ელდარის ფაუნა

ელდარის ფაუნა, გვიანსარმატული დროის (დაახლოებით 9 მლნ. წლის წინანდელი) ხერხემლიანების ერთობლიობა, ტიპური ჰიპარიონული ფაუნა, რ-ისთვისაც ყველაზე დამახასიათებელი წარმომადგენელია სამთითა ცხენისნაირი ჰიპარიონი და ზოგიერთი მისი თანამგზავრი. ე. ფ-ის ადგილსამყოფელი მდებარეობს ელდარის ველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მდ. ივრის მარჯვ. სანაპიროზე. ელდარის ხერხემლიანთა ფაუნის წარმომადგენლების განამარხებული ძვლები გვხვდება მოლუსკური ფაუნის ზედასარმატულად დათარიღებულ შრეებში, ე. წ. ფერადი წყების მკვრივ ქვიშაქვებში. სახეობათა რაოდენობა ორ ათეულს აღემატება. ჰიპარიონული ფაუნისათვის დამახასიათებელი ისეთი ძუძუმწოვრების გარდა, როგორიცაა თვითონ ჰიპარიონი, ხალებიანი აფთარი, ხორთუმიანები, მასტოდონტები, მარტორქა, ჟირაფი, ანტილოპა, არქაული ირემი, ღორისნაირი მიკროსტონიქსი, გვხვდება აგრეთვე კურდღელი, სელაპი, ხმელეთის კუ, სირაქლემა. ამ ცხოველთა თანაარსებობა იმაზე მეტყველებს, რომ გვიანსარმატულ დროს ელდარის მიდამოები და მოსაზღვრე უბნები ლანდშაფტის მრავალფეროვნებით და ზომიერად თბილი, ტენიანი ჰავით ხასიათდებოდა.

გ. მელაძე