ვარდიძე შალვა (XIX ს. ბოლო, სოფ. არალი, ახალციხის მაზრა, – XX ს. 50-იანი წლები, ბეირუთი), სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი. თავდაპირველად მოღვაწეობდა პ. ხარისჭარაშვილის მიერ სტამბოლში დაარსებულ (XIX ს. 60-იანი წლები) ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან”, ხოლო 20-იანი წლებიდან – პარიზში დაარსებულ „თეთრი გიორგის” ორგანიზაციასთან. 1921-იდან დიდ დახმარებას უწევდა ქართ. ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს თურქებმა შეიპყრეს და გაასახლეს. შემდეგ მოღვაწეობდა ბეირუთში, სან-ჟოზეფის უნ-ტში, სადაც არაბულ ენაზე გამოსცა 2 ბროშურა საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სტამბოლში გამოსცა ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი „ქართველები კონსტანტინეპოლში” და რ. ჟანენის წიგნი „ქართველები იერუსალიმში” (ორივე – 1921). მისი შრომები სისტემატურად იბეჭდებოდა უცხ. ჟურნალ-გაზეთებში. გარდა მეცნ. ნაშრომებისა, ვ-ს ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები: „ჩემი ლოცვა” (1950), „წმინდა ნინოს” (1951).
თხზ.: სტამბოლის მონასტერი და რაფიელ ინგილო, გაზ. «დამოუკიდებელი საქართველო», პარიზი, 1931, №63 –64; ლიბანში აღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ, «ბედი ქართლისა», პარიზი, 1954, №17; ხმა ლიბანის ობოლ კედართა მაღნარიდან, იქვე, 1955, №19; Un court aperçu historique sur le monastère géorgien de la Sainte Croix à Jérusalem, P., 1932.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ბოლოსიტყვა წიგნისა: ევგენი დალეჯიო დ’ ალესიო, ქართველები კონსტანტინოპოლში, თბ., 1990.
გ. შარაძე