრ. და ჩრდ. კავკასიის ქვეყნებთან. XI–XII სს-ში თ-ის დასახლება გაიზარდა. მართალია, მისი სამხრ.აღმ. საზღვარი საუკუნეების განმავლობაში იგივე დარჩა (ახლანდ. სამასი არაგველის სახ. ბაღთან), მაგრამ ქალაქი მტკვრის აყოლებით ფართოვდებოდა და XII ს. ბოლოს ლურჯი მონასტერი უკვე მის ფარგლებში შედიოდა. კიდევ უფრო გაფართოვდა ისნის უბანიც, სადაც სამეფო სასახლე და კარის ეკლესია იდგა. ქალაქი კვლავ გალავანკოშკებით იყო დაცული. XI ს. მემატიანემ ამ გამაგრების სისტემის რამდენიმე სახელიც კი შემოგვინახა: წყალყინის და კართა კოშკები, თაბორი, ქალაქის ციხესიმაგრე დარიჯელი. მტკვარზე დიდი ერთმალიანი ხიდი იყო გადებული. იქვე წისქვილები იყო ჩარიგებული, რებიც ნაპირზე ჯაჭვით იყო დამაგრებული. მოედანზე, ბაზარი მდებარეობდა. ავლაბარში მტკვრისპირა კლდეზე გამაგრებული ნაგებობები იდგა. XIII ს. დასაწყისის წყარო გვამცნობს: „წყალი ციხეს ძალიან ახლო ჩაუდის, ასე რომ, რასაც სარკმელებიდან გადმოაგდებენ და გადმოყრიან, წყალში ცვივა“.
უცხოელი თვითმხილველი მოგზაურისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თ. ფრიად კეთილმოწყობილი ქალაქი იყო. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ასეთი ცნობა: XII ს. II ნახევარში ქალაქში 40 გოგირდის აბანო იყო, XIII ს. დასაწყისში კი მათმა რიცხვმა უკვე 65 მიაღწია; აქვე გაშენებული იყო საავადმყოფოები, ქარვასლები და სხვ. გაიზარდა მოსახლ. რაოდენობაც. თუ IX ს. შუა წლებისათვის თში დაახლ. 50000მდე მცხოვრები ითვლებოდა, XII ს. დამდეგს მათი რაოდენობა 100000 გახდა. სამეფო კარის გარდა, აქ სახლები ფეოდ. არისტოკრატიასაც ჰქონდა. თის „მკვიდრებად“ ითვლებოდნენ მოქალაქეთა პრივილეგიური ზედაფენის წარმომადგენლები, პირველ რიგში – დიდვაჭრები. მათ გვერდით, ცხადია, საშ. და წვრილი ვაჭრებიც იყვნენ, რებიც ამქრულ ორგანიზაციებში გაერთიანებულ ხელოსნებთან ერთად „ქალაქის ერს“ ქმნიდნენ. სოც. იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა ქალაქის უპოვარი მოსახლეობა – „ქალაქის გლახაკნი“. გარდა სავაჭროეკონ. თუ პოლიტ. მნიშვნელობისა, თ. იმ დროისთვის მნიშვნელოვანი კულტ. ცენტრი იყო. ეკლესიების, ქრისტ. კულტ. კერების გვერდით მეჩეთებიც საკმაო რაოდენობით იდგა, არსებობდა ნაგებობანი მუსლიმანი მქადაგებლებისათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის. ერთი იმდროინდელი ავტორის ცნობით, XII სში თ. მრავალეროვანი ქალაქი იყო. აქ მუსლიმანები და ქართველები ერთმანეთში აღრევით ცხოვრობდნენ. მეორე ავტორი (ალ-სამანი) მოგვითხრობს, რომ თ. სახელგანთქმული იყო თავისი სწავლულებით, რთაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ მეცნ. და კულტ. ისეთ ცენტრებთან, როგორიც იყო ბაღდადი, იერუსალიმი, დამასკი, მერვი, ნიშაბური, ისპაანი, მექა, ჰალაბი (ალეპო) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ უაღრესად გაცხოველებული სავაჭროეკონ., კულტ.პოლიტ. ურთიერთობის შესატყვისი იყო თის მკვიდრ მოქალაქეთა სოც. განვითარების დონეც. კერძოდ, თამარის მეფობის პირველივე წლებში დაწყებულ პოლიტ. მოძრაობაში, რ-საც ყუთლუარსლანი ხელმძღვანელობდა, თ-ის მოქალაქეთა ზედაფენას გარკვეული წვლილი მიუძღვის (იხ. სტები: ყუთლუარსლანის დასის გამოსვლა, „კარავი“).
1226 თ-ზე ილაშქრა ხვარაზმის სულთანმა ჯალალედინმა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, ქალაქი აოხრდა (იხ. ხვარაზმელები საქართველოში). XIII ს. 40-იან წლებში მონღოლები გამოჩდნენ, თუმცა თ. მაინც ქვეყნის ცენტრად რჩებოდა. 1249 თ-ში მონღოლთა წინააღმდეგ დაიგეგმა შეთქმულება, რ-იც შინაგამცემთა წყალობით ჩაიშალა. ასევე მარცხით დამთავრდა 1259 და 1260 აჯანყებები. 1254 მონღოლებმა საქართველო მთლიანად აღწერეს და 14 სახის გადასახადი დაუწესეს. ხვარაზმელთა და მონღოლთა შემოსევებს შეეწირა ქალაქის სამხრით მდებარე ერთერთი მნიშვნელოვანი სამეთუნეო სახელოსნო უბანი, რიც მდებარეობდა „განჯის კარად“ წოდებულ ქალაქის ძვ. ზღუდის შემორჩენილ ნაწილთან (სამასი არაგველის სახ. ბაღის ტერიტ., იხ. სტ. „განჯისკარი“). საერთოდ, XIII ს. თ-ის მოსახლეობა ეკონ. სიდუხჭირეს განიცდიდა, რის დასტურიც იყო ქალაქში გლახაკდავრდომილთა სიმრავლე. მონღოლთა ბატონობის შემდეგ, 1261–62 მეფეებმა დავით ნარინმა და დავით ულუმ „დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად“, ამასთან ორად გაიყვეს „თავადნი სამეფოსი“. ასევე გაყვეს „ტფილისი – ორად, ქუთაისი – ორად“ (ჟამთააღმწერელი). XIV ს. შუა წლებში საქართველოში და, კერძოდ, თ-ში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ 80-იან წლებში საქართვ. სამხრ. საზღვარი გადმოლახა თემურლენგის ურიცხვმა ლაშქარმა, დაარბია ჯავახეთი და თ-ისკენ გამოემართა. საგულდაგულოდ გამაგრებული თის ციხე თემურლენგის ლაშქარმა, ერთი შეტევით ვერ აიღო, დახოცილთა რაოდენობა კი მეტად დიდი იყო. თემურლენგი თს კიდევ სამჯერ დაესხა თავს (იხ. აგრეთვე თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). ეს დამანგრეველი ლაშქრობები დროის მეტად მცირე მონაკვეთში მოხდა, რის გამოც ქალაქის მოსახლეობა დანგრეულ, გადამწვარ თში სამშ.აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ვეღარ ახერხებდა. ალექსანდრე I-ის მეფობისას დაიწყო დანგრეული ქვეყნის შეძლებისდაგვარად შენებააღდგენა, თ-ს დაუბრუნდა გახიზნული მოსახლეობა, თანდათან გამოცოცხლდა მოშლილი საქალაქო მეურნეობა. სახელმწ. შემოსავლის გაზრდის მიზნით მეფემ შემოიღო გადასახადი მალი – კომლზე ორმოცი თეთრი. აღნიშნულმა ღონისძიებამ სულ მალე გამოიღო შედეგი და ქვეყანაში დაიწყო აღმავლობა, აღორძინდა დაქცეული ეკლესიამონასტრები და ა. შ. ამის შემდეგ ალექსანდრე I-მა ზემოხსენებული გადასახადი გააუქმა.
1440 თავრიზის მმართველმა ჯეჰან-შაჰმა თ. დაანგრია, ააოხრა და ცეცხლს მისცა (იხ. ჯეჰან-შაჰის ლაშქრობანი საქართველოში). 1466 ქუთაისიდან თში გადმოვიდა და გიორგი VIII-ის საწინააღმდეგოდ სამეფო ტახტი დაიკავა ბაგრატ VI-მ (ქართლ-იმერეთის მეფე). 1474 თში კვლავ მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, რ-მაც მოსახლ. დიდი ნაწილი შეიწირა. 1477 აყყოიუნლუს თურქმანთა გამგებელმა უზუნ-ჰასანმა თ-ში თავისი გარნიზონი ჩააყენა (იხ. უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში 1477). 1478 იანვარში უზუნ-ჰასანის სიკვდილით ისარგებლეს ქართველებმა – მეციხოვნე ყიზილბაშები გაჟლიტეს და ქალაქი გაათავისუფლეს. 1487 და 1490 მტრის შემოტევები თ-ზე უშედეგოდ დასრულდა, ქალაქს აღმშენებლობისა და მშვიდობიანობის მოკლე პერიოდი დაუდგა. 1490, საქართველოს ცალკეულ სამეფოსამთავროებად დაშლის შემდეგ, თ. მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტ. და ადმ. ცენტრი გახდა. შაჰ ისმაილ I-ის თ-ზე ლაშქრობების (1520–21) დროს ყიზილბაშებმა ციხისთავის ღალატის გამო (სპარსელებმა იგი დიდი ქრთამით მოისყიდეს) ქალაქი აიღეს, დამპყრობლებმა ხელი მიჰყვეს მოსახლეობის ძარცვას, ხოცვაჟლეტას; დაანგრიეს ქალაქი და მისი ეკლესიამონასტრები, სიონის ეკლესიიდან გამოიტანეს ღვთისმშობლის ხატი, მეტეხის ხიდის ყურესთან დაასვენეს და იქ ძალით მირეკილ ქრისტ. მოსახლეობას აიძულებდნენ ზედ ფეხით გაევლოთ. ბრძანების შეუსრულებლობისათვის ურჩებს სიკვდილით სჯიდნენ. 1524 ისმაილ I მოკვდა, რითაც კვლავ ისარგებლეს ქართველებმა და დავით X-მ თ. დაიბრუნა.
XV–XVI სს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქალაქის სოც. ცხოვრებაში, რაც მოქალაქეთა ფენის დაშლით და ყმავაჭართა და ყმახელოსანთა მომრავლებით გამოიხატა. ამიერიდან მოქალაქედ მხოლოდ სამეფო, სადედოფლო, საეკლ. მსხვილი ვაჭრები და, გამონაკლისის სახით, ზოგი ხელოსანი იწოდებოდა. მოქალაქის წოდების მიღება დიდი პატივი იყო და დიდ პრივილეგიადაც ითვლებოდა. მოგვიანებით მოქალაქის წოდების მიღების განმსაზღვრელი საგანგებო წესებიც შემოიღეს. მოქალაქედ არ ითვლებოდა (არ იწოდებოდა) ქალაქში მცხოვრები და მოსაქმე კერძო საბატონო ყმა ვაჭარი. მოქალაქეები მხოლოდ სამეფო გადასახადით – მახტით იბეგრებოდნენ, ყმა ხელოსნები და ყმა ვაჭრები კი – სხვადასხვა გადასახადით, რ-საც უხდიდნენ როგორც მეფეს, ისე თავიანთ უშუალო ბატონს. 1541 თ-ს მოადგა შაჰი თამაზ I, რმაც გულბაათ ციხისთავის ღალატით ისარგებლა, თ-ის ციხე აიღო და თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა თისთვის. ლუარსაბ მეფის გარდაცვალების (1556) შემდეგ იგი მისმა შვილმა სიმონ I-მა გააგრძელა. სიმონ I-ს არა მარტო თში მყოფი მაჰმადიანების წინააღმდეგ უხდებოდა ბრძოლა, არამედ თავისი ძმის – დაუთხანის (დავით XI) წინააღმდეგაც, რიც თში იყო გამაგრებული.
1576 თამაზ I გარდაიცვალა, ხოლო 1578 დაიწყო ირანოსმალეთის ომი. 1578 ირანელებმა დაპატიმრებული ქართლის მეფე სიმონი გაათავისუფლეს და ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში გამოისტუმრეს. ამ დროს ოსმალებს ლალაფაშის მეთაურობით თის ციხე უკვე დაკავებული ჰქონდათ. მათ დააარსეს თის საბეგლარბეგო, რის პირველი ბეგლარბეგი მეჰმედფაშა იყო. სიმონ მეფე ქართლში და, კერძოდ, ქალაქში გამაგრებულ ოსმალებს მოსვენებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა ოსმალთა ბატონობა თში 1606მდე გაგრძელდა. 1606 ირანის მბრძანებელი აბას I საქართველოსკენ გამოემართა, უბრძოლველად აიღო ლორე, დმანისის ციხე და მდ. ალგეთზე დაბანაკდა. ოსმალებმა შაჰს მორჩილების არზა აახლეს. თის ციხის დასაკავებლად გაიგზავნა ალიყულიხან შამლუ, რმაც ციხეში, ბრძანების თანახმად, „შამლუს ტომის ღაზიებისა და მეთოფეების ერთი რაზმი... დასტოვა“, შემდეგ კი „მისი უდიდებულესობა თვით გაემართა თბილისის ციხისაკენ და სიფრთხილის თვალით განიხილა მისი ავი და კარგი“ (ისქანდერ მუნში, XVII ს.). სპარსელი ისტორიკოსის ცნობით, თში ცხოვრობენ ქართველები, სომხები და ცოტაოდენი მუსლიმანები: „ქრისტიანების ეკლესიები და სალოცავები, უმთავრესად ძველები, იმ ქალაქში და მის სანახებში ბევრია“. პირველი ლაშქრობის დროს შაჰაბასმა პოლიტ. მოსაზრებით არ დაარბია ქალაქი, მეტიც, ლუარსაბ II-ის თხოვნით 1610 მან თ-ის ციხე ქართველებს დაუთმო. 1614 და 1616 შაჰმა კვლავ დალაშქრა თ., რის შედეგადაც ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა. 1625, მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ქართველებმა ქალაქი აიღეს, მაგრამ თ-ის ციხე ყიზილბაშებს დარჩათ (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში).
ქართლის მეფე როსტომმა (1632–58) თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენა ირანსა და ოსმალეთს შორის 1639 დადებული საზავო ხელშეკრულება და დაიწყო დანგრეული ქვეყნისა და თის აღდგენითი სამუშაოები, რაც გამოიხატა როგორც ქალაქის გარეგანი სახის სასიკეთოდ შეცვლით, ისე მისი ეკონ. ცხოვრების წინსვლააღორძინებითაც. გამოცოცხლდა აღმიდან მომავალი სატრანზ.სავაჭრო გზა: განჯა–შამქორი–თ.–გორი–ახალქალაქი, საქარავნო გზების მოსაწესრიგებლად მდ. ვერეზე აიგო ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ერთმალიანი ხიდი (ე. წ. „ბეჰბუდას ხიდი“). როსტომ მეფემ სიონის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ეკლესიის სამხრით, საკათედრო ტაძრის ნებართვით ააგო ქარვასლა. სამაგიეროდ იგი კისრულობდა ეკლესიისათვის ყოველწლიურად ქარვასლის შემოსავლიდან 100 მარჩილის გადახდას (XVII ს. დასასრულს ქარვასლა დომენტი თბილელის კუთვნილებაში გადავიდა. ამიტომაა, რომ მომდევნო ხანის საბუთებში იგი „თბილელის ქარვასლის“ სახელითაა ცნობილი). ქარვასლამ ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. თის ეკონ. აღორძინების მიზნით როსტომ მეფემ ქალაქის კარებთან მდგომ მებაჟეთა თვითნებობის აღსაკვეთად 1639 გამოსცა საგანგებო კანონიბრძანება – „ყანუნ-ლამა“. ამ დოკუმენტით ირკვევა, თუ რა მრავალფეროვანი საქონელი შემოდიოდა თში და რა სოლიდურ შემოსავალს აძლევდა სამეფო ხაზინას მასზე დაწესებული ბაჟი.
თ. გარეგნულად მნიშვნელოვნად შეცვალა სიონსა და ანჩისხატის ეკლესიას შორის ჩადგმულმა როსტომ მეფის ახალმა, ვახუშტის ცნობით, „...მტკურის გარდაკიდებით, ყიზილბაშთა რიგის“ (ე. ი. სპარსული სტილი) სამეფო სასახლემ. ამ სასახლის აშენებას მოჰყვა ქალაქისა და, კერძოდ, ანჩისხატისა და სიონის უბნების მოსახლეობის სოც. სტრუქტურის შეცვლა. მეფის სასახლესთან ახლოს საკარმიდამოებს იძენდნენ და სასახლეებს იშენებდნენ ქართვ. ფეოდალები – მუხრანბატონები, ორბელიანები, ამილახვრები, ბარათაშვილები, სამეფო სამოხელეო აპარატის წარმომადგენლები. ახ. სასახლის აგების შემდეგ როსტომ მეფემ კალის ციხიდან წამოსული კედლით, რიც მეტეხის ხიდამდე აღწევდა, ქალაქი ორად გაყო: „შეავლო ხიდის ყურიდამ ზღუდე და ქმნა ვითარცა კალის ციხემდე, განჰყო ქალაქი და ციხე“ (ვახუშტი), რის შედეგადაც XVII ს. თ-ში გაჩნდა ახ. მიკროტოპონიმი, ადგილის სახელი – დაბლა ციხე, სადაც ძირითადად ქალაქელი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. როსტომმა დაბლა ციხეში დადგა ორი მეჩეთი, „ციხეს გარეთ ერთი... და განჯის კართან – ერთი“. საგულისხმოა, რომ როსტომმა, როგორც მაჰმადიანმა, თავის სასახლესთანაც აიშენა მეჩეთი. ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული იყო მათი დამაკავშირებელი „ციხის კარი“. ამ კედლის ჩრდ.დასით, ქალაქის მხარეს, მოექცა თის უძველესი (პირველი) მოედანი, ქალაქის ადმ.პოლიტ. და ეკონ. ცენტრი (აქ იყო განლაგებული ზარაფხანა, სამეფო დივანხანა და მრავალი სავაჭროსახელოსნო დუქანი). მოედანს ციხის კართან სიახლოვის გამო „ციხის მოედანი“ შეერქვა (შემდგომში – ქვემო მოედანი და თათრის მოედანი). ქალაქისა და ციხის გამყოფი კედელი 1750 თეიმურაზ II-ის ბრძანებით აიღეს, რის შედეგადაც ქალაქი და დაბლა ციხე გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ თუ როსტომმა სამეფო სასახლესთან მეჩეთი აიშენა, დედოფალ მარიამს სამეფო სასახლესთან დაუწყია კარის ეკლესიის მშენებლობა (დაუმთავრებია სიმონ ბატონიშვილს). როსტომ მეფის დროს დაწყებული ქვეყნის ეკონ. და პოლიტ. მომძლავრება ვახტანგ V შაჰნავაზის დროსაც გრძელდებოდა. ვახტანგ V-მ ირანის შაჰის სულეიმანის მიერ გამოგზავნილი ვერცხლის ფულით განაახლა გარეშე მტრის შემოსევებისა და ჟამთასვლისაგან მორღვეული ქალაქის გალავანი. 1672 თში ჩამოვიდა ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. 1701 თ-ს ეწვია ფრანგი ბოტანიკოსი და მოგზაური ჟ. ტურნეფორი. მისი ცნობით თ-ში 20000 მცხოვრები იყო. მოგზაური აღწერს ქართლის მეფის ერეკლე I ნაზარალიხანის მიერ აგებულ კიდევ ერთ სამეფო სასახლეს, რიც როსტომის სასახლის გვერდით იდგა. ტურნეფორის „მოგზაურობას“ ახლავს მხატვარ ობრიეს მიერ შესრულებული თ-ის სურათი. XVII–XVIII სს. მიჯნაზე თ-ში გარკვეული კულტ. აღმავლობაც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ვახტანგ VI-ის დროს. 1709 დაარსდა პირველი სტამბა, სადაც 1712 დაიბეჭდა `ვეფხისტყაოსანი”, ლოცვანი და სხვ. ამას გარდა, მეფე ვახტანგის თაოსნობით შეიქმნა ქართ. საკანონმდებლო კრებ. „დასტურლამალი“. ასევე აღსანიშნავია ამ დროს მომუშავე სწავლულ კაცთა კომისია, რ-საც სათავეში ედგა ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი. ვახტანგ VI-მ აღადგინა და ახ. პერანგით შემოსა სიონის საკათედრო ტაძარი. XVIII ს. დამდეგს სიონის მახლობლად მოეწყო ხელნაწერ წიგნთა საცავი. საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა თის გარეგნული სახე, ქალაქის ზღუდის კართა რაოდენობა და მათი სახელები. ქალაქს მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე, სამხრ. მხრიდან, დატანებული ჰქონდა აბანოს კარი, განჯის კარი; დას. მხრიდან – კოჯრის კარი, დიღმის კარი; ჩრდიდან – მოედნის კარი, ქვემო წყლის კარი. XVIII ს. II ნახევარში, ქვემო წყლის კარის გაუქმების შემდეგ (ქვემო წყლის კართან მდებარე მუხრანბატონების კარმიდამოს გაფართოებაგაზრდის გამო), მოედნის კარს შეეცვალა სახელი და ზემო წყლის კარი დაერქვა. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, თ-ის გალავანში, ორი კარი იყო დატანებული: ავლაბრის კარი (ეს იყო მთ. კარი, სადაც თავს იყრიდა ჩრდიდან და აღმიდან წამოსული ქალაქში შემოსასვლელი ყველა გზა) და პატარა კარი, საიდანაც იწყებოდა ავჭალის დიდი გზა. თ-ის ყველა კარს თავისი დამცველი ბურჯი (ან კოშკი) ჰქონდა, სადაც იდგა საგანგებო მოხელე – მეკარე. ასევე კართან (არა ყველგან) იდგა მებაჟე, რიც ზედამხედველობას უწევდა ქალაქში შემოტანილ საქონელს. XVII–XVIII სს. თს გარს ერტყა ქალაქისპირა სას.სამ. და სახელოსნო დანიშნულების სოფლები და გარეუბნები, რ-თა პროდუქცია და ნაწარმი (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ღვინო, თიხის ჭურჭელი, აგური, კრამიტი) შემოდიოდა თ-ის ბაზარზე. XVI–XVIII სს. თ-ის სამოხელეო აპარატი რამდენჯერმე შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა ზოგიერთი მოხელის სახელწოდების შეცვლით; მაგ., თ-ის ამირთა ამირას ნაცვლად XVI ს-იდან შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქართ. სახელი მოურავი (თ-ის პირველი მოურავი იყო გიორგი სააკაძე, 1609). შემდეგი მოხელე თავისი უფლებებით იყო მამასახლისი, მაგრამ XVI ს-ში თ-ში მელიქის სახელის შემოსვლამ მამასახლისის უფლებები შეზღუდა და ქალაქის მოურავის შემდეგ იგი სიგელგუჯრებში იხსენიება (იხ. სტები სიგელი, გუჯარი). საბოლოოდ, XVIII ს-ში ამ ორ სახელოს ხშირად ერთი პირი ფლობდა. აღნიშნული სახელოების გარდა, თ-ში იყო: ყაფანდარი, ჯარჩი, ნაცვალი, ქედხუდა, ქალანთარი, მინბაში (ციხისთავი), მუშრიბი. თ-ის ყოფაცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული, ე. წ. ქალაქური კოლორიტი თავისი ჩაცმულობით, გასართობსანახაობებით (იხ. სტატიები ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). თ-ში არსებობდა ხელოსანთა და ვაჭართა ამხანაგობები – ამქრები (ასნაფები). თითოეულ ამქარს მეფის მიერ დანიშნული, ხელოსანთა უხუცესი ოსტატი – უსტა (უსტაბაში) ედგა სათავეში. 1723 კახთა მეფემ კონსტანტინე II (მაჰმად ყულიხანი) დაქირავებული ლეკთა ლაშქრის დახმარებით აიღო, დაარბია და გაძარცვა ქალაქი. 1724 ქართლის მეფემ ვახტანგ VI-მ მრავალრიცხოვანი ამალით დატოვა თ. ამავე წელს კონსტანტინე II-მ თ-ს მომდგარ ოსმალთა ჯარის სარდალს სოღანლუღში გადასცა ქალაქის კლიტეგასაღები. ამიერიდან ყიზილბაშთა ბატონობა ოსმალთა ბატონობით შეიცვალა. ოსმალებმა დაიწყეს კონსტანტინეს მიერ დანგრეული თის ციხესიმაგრეების შეკეთება – გამაგრება. მათ ფართო გეგმები ჰქონდათ ქართ. სახელმწიფოებრიობისა და მთელი კულტურის გადასაგვარებლად, რის განხორციელებასაც თიდან აპირებდნენ, კერძოდ, მოსახლეობა უნდა გაემაჰმადიანებინათ, სიონის ტაძარი მეჩეთად ექციათ. მაგრამ 1727 ოსმალების ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ ქართვ. პატრიოტები დომენტი IV კათოლიკოსისა და გივი ამილახვრის მეთაურობით. 1735 ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო, თ. ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს. ოსმალების წასვლის შემდეგ თ. სპარსელებმა ხანჯალხანს (გამაჰმადიანებული ორბელიანყაფლანიშვილი) გადასცეს და „ოსმალობა“ ისევ „ყიზილბაშობით“ შეიცვალა. 1745 თეიმურაზ II სვეტიცხოველში ქართლის მეფედ ქრისტ. წესით აკურთხა კათოლიკოსპატრიარქმა ანტონ I-მა. 1748 ერეკლე II-მ საბოლოოდ დაამარცხა ტახტის პრეტენდენტი აბდულაბეგი, რ-იც დაქირავებული ლაშქრით ცდილობდა თ-ის დაკავებას. ამავე წელს ერეკლე II-მ თის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშთა გარნიზონები. აღმ. საქართველო პოლიტ. და ეკონ. აღმავლობის გზას დაადგა. თ. კვლავ კავკასიის ერთერთი პოლიტ.ეკონ. და კულტ. ცენტრი გახდა. 1755 დაარსდა სემინარია, რ-შიც ძირითადად ისწავლებოდა ფილოს. საგნები; აღდგა ზარაფხანა, წამალხანა და სხვ. 1750 თ-ში დაარსდა ქართ. პროფ. თეატრი, გაიხსნა სას. სასწავლებლები სიონის, ანჩისხატის, მეტეხის, ქაშვეთის, კალოუბნის ეკლესიებთან. თეიმურაზ II-მ თ-ში 1749–53 ჟამთა სვლისაგან მოძველებული სამეფო სასახლეების (როსტომის, ერეკლე I-ის, ვახტანგ VI-ის) ადგილზე ააგო ახ. სასახლე, სადაც კახეთის მეფემ – ერეკლე II-მ დარეჯან დადიანზე იქორწინა. 1762 ქართლის მეფე თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა და მალევე გარდაიცვალა. ერეკლე II ქართლკახეთის სამეფოს მეფე გახდა, თ. კი – აღმ. საქართველოს დედაქალაქი. 1765 წ. 5 დეკემბერს თ-ში გამოაშკარავდა შეთქმულება მეფე ერეკლე IIის წინააღმდეგ (იხ. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765). 1770 აქ ჩამოვიდა რუს. დიპლომატი, ნ. იაზიკოვი, რ-საც ეკუთვნის იმდროინდელი ქალაქის აღწერა. მისი გადმოცემით, თ. მეტად ხალხმრავალი ქალაქი იყო, რ-ის მოსახლეობა 5000 კომლს შეადგენდა. იქ იდგა ქვითკირის სახლები. ქალაქში ბევრი ვაჭარი ტრიალებდა. 1782 ჩატარდა თ-ისა და მისი გარეუბნების აღწერა.
1783 წ. 24 ივლისს რ-უს. იმპერიასა და ქართლკახეთის სამეფოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (იხ. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783), რ-საც 1784 ხელი მოაწერა ერეკლე II-მ. 1784 წ. 23 იანვ. თ-ში ჩამოსულმა პოლკოვნიკმა ტამარამ ერეკლე II-ს გადასცა რ-უს. იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სამეფო რეგალიები და სამფარველო სიგელი. რ-უს. მთავრობის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი (1783–87), აღწერს თ-ს და მოგვითხრობს, რომ აქედან უცხო ქვეყნებში გასაყიდად გადიოდა სპილენძის ჭურჭელი, ბამბეულის ნაწარმი, ცხენის აღკაზმულობა, რკინეულობა, ტანსაცმელი, ქუდები, საომარი იარაღი; თ-ში იმ დროს 500 სავაჭროსახელოსნო დუქანი იყო, რაც ქალაქის გაცხოველებულ ეკონ. საქმიანობაზე მიგვანიშნებს; იყო ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქნაც. 1795 სექტემბერში თს შემოესია ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. ეს იყო არნახული დამანგრეველი შემოსევა, რ-საც ვერ გადაურჩა ქალაქში მდგარი ვერც ერთი საერო თუ საეკლ. დანიშნულების ნაგებობა (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795). ერეკლე II-მ დაავალა აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თ-ის აღდგენა გიორგი ბატონიშვილს, რ-იც ძალღონეს არ იშურებდა, რათა ქალაქიდან გახიზნული თუ ტყვედ წაყვანილი მოსახლეობა დაებრუნებინა და ნანგრევებად ქცეული თ. ფეხზე დაეყენებინა. რუს. იმპერატორის ალექსანდრე Iის 1801 წ. 12 სექტ. მანიფესტის თანახმად, აღმ. საქართველო რუს. გუბერნიად, თ. კი საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა. თ-ში მთავარმართებელი გენ. კ. კნორინგი 1802 წ. 9 აპრილს ჯარის თანხლებით შემოვიდა. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები უხეშად დაირღვა, განხორციელდა სამეფოს ფაქტობრივი ანექსია. 1802-იდანვე იწყება ეროვნ. ძალების მუდმივი ბრძოლა ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთავარმართებელ ე. გოლოვინის (1838–42) დროს შემუშავდა დებულება „თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის შესახებ“, რის ძალითაც, ქალაქის მოსახლეობის ზედაფენას უფლება მიეცა, შეექმნა საქალაქო სათათბირო ქალაქისთავისა და ექვსი ე. წ. ხმოსნის შემადგენლობით, რითაც გადაიდგა ნაბიჯი სამოქალაქო მმართველობისაკენ, ამასთანავე რამდენადმე შეიზღუდა პოლიციის თვითნებობა. 1844 პირველ მეფისნაცვლად კავკასიაში დაინიშნა მ. ვორონცოვი, რ-მაც შედარებით მეტი ყურადღება მიაქცია იმპერიის განაპირა მხარის სოც.ეკონ. და კულტ. განვითარებას, მისი დედაქალაქის, თის, კეთილმოწყობას.
1864 თ-ში იყო 2870 ევრ. ყაიდის მაღაზია და აზიური დუქანი, 14 ქარვასლა. თში სულ უფრო მეტი რაოდენობით იყიდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები და, თავის მხრივ, სულ უფრო მეტ სამრეწვ. საქონელს აწვდიდა იგი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას. 1808 თ-ში ხელოსნობას ეწეოდა 980 ოჯახი. 1824 მათი რიცხვი 2020-მდე გაიზარდა. თბილისური ხელოსნობა თანდათან კარგავდა ტრად. შუასაუკუნეობრივ იერს, შეკვეთით მუშაობას ბაზრისათვის წარმოება ცვლიდა. XVIII ს. ბოლოს (აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე) თ-ში 20 ათ. მცხოვრები იყო. 70იანი წლების ბოლოს თის მოსახლეობა უკვე 100 ათასს აჭარბებდა [მოსახლეობის დინამიკა იხ. თავში: ზოგადი ცნობები. ქალაქის მმართველობა. ბუნება. მოსახლეობა (ქვეთავი მოსახლეობა)]. ახალმოსულები თანდათან იკავებდნენ ქალაქის გარეუბნებს. ადმ. დანიშნულების შენობები აღიმართა გოლოვინის (ახლანდ. შოთა რუსთაველის) პროსპექტზე. აშენდა მთავარმართებლისა და მეფისნაცვლის სასახლე, სამხ. შტაბისა და სხვა დაწესებულებათა შენობები. ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლებმა დაიკავეს სოლოლაკი, მთაწმინდა, მიხეილის პროსპექტი (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი) ქუჩა. ქალაქის ფარგლებში მოექცა ხარფუხი, ორთაჭალა, კუკია, ჩუღურეთი, ვერე. მოგვიანებით დაიწყო დიდუბის, ნაძალადევის, ვაკის განაშენიანება. ბინათმშენებლობაში ფულის დაბანდება მომგებიან საქმედ იქცა.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მრავალწლიანი შრომის შედეგად შეადგინა თის მოსახლ. შედარებით მაღალი ფენის სახელობითი სია. ეკონ. შეძლების შესაბამისად, პირველი ხარისხის მოქალაქედ აღიარეს 53, მეორე ხარისხისად – 93, ხოლო მესამე ხარისხისად – 97 ოჯახი. ამას დაუმატეს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე შეძლებული მოქალაქე და სულ მოქალაქეთა სიაში დააფიქსირეს 245 ოჯახი. 1861 მათ უმრავლესობას მიანიჭეს მემკვიდრეობით თის საპატიო მოქალაქის წოდება. გარკვეულ დრომდე თის თავისუფალ მოსახლეობას მხოლოდ პრივილეგირებულ წოდებათა წარმომადგენლები – თავადაზნაურები, საპატიო მოქალაქეები და მოხელეები შეადგენდნენ. XIX ს. 40–50იან წლებში თავისუფალ მოქალაქეებად აღიარეს ე. წ. მეშჩანები და სახაზინო გლეხები, რის შედეგადაც ქალაქის თავისუფალი მოსახლ. რაოდენობა 80%მდე გაიზარდა. 1865 ქალაქისთავმა მთავრობის ნებართვით თბილისელებს შეაწერა ახ. გადასახადი, დაბეგრა სახელოსნო, სავაჭრო და სხვა დაწესებულებები. ამან ქალაქის დაბალი ფენის პროტესტი გამოიწვია (იხ. ამქართა აჯანყება თბილისში 1865). შედეგად თ-ის მოსახლ. ზედაფენამ უფლება მიიღო აერჩია 100ხმოსნიანი სათათბირო, რიც, თავის მხრივ, აირჩევდა განმკარგულებელ სამმართველოსა და ქალაქისთავს.
1870 წლის საერთო საიმპერატორო კანონის საფუძველზე 1874 მიწურულს თ-ში გატარდა საქალაქო რეფორმა. თის საქალაქო სათათბირო განმკარგულებელი ორგანო იყო. მის მიერ არჩეული გამგეობა ქალაქისთავის მეთაურობით (1875–78 ქალაქისთავის პოსტი დ. ყიფიანს ეკავა) აღმასრ. ფუნქციებს ასრულებდა. ორივე ეს ორგანო ერთად განასახიერებდა ადგილ. (საქალაქო) თვითმმართველობას, რ-ის ძირითადი მოვალეობა იყო კომუნ. მეურნეობის კეთილმოწყობა და გამგებლობა. მის კომპეტენციაში შედიოდა აგრეთვე ვაჭრობამრეწველობისათვის ნორმალური პირობების შექმნა, სკოლების, ბიბლიოთეკასამკითხველოების, საავადმყოფოების, საქველმოქმედო დაწესებულებების დაარსება და დაფინანსება. 1879 ქართვ. საზ. მოღვაწეთა ინიციატივით თ-ში დაარსდა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ხალხის გათვითცნობიერებასა და კულტ. დონის ამაღლებაში დიდი როლი შეასრულა პერიოდულმა პრესამ. თში იბეჭდებოდა „დროება“, „ივერია“, „კრებული“, „სასოფლო გაზეთი“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „მოამბე“, „ამირანი“, „ისარი“, „სახალხო ფურცელი“ და სხვ. თ. იყო წიგნის გამოცემის ცენტრი. აქ დაიბეჭდა `ვეფხისტყაოსანი”, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟაფშაველას და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები, ძველი ქართ. ლიტრის ძეგლები. ამასთან, XIX ს. 80იან წლებში ეგზარქოსმა პავლემ ქართ. ეკლესიის გარუსების მიზნით თის სემინარიაში აკრძალა ქართ. საერო და სას. ლიტრა. ამავე პერიოდში იყო ქართ. ენის ყველა სასწავლებლიდან განდევნის მცდელობა. 1872 დამთავრდა რკინიგზის მშენებლობა თიდან ფოთამდე, 1883 ქალაქი რკინიგზით დაუკავშირდა ბათუმსა და ბაქოს. დაარსდა რამდენიმე მსხვილი საწარმო. თში ამოქმედდა საკრედიტო დაწესებულებები: საადგილმამულო (იხ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი) და კომერც. ბანკები, რუს. სახელმწ. და კერძო ბანკების განყბები, ურთიერთდამკრედიტებელი საზბები. XIX–XX სს. მიჯნაზე გაძლიერდა კაპიტალის, წარმოებისა და ვაჭრობის კონცენტრაციის ტენდენცია, ჩამოყალიბდა რამდენიმე სააქციო საზბა და მსხვილი ფირმა. XIX ს. 70-იან წლებში თბილისელი მუშები 7-ჯერ გაიფიცნენ. 80–90-იან წლებში გაფიცვებმა შედარებით ორგანიზებული ხასიათი მიიღო. XIX–XX სს. მიჯნაზე თში გააქტიურდნენ რუსი სოციალდემოკრატები და მათი ქართვ. თანამოაზრეები. 1901 ვ. ლენინის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ს.დ. ორგანიზაციების ხელმძღვ. ცენტრი – თბილ. კომიტეტი. 1904 ჩატარდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. 1905–07 რევ. დროს თ-ში შეიქმნა აჯანყების ცენტრი. მან ხელში ჩაიგდო ამიერკავკ. რკინიგზის სამმართველო და ფოსტატელეგრაფი; წითელმა რაზმებმა დაიკავეს ნაძალადევი და დიდუბე. 17 და 23 დეკემბერს თბილისელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მთავრობის ჯარს, მაგრამ დამარცხდნენ. შენელებულად, შეცვლილი ფორმით რევოლუცია 1906–07 წლებშიც გრძელდებოდა. XX ს. დამდეგს გაორმაგდა ჯერ კიდევ 1887 ამოქმედებული ავჭალის წყალსადენის ქსელი. 1884 გაყვანილი ცხენის რკინიგზა (კონკა) 1904 ელექტროტრამვაით შეიცვალა. თის ქუჩებში ნავთის ფარნების ადგილი თანდათან ელექტროლამპიონებმა დაიკავა. საქალაქო თვითმმართველობა სწავლაგანათლებაზე ყოველწლიურად საშ. ხარჯავდა 450 ათ. მანეთს, იგი გამოდიოდა უმაღლ. სასწავლებლის დაარსების ინიციატორად. 1890 საამისოდ გადადებული ჰქონდა 100 ათ. მანეთი და 200 დეს. მიწა, მაგრამ მეფის მთავრობამ თში უმაღლ. სასწავლებლის გახსნის ნებართვა არ გასცა. XX ს. დამდეგს ზუბალაშვილებისაგან შეწირული თანხით თვითმმართველობამ მოაწყო სახალხო სახლი, ამის შემდეგ მალევე დააარსა ბიბლიოთეკასამკითხველო და მუნიციპალური მუზეუმი. რუს. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მარტის პირველ რიცხვებში, პოლიტ. საქმიანობისა და მიმართულებისათვის ტონის მიმცემი გახდა თის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. მალე ჩამოყალიბდა თის აღმასრ. კომიტეტი, რშიც შევიდა მუშათა დეპუტატების საბჭოს, საქალაქო სათათბიროსა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხუთხუთი წარმომადგენელი. რუს. დროებითმა მთავრობამ უნდობლობა გამოუცხადა ადგილებზე შექმნილ მმართველობის ორგანოებს. მან თ-ში შექმნა თავისი ფილიალი, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რ-შიც შეიყვანეს სოციალისტფედერალისტი კ. აბაშიძე და სოციალდემოკრატი ა. ჩხენკელი. რუსეთში 1917 წ. 25 ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 15 ნოემბერს თ-ში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი – დროებითი მთავრობა, რის თავრედ აირჩიეს სოციალდემოკრატი ე. გეგეჭკორი. პარალელურად, 1917 ნოემბ. ბოლოს, თ-ში გაიმართა საქართვ.ეროვნ. ყრილობა. ყრილობამ აირჩია ეროვნ. საბჭო, რ-მაც ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა.
1918 წ. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლად გამოცხადდა. შეიქმნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის წლებში (1918–21) ძირითად პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ სოციალდემოკრატები, რ-თა ლიდერი იყო ნ. ჟორდანია. თ. იყო საქართვ. დედაქალაქი, მთ. სახელმწ. დაწესებულებათა რეზიდენცია, სხვა მნიშვნელოვან დაწესებულებათა ადგილსამყოფელი. თ-ს განაგებდა დემოკრ. საწყისებზე გარდაქმნილი საქალაქო თვითმმართველობა – მუნიციპალიტეტი. გაუქმდა საარჩევნო ცენზი და სხვა შეზღუდვები, დაკანონდა საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1918 საქართვ. სოციალდემოკრატებთან ერთად წინასაარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობდნენ სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ). 1919 წ. 2 თებერვალს გაიმართა თბილ. სათათბიროს არჩევნები. მასში მონაწილეობას იღებდა ხმის უფლების მქონე თბილისელთა 51% (35366 კაცი). გაიმარჯვა საქართვ. ს.დ. პარტიამ, რ-მაც საქალაქო სათათბიროში 69 ხმოსანი გაიყვანა. თ-ის სათათბიროში თავისი ფრაქციები შექმნეს ედპმ (10 ხმოსანი) და სოციალისტ-ფედერალისტებმა (7 ხმოსანი). სხვა მცირე პარტიებმა და ჯგუფებმა საქალაქო სათათბიროში გაიყვანეს მხოლოდ 4 ხმოსანი. 1919 წ. 17 თებერვალს ჩატარდა საქალაქო სათათბიროს პირველი სხდომა. ხმოსნებმა ქალაქისთავად (მოურავად) აირჩიეს სოციალდემოკრატი ბ. ჩხიკვიშვილი, მის ამხანაგად – გ. კონიაშვილი. 1917 თში გაიხსნა საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებლები – კონსერვატორია და თბილისის პოლიტექნიკური ინტი, 1918 – ქართ. ეროვნ. უნტი (იხ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივ. ჯავახიშვილის სახელობისა); 1919 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზ. ფალიაშვილის `აბესალომ და ეთერი” (იხ. ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი ზ. ფალიაშვილის სახელობისა). 1920 დაარსდა საქართვ. ეროვნ. სამხატვრო გალერეა, რის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი. 1921 საბჭ. რუსეთმა დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება, რითაც აღიარებული იყო საქართველოს სუვერენიტეტი, და მის დასაპყრობად წითელი არმია გამოგზავნა. თის დამცველი საქართვ. ჯარისა და სახ. გვარდიის მებრძოლები ამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. 1921 წ. 25 თებერვალს თში მე-11 არმია შემოვიდა (იხ. თბილისის დაცვა 1921).
საქართველოს ხელმეორე ანექსიის შემდეგ თ. საქართვ. საბჭ. სოციალ. რესპ. დედაქალაქი გახდა. 1921 წ. 25–26 თებერვალს შეიქმნა თ-ის რევკომი, რ-საც ხელმძღვანელობდა ს. თოდრია. 1921 წ. 3 დეკემბერს ჩატარდა მუშათა და წითელარმიელთა დეპუტატების თ-ის საქალაქო საბჭოს არჩევნები. საქალაქო საბჭოს აღმასრ. კომიტეტი ქალაქში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო გახდა. 1922 დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკ. ფედერ. რესპუბლიკა. ქართველ კომუნისტთა, კერძოდ, პარტიის თის კომიტეტის ერთი ნაწილი (ე. წ. „ნაციონალუკლონისტები”), ამიერკავკ. ფედერაციის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა საქართველოს პირდაპირ შესვლას სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ ეს წინადადება არ გავიდა – თ. ამიერკავკ. პოლიტ. და ადმ. ცენტრად იქცა.
თ-ში მუშაობდა სსრ კავშირის სახელმწ. ბანკის კანტორა, სას.სამ. ბანკი, კომუნ. ბანკი. 1922 წ. 10 სექტემბერს მოწყობილ შაბათობაზე საძირკველი ჩაეყარა ზაჰესის (ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური) მშენებლობას; დაიწყო სისტემ. მუშაობა წერაკითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის (1922 თის მოსახლეობის 26,8% წერაკითხვის უცოდინარი იყო); გარდაიქმნა სახ. განათლების სისტემა; შეიქმნა ახ. უმაღლესი სასწავლებლები. 1925 წ. 21 მაისს დაიწყო რეგულ. რადიოგადაცემები; შეკეთდა ავჭალის წყალსადენის ჰიდროტექ. ნაგებობანი, გაიყვანეს წყალსადენი თის განაპირა უბნებში. 1932 ივნისს მწყობრში ჩადგა ნატახტრის წყალსადენი. 1934 დამთავრდა ტრამვაის გადაყვანა ფართოლიანდაგიან ქსელზე. 1932 თის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ავტობუსი, 1937 დაიწყო ტროლეიბუსის რეგულ. მოძრაობა. შეუდგნენ ძვ. ქუჩების გაფართოებას, ახ. ქუჩების გაყვანას, სკვერების მოწყობას, შეკეთდა ხიდები (მუხრანის, ორთაჭალის, მეიდნის), ჩატარდა ქალაქის ფარგლებში არსებული ორბელიანების კუნძულის სანაპიროს გასამაგრებელი სამუშაოები. 1935 საექსპლუატაციოდ გადაეცა მტკვრის სანაპიროს მონაკვეთი ელბაქიძის სახ. და მარქსის სახ. (ახლანდ. გალაკტიონისა და ზაარბრიუკენის) ხიდებს შორის. ამავე დროს თ., როგორც ყოველთვის, იყო ეროვნ.განმათ. მოძრაობის, დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის ცენტრი. საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად 1922 აქ შეიქმნა ხელმძღვანელი შტაბი, დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი), რ-შიც შედიოდნენ პოლიტ. პარტიების წარმომადგენლები (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924). ინდუსტრიალიზაციის წლებში მოხდა თ-ის სამრეწველო ობიექტების რეკონსტრუქცია. 1927 ამუშავდა ზაჰესის პირველი რიგი (სრული სიმძლავრით ამუშავდა 1938), აშენდა ჩელუსკინელთა (ამჟამად თამარ მეფის) სახ. ხიდი. ვაკეში გაიშალა სამოქალაქო მშენებლობა, მთაწმინდის პლატოზე და ყოფილ მადათოვის კუნძულზე გაშენდა პარკები. ქალაქს შეემატა მსხვილი ხუროთმოძღვრული კომპლექსები: მთავრობის სასახლის პირველი რიგი, იმელის შენობა, ფუნიკულიორის პლატოს ზედა სადგური და სხვ. 1936 მიღებული სსრკ კონსტიტუციისა და 1937 მიღებული საქართვ. სსრ კონსტიტუციის საფუძველზე 1939 ჩატარდა მშრომელთა დეპუტატების თ-ის საქალაქო საბჭოსა და რაიონული საბჭოების პირველი არჩევნები. 1941 დაარსდა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემია. ამავე დროს თ-ში განსაკუთრებული ინტენსიურობით მოქმედებდა ოცდაათიანი წლების პოლიტ. რეპრესიების მანქანა, რ-მაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
II მსოფლიო ომის დროს თ. გახდა რესპ. სამხ.სამობილიზაციო ცენტრი. თმა შეიარაღებულ ძალებში წარგზავნა 80 ათასზე მეტი მებრძოლი. სამრეწვ. საწარმოები გადავიდა სამხ. პროდუქციის წარმოებაზე, რაშიც მონაწილეობდნენ ფრონტისპირა რნებიდან თ-ში ევაკუირებული სამრეწვ. საწარმოები. ომის პერიოდში ქალაქის მრეწველობამ ფრონტს მისცა 217 ათ. ავტომატი, 6,9 ათ. ნაღმსატყორცნი და სხვ. ფრონტს პროდუქციას აწვდიდნენ მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. 1941 ნოემბრისთვის თ-ში იყო 29 საევაკუაციო ჰოსპიტალი (11800 საწოლით). ომის შემდგომ, 1948, თ-ის სამრეწვ. პროდუქციამ 1,5ჯერ გადააჭარბა 1940 დონეს. ი. სტალინისა და საფრ. ხელმძღვანელის გენ. შ. დე გოლის 1945 შეთანხმებით, საქართველოს დაუბრუნდა ე. თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ეროვნ. განძი, რმაც ბინა დაიდო თში 1946 დაარსებულ ხელოვნ. მუზეუმში. 50–60იან წლებში მაგისტრ. გაზსადენების (ყარადაღი – თ. და ორჯონიკიძე – თ.) გაყვანის შემდეგ თმა მიიღო ბუნებრივი გაზი, 1957 დაიწყო რეგულ. ტელეგადაცემები (1965 თ. რადიოსარელეო ხაზით ჩაერთო საკავშ. სატელევიზიო გადაცემებში), 1958 ამუშავდა საჰაეროსაბაგირო გზა. 1956 ქართვ. ახალგაზრდობის ნაწილმა უსამართლოდ მიიჩნია ნ. ხრუშჩოვის მიერ ი. სტალინის კულტის კრიტიკის დროს გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება, თში მოაწყო მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგები და მანიფესტაციები, რასაც ხელისუფლებამ იარაღი დაუპირისპირა (იხ. ცხრა მარტი 1956).
1958 აღინიშნა თის 1500 წლის იუბილე, 1966 – შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. 1978 ოქტომბერში პირველად ჩატარდა ახ. სახალხო ყოველწლიური დღესასწაული თბილისქალაქობა (იხ. სტ. თბილისობა). 1978 საქართვ. ახ. კონსტიტუციის პროექტიდან, წინა კონსტიტუციებისაგან განსხვავებით, ამოიღეს მუხლი საქართვ. სახელმწ. ენად ქართ. ენის გამოცხადების შესახებ, რასაც მოჰყვა თბილისელების, უპირატესად სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის საპროტესტო მანიფესტაცია, რიც წარმატებით დასრულდა – ქართ. ენამ სტატუსი შეინარჩუნა (იხ. თოთხმეტი აპრილი 1978). 1988–89 გააქტიურდა ეროვნ.განმათ. მოძრაობა. 1988 წ. 12 ნოემბერს მთავრობის სასახლის წინ დაიწყო მიტინგი, რ-იც 22 ნოემბ. მასობრივ შიმშილობაში გადაიზარდა. 29 ნოემბ. აქცია მშვიდობიანად შეწყდა. 1989 მარტში აფხაზეთის გამოყოფის მოთხოვნას თ-ში დიდი მანიფესტაცია და მიტინგების სერია მოჰყვა. მიტინგებზე სხვა პოლიტ. მოთხოვნებიც გაჟღერდა, რ-თა შორის მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. მშვიდობიანი მიტინგი საბჭოთა ჯარმა უმოწყალოდ დაარბია, იყო მსხვერპლი. 9 აპრილის ღამე ეროვნ. ტრაგედიად იქცა (იხ. ცხრა აპრილი 1989). 1990 წ. 28 ოქტომბერს მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაიმარჯვა ზ. გამსახურდიას]] ბლოკმა `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1991 წ. 26 მაისს ზ. გამსახურდია არჩევნების გზით გახდა საქართვ. რესპ. პრეზიდენტი. მის წინააღმდეგ მალევე გააქტიურდა ოპოზიცია – თ-ში იმართებოდა მიტინგები, შიმშილობები, მჯდომარე აქციები. ოპოზიცია მოითხოვდა ახ. საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხელისუფლება კომპრომისზე არ მიდიოდა. 20–21 დეკემბერს დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, იყო მსხვერპლი. თ-ში დაიწვა უნიკალური შენობები. XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში ქალაქის ეკონ. და სოც. მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სამხედრო მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა სიმრავლემ (300 ათასზე მეტი ადამიანი). მძიმე ეკონ. პირობების გამო თ. დატოვა ათეულ ათასობით მოქალაქემ. 1994 შეიქმნა პარტია `საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”, რიც 1995–2003 საქართველოში წამყვანი პარტია გახდა. 1998 წ. თში ჩატარდა თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები. ადგილების დიდი ნაწილი ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს. 2003 წ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადების გამო ოპოზიციამ მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის ხელმძღვანელობით დაიწყო საპროტესტო აქციები. ამ მოვლენებს `ვარდების რევოლუცია” ეწოდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი ბლოკი `ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” ქვეყნის მმართველი ძალა გახდა.
2007 წ. 7 ნოემბერს თში მოეწყო ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია, რაც ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის დაშლითა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დამთავრდა. პოლიციამ დაარბია ტელეკომპანია `იმედის” ოფისიც. 2008 წ. აგვისტოში რუსეთსაქართველოს ხანმოკლე, საქართველოსთვის წარუმატებელი ომის დროს რუს. სამხ. ავიაციამ დაბომბა თის შემოგარენიც. გაიზარდა ლტოლვილთა რიცხვი, მ. შ. თში. 2011 გაზაფხულზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რსაც ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია `ქართული ოცნება”. ამავე წლიდან საქართველოს პარლამენტი თიდან ქუთაისში გადავიდა. ა. ბენდიანიშვილი. თ. ბერიძე. დ. მუსხელიშვილი. მ. ნათმელაძე. ა. საყვარელიძე.