ვარაზვარდი, კამბეჩოვანის მთავარი VI ს. II ნახევარში. სუმბატ დავითის ძის (XI ს.) ქრონიკაში დაცული ცნობების მიხედვით, ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. ვ-ის დროს კამბეჩოვანი (ისტ. ჰერეთის ერთ-ერთი პროვინცია) ცალკე „ქვეყანას”, დამოუკიდებელ ფეოდ. სენიორიას წარმოადგენდა. მისი ცენტრი იყო ხორნაბუჯში. ვ-მა ისარგებლა ირანელთა ბატონობით გამოწვეული უკმაყოფილებით თავისი ძმის (ასამის) დახმარებითა და შემწეობით, „გარდაუქცია ერი” შაჰის ირანელ მოხელეს ვეზან ხორნაბუჯის ერისთავს, მოკლა იგი, დაიპყრო კამბეჩოვანი და თვითონ გამთავრდა.
წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.
თ. პაპუაშვილი